ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეც ისეთივე შედეგით დასრულდა, როგორც ეს ჩემპიონატის დებიუტში იყო. საქართველოს  ყულაბას კიდევ ერთი ოქროს და ბრინჯაოს მედალი შეემატა.

ჰიმნი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ააჟღერა. მომავალი ჩემპიონი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა ფრანგ, სერბ და უნგრელ მოწინააღმდეგეებთან. გრიგალაშვილს 44 წამი დასჭირდა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტთან გასამარჯვებლად და ევროპის ჩემპიონატის მესამე ოქროს მედლის მოსაპოვებლად.

ევროპის ჩემპიონატების მეხუთე მედლით შეავსო კოლექცია ოლიმპიური თამაშების სამივე ხარიხის მედლის მფლობელმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ).

საქართველოს ნაკრების ყველაზე გამოცდილ წევრს ფინალისკენ მიმავალი გზა მეოთხედფინალში, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან სამი გაფრთხილების გამო  წაგებით ჩაეკეტა, თუმცა მესამე ადგილისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მიეცა.

ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს ნახევარფინალში ბულგარელი მარკ ხრისტოვი ვაზარით დაამარცხა, მოლდაველ ადილ ოსმანოვთან მედლისთვის შეხვედრაში კი საქმე ოქროს ქულამდე და გამარჯვებამდე მიიყვანა.

ამავე წონაში იასპარეზა გიორგი ჩიხელიძემ, მაგრამ ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა. ასევე ადრევე დაასრულეს გამოსვლა ქალთა ნაკრების წევრებმა – ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ), მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) და ნინო გულბანმა (70 კგ).

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა იზეიმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ), ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.