,,ქართულ კვირასა“ და ასოციაცია ,,თვისტომს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

,,ქართულ კვირასა“ და ასოციაცია ,,თვისტომს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ასოციაციის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ჩხეიძემ.

,,თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია რიგი ღონისძიებები. მოხდება ინფორმაციების გაცვლა და განხორციელდება ერთობლივი აქტივობები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს მჭიდრო კავშირს ემიგრაციაში მყოფ ადამიანებთან,“- ამბობს ანა ჩანგიანი.

ასოციაცია “თვისტომი” 2003 წელს დაფუძნდა ნიუ-იორკში, როგორც ქართული სათვისტომო ორგანიზაცია. მისი მთავარი მიზანი არაორგანიზებული, გაბნეული დიასპორის ერთიან სათვისტომოდ ჩამოყალიბებაა. ასოციაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, იმიგრანტებს საკანონმდებლო და სამედიცინო სფეროში კონსულტაციებს უწევს. ასევე მის ბაზაზე არსებობს ,,თვისტომი მედია”, რომელშიც რადიო და ,,თვისტომი ტვ“ ერთიანდება.

ნიკოლოზ ჩხეიძე, ასოციაცია ,,თვისტომის“ დამფუძნებელი: ,,ამ თანამშრომლობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უამრავი იდეა, ინიციატივა და პროექტი გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად ვახორციელებთ  და ამ პროცესებში მედიის ჩართვას, საინფორმაციო მხარდაჭერას დიდი დატვირთვა აქვს. რაც უფრო ხშირად ვისაუბრებთ და მივმართავთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურადღებას ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისკენ, უფრო უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ეს მემორანდუმიც სწორად ამას ემსახურება. მოგვცემს საშუალებას უფრო აქტიური, მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ პროცესებზე, გავცვალოთ ინფორმაციები და მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს ყველაფერი ემიგრანტებისთვის.“