ბალტიისპირეთის ქვეყნების ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

დღეს, გამთენიისას, ლიეტუვიდან დაბრუნდა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები, რომელიც ვილნიუსში გამართულ ბალტიისპირეთის ქვეყნების ოლიმპიადაში (BOI’2024) მონაწილეობდა. ბავშვებმა წარმატებით იასპარეზეს და 4 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ტრადიციულად, ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ოთხივე მათგანი მედლებით დაგვიბრუნდა: 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ვერცხლის მედლები ირაკლი სულამანიძემ და ნინო ჩხაიძემ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლები კი დებიუტანტებმა საბა ფერაძემ და დავით ძაძამიამ (ოთხივე მათგანი კომაროვის სკოლის მოსწავლე და მზიურის აღსაზრდელი არის). გუნდს ამჯერად ახალგაზრდა მწვრთნელები, თვითონ ყოფილი ოლიმპიელები დავით მემარნიშვილი და ლუკა მელაძე ახლდნენ.

ვულოცავ მთლიან გუნდს და ვულოცავ ყველას ამ კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ოლიმპიადა გველის ევროპის და მსოფლიო დონეზე და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი გამარჯვებით გავახარებთ ჩვენს ქვყანას“, –  წერს გიორგი მანდარია.