მეგი ქარცივაძემ ფულბრაითის მკვლევართა სტიპენდია მოიპოვა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და ამჟამად უკვე მოწვეულმა ლექტორმა, მეგი ქარცივაძემ ფულბრაითის მკვლევართა სტიპენდია მოიპოვა Harvard University-ს დეივისის ცენტრში კვლევითი ვიზიტისთვის. სტიპენდია სრულად დაფარავს ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგის ვიზიტისა და ცხოვრების ხარჯებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კვლევითი ვიზიტის ფარგლებში, Harvard University-ში დაცულ საბჭოთა და რუსულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მეგი გააგრძელებს საკუთარ სადოქტორო ნაშრომზე მუშაობას, რომელსაც ამჟამად წერს University of Oxford-ში. მისი კვლევითი პროექტის სათაურია „სტალინის კულტი ქართულ ფერებში: სტალინური ისტორიის სახელმძღვანელოები, პრესა, მასკულტურა და ქართული სტალინიზმის წარმოშობა“.

აგრეთვე, მეგი გეგმავს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში 4-თვიანი ვიზიტის ფარგლებში, დეივისის ცენტრის აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობით, მოამზადოს საბჭოთა ისტორიისა და საარქივო კვლევის შესახებ ახალი საგნის სილაბუსი, რომლის სწავლებაც თავისუფალ უნივერსიტეტში მეგის საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგეგმება.