ზურაბ იაკობიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია

ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონია, ბექა ბუჯიაშვილმა და ვლადიმერ გამყრელიძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი, პირველი მედლები გათამაშდა.
ქართველმა ფალავნებმა ბუდაპეშტის ხალიჩაზე 3 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, საუკეთესო შედეგს მიაღწია 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობიშვილმა. 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში სომეხი არმან ანდრეასიანი 2-1 დაამარცხა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შემატეს ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ). ქართველი მოჭიდავეები ასევე მედლებისთვის იბრძოლებენ 30 მარტს. გენო პეტრიაშვილი მისთვის მეხუთე ევროპის ჩემპიონატის ფინალს იჭიდავებს, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს მირიან მაისურაძე (92 კგ).