,,მთავარი,რასაც ამერიკა მაძლევს, დაუსრულებელი ძიებისა და ექსპერიმენტების პროცესია“- ქართველი მხატვრის ნიუ-იორკული წარმატება

,,უფრო მეტად დაპატარავდა სივრცე და გაიზარდა შესაძლებლობების შეგრძნება… ,,გავნულდი“ და თავიდან ავეწყე“ – მწერს ნიუ-იორკიდან თედო რეხვიაშვილი კითხვაზე, შეცვალა თუ არა ახალმა ცხოვრებამ მსოფლიო მეგაპოლისში.

ბევრს ხატავს, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება, მუდმივ ძიებაშია და ამბობს: ,,ისეთი ცოცხალი ვარ, როგორც არასდროს, ესაა ჩემი წარმატება, სხვა წარმატებას არ ვცნობ.“

ყველაზე მთავარი, რასაც ამერიკა აძლევს, დაუსრულებელი ძიებისა და ექსპერიმენტების პროცესია… ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის სტუდენტობამდე თბილისის სამხატვრო ათწლედი დაამთავრა, შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიის ბაკალავრი და მაგისტრატურა დაზგური გრაფიკის მიმართულებით. 6 წელი პედაგოგად იმუშავა, ახლა კი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებლის მაგისტრატურის სტუდენტია და წინ დიდი გეგმები აქვს…

თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში 2018 წლიდან სწავლობს, მონაწილეობს ამერიკულ გამოფენებში და მის ნახატებს ხელოვნების გავლენიანი კრიტიკოსები აფასებენ.

მოგვიყევი შენს შესახებ, გააცანი თედო რეხვიაშვილი მათ, ვინც ჯერ კიდევ არ გიცნობს.

– დავდივარ, ვსუნთქავ, ვსწავლობ, ვიმეცნებ საკუთარ თავს და ყველაფერს, რასაც გარშემო ვხედავ და ვპოულობ. ჩემი ერთადერთი აზარტი იმაშია, რომ ახალი გავიგო, განვიცადო… მიყვარს ფიქრი, დაკვირვება,  ხატვა, კითხვა, კინო და მუსიკა, ცხენებით ჯირითი, თხილამურებით სრიალი, ცურვა, ვარჯიში, სეირნობა, ბუნებაში უსაქმოდ ყოფნა…

როდის დაიწყე ხატვა?

  – ხატვა ძალიან პატარა ასაკში დავიწყე. ერთხელ დედა ჩამოვიდა სოფელში, ბავშვები ბებიასთან ვისვენებდით. ჩანთიდან საჩუქრების ამოლაგება რომ დაიწყო, გული მიცემდა მღელვარებით, სახატავი რვეული და ფლომასტერების შეკვრა რომ დავინახე, ეს იმხელა ბედნიერება იყო… მაშინვე გავარდი სახლის წინ, მორებზე დავჯექი, სოფლის ბავშვებიც იქვე თამაშობდნენ. ეს საღამო არასდროს დამავიწყდება, მოკრიალებული და ძალიან წითელი ცა, ზაფხულის მზე ჩადიოდა. ორღობეში საღამოს შინდაბრუნებული საქონელი მოძრაობდა დანაყრებული ნაბიჯებით. გვერდით სიცოცხლით სავსე თანატოლების ხმები ისმოდა, მომიცუცქდნენ და უყურებდნენ, როგორ ვხატავდი. ვხატავდი ყველაფერს, რასაც გარშემო ვხედავდი:  ღობეები, გზა, ძროხები, ბოსლები, სახლები, ბავშვები და უზარმაზარი ცა, ღრმა და ჩიტებიანი. იმ საღამოს პირველად შემიყვარდა იასამნისფერი, თუმცა თითქმის ვერასდროს ვეკარები. სხვა ფერებთან უფრო ვკონტაქტობ, აქტიურად ვიყენებ ნამუშევრებში..  მჯერა რომ ერთხელაც ვიპოვი ჩემს იასამნისფერს.

რა ჟანრში ხატვა გხდის ბედნიერს? ხშირად იცვლება შენი ხატვის სტილი?

–  ზოგადად ხელოვნება და მათ შორის მხატვრობაც იმდენად უსაზღვროა, უკიდეგანო თავისი არსით.. ის ყველაფერში და ყველგანაა, მხოლოდ ჩვენ გვჭირდება უნარი, რომ ეს აღმოვაჩინოთ, დავიჭიროთ და გადმოვცეთ. როგორ ვისაუბრო ჟანრებზე, კატეგორიებზე.. ასეთი კლასიფიცირება ჩემი საქმე არ არის და არც შემიძლია, ან ვინ იცის, რომელი ჟანრი სად იწყება და მთავრდება, სად შემოდის მეორე.. ამას წინათ მუზეუმში ვუყურებდი მონეს, მანეს, პისაროს, სეზანს, ვან-გოგს, გოგენს, მატისს, პიკასოს და ვფიქრობდი, ვინ დაყო ეს ყველაფერი ნაწილებად, როგორ შეიძლება მეთქი… მათ ნამუშევრებში ყველა მხატვრის პოვნა შეიძლება და ამ დროს ისინი სულ მცირე დეტალებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სასწაულიც ესაა, როგორ განსაკუთრებულად განიცდის თითოეული სამყაროს და როგორ იცვლება თანდათანობით ეს გრძელი გზა, როგორ იცვლება ლაქა, ხაზი, მონასმი ამ მთლიან სხეულში.. ისინი უბრალოდ ხატავდნენ, უყვარდათ და გრძნობდნენ, საკუთარი არსებები ამოჰქონდათ, ისე, როგორც იმ წამს გრძნობდნენ. ასე ვარჩიე დიდი ხელოვანების მაგალითზე ამეხსნა ის, რასაც ვფიქრობ, ამიტომ ვერც სტილს დავახასიათებ. დღეს უკვე აღარ ვიცი ეს როგორ ხდება.  ჩემთან დაკავშირებით შემიძლია ვილაპარაკო, თუ როგორ ვხედავ საკუთარ თავს და ჩემი შემოქმედებაც ზუსტად ისაა, რაც მე ვარ… ვიცვლები ყოველ წამს, შესაბამისად იცვლება ისიც, რაც ჩემი შექმნილია.

– შენთვის რა არის ხელოვნება, მხატვრობა?        

– ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ვუყურებდი ბავშვი როგორ ხატავდა ცხენს და მივხვდი, რომ ის მართლა ცხენს ხატავდაო.. ამ ფრაზაზე ორი დღე ვფიქრობდი და ამაში სასწაული შეიძლება იპოვო, რომელიც გადაგავსებს სიხარულით. მართლაც ბავშვი რომ უყურებს ცხენს და ცდილობს ის გადმოიტანოს ნახატად, ის არ მიყვება ცოდნით ცხენის ანატომიას, ფლოქვებს, კუნთოვან სისტემას, ძვლებს… ბავშვი ცხენს მთელი მისი არსით ხატავს. ჩვენ ფორმას დავხატავთ, ის კი ნამდვილ ცხენს ხატავს, რომ გააჩერო შუა ხატვის პროცესში და ჰკითხო რას ხატავო, დაუფიქრებლად გიპასუხებს, რომ ცხენს ხატავს, რადგან არცერთ მომენტში არ კარგავს საგნის თუ არსების შინაგან, ყოვლისმომცველ შეგრძნებას.  ხელოვნებაც არ იწყება და არ მთავრდება სადმე, ის ყველაფერშია არსის სახით.  განცდის საფუძველზე შემიძლია ვთქვა რისიც მჯერა, რომ ის დაგანახებს შიგნიდან, გვერდიდან, იმ მხრიდან, საიდანაც არასდროს დაგინახავს რაიმე და ამის შანსიც შეიძლებოდა არ გქონოდა. ხელოვნება ცვლის, თავდაყირა აყენებს. ხელოვნებამ შეიძლება შემოვლითი, აბსტრაქტული გზით საკითხის ან მატერიალური ფორმის სრული ანატომია დაგანახოს. ცნობილი თანამედროვე არტ-კრიტიკოსის ჯერი ზალტსის სიტყვებით, ხელოვნება კატას ჰგავს. აი, მაგალითად, ძაღლს რომ დავუძახებთ, მაშინვე მოვა ჩვენთან გულწრფელად და კუდის ქიცინით, ხოლო კატა შორიდან იტრიალებს, მიუხვ-მოუხვევს და თუ საჭიროდ ჩათვლის, შეგეხება. ეს კაცი ამბობს, რომ ხელოვნება კატას გავს და ხელოვანი ასე შემოვლით, არაპირდაპირი გზით,  სრულიად უცნობი ხერხით შეიძლება გეუბნებოდეს იმაზე მეტ სიმართლეს, ვიდრე საკუთარი თვალით და გონებით ხედავ და გჯერა რომ ხედავ. აზრი, განცდა და შეხება.. ჩემთვის ეს სამი პუნქტია ხელოვნება უსაზღვრო, კოსმოსურ სივრცეში.

ხელოვანი თვალებახვეულ ადამიანს ჰგავს უკიდეგანო მინდორში, სადაც ერთი ქოხი დგას, რომელშიც უნდა შევიდეს. ასე ეძებს, იტანჯება, იტანჯება და იტანჯება, და ეს ტანჯვაა მისთვის ყველაფერი, ქოხიც და სიხარულიც. ხელოვნება პროცესია მიღების და გაცემის, დუღილის და ამოფრქვევის, და  ეს ჩემთვის ყველაფერია.  ოდესღაც ამისთვის ვიცლიდი, ახლა მხოლოდ ამისთვის ვცხოვრობ. აღქმა, შეცნობა, შეგრძნება, გამოშვება და დაუსრულებელი გარდასახვის პროცესი, ამ ყველაფრის გარეშე მე აქ არაფერი მესაქმება…

– შენი ამბავი მსოფლიო მეგაპოლისში… შეგცვალა ნიუ-იორკმა და „ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიის“ სტუდენტობამ?  როგორია შენი ამერიკული შთაბეჭდილებები დღეს?   

– ბევრი რამ სრულიად ახალი ვნახე, ბევრი რამ სხვანაირად დავინახე, ვიდრე მანამდე… უფრო მეტად დაპატარავდა სივრცე და გაიზარდა შესაძლებლობების შეგრძნება. როცა აქ ჩამოვედი, მე ჩემი ნება ნაპოვნი და დამანგრევლად განცდილი მქონდა. ნიუ-იორკმა ამის ხარისხი გაზარდა, ხელახლა ,,გავნულდი“ და თავიდან ავეწყე… მე ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ყოველი წამი უკვდავი და ძლიერი გავხადო და დიდი ინერციით გადამისროლოს ახალი, უფრო ენერგიული და დენადი წამისკენ. რაც შეეხება სასწავლებელს, ჩავიხედე სრულიად უცნობ საკითხებშიც, კარგად შევისწავლე ზოგადად საგანმანათლებლო და სახელოვნებო სწავლების პრინციპები, მეთოდები და სტრუქტურა. აღარ ვსაუბრობ ხატვის, თეორიისა და შემოქმედებითი პრაქტიკის დისციპლინაზე, რაც აკადემიაში დამხვდა და შევითვისე. რაც შეეხება შთაბეჭდილებებს ამერიკაზე, ის კარგია, ძალიან კარგიც… ოღონდ რისთვისაც ამერიკა ასეთია, მე ის არ მყოფნის. სადაც არ უნდა ვიყო, მნიშვნელობა არ აქვს, აუცილებლად ვიპოვი ჩემს „გამოქვაბულს“.

– მოგვიყევი შენს წარმატებებზე ოკეანის მიღმა, რა შემოქმედებითი სიახლეები გაქვს…

– ბევრს ვფიქრობ,  სულ ვფიქრობ, ღამის განმავლობაში შეიძლება ათჯერ გამეღვიძოს იმ ფიქრებით, ახალი იდეით, რომელიც ნახატს ან ნაძიებ აზრს უკავშირდებოდა და ძილში ჩამყვა. ბევრს ვხატავ, ვცვლი ბევრ რამეს და ეს ცვლილებები მადუღებს, ერთ ეტაპზე ვერ ვჩერდები, მუდმივ ძიებაში ვარ, ისეთი ცოცხალი ვარ როგორც არასდროს, ესაა ჩემი წარმატება, სხვა წარმატებას არ ვცნობ.

– “არტისტები მშვიდობისთვის”- ამ პროექტის ანტისაოკუპაციო გზავნილებით, სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები გააერთიანე… როგორ შექმენი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდამჭერი პროექტი?

– ამ თემაზე ხშირად მიფიქრია მანამდეც, მაგრამ აქ ყოფნისას უცნაური და მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის თითქმის უცნობია, ბევრმა არც კი იცის საქართველოს შესახებ, როცა ჩემს წარმომავლობას ვახსენებ. ჩვენ კი, მუდმივ საოკუპაციო და საომარ რეჟიმს დავატარებთ ჩვენი ზურგით. სხვისი არ ვიცი, ჩემთვის კი ეს პრობლემაა, ელემენტარული და არსებითი, რომელიც გადასაჭრელია. აქ დამიკავშირდა საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ტატო ოქრუაშვილი და მკითხა, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩვენი ქვეყნისთვის იმ საშუალებებით რაც აქ გაგვაჩნდა, მოვიფიქრეთ ასეთი რამ, რომ გაგვეკეთებინა ანტისაოკუპაციო პროექტი ჩემი სასწავლებლის ბაზაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ ხელოვანებს ჩავრთავდით ჩვენის ქვეყნის მხარდასაჭერად, შესრულდა ნამუშევრებიც, ჩაიწერა ვიდეო მიმართვები და ჩატარდა გამოფენები, ჯერჯერობით ორ შტატში. მოკლედ რომ ვთქვა, გულით მოვინდომეთ და ამ მონდომებამ ახლოს გააცნო ჩვენი ქვეყანა ასეულობით ადამიანს, ისინი სხვებს აცნობენ. სამომავლოდ ამ ხელოვანებთან ურთიერთობები გაგრძელდება, ვგეგმავ, საქართველოში მათ მოწვევას შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კუთხით, და აუცილებელიცაა, რომ კარგად იცნობდნენ ჩვენს ქვეყანას. ისედაც, ეს პროექტი ემსახურებოდა მშვიდობას, სოლიდარობას და პროტესტს ნებისმიერი მილიტარისტური ქმედების წინააღმდეგ, ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, რაც ჯერ კიდევ მსოფლიო პრობლემად რჩება.

– სოთბის აუქციონზე რას გვეტყვი, როგორ მოხვდა შენი ნამუშევარი იქ და რა გამოცდილება იყო შენთვის?    

–  სოთბის აუქციონი ყოველწლიურად თანამშრომლობს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიასთან და ირჩევს საუკეთესო ნამუშევრებს სასწავლებლიდან, რომლებიც აუქციონზე და გამოფენაზე „Take Home a Nude” გამოიფინება სხვა არტისტთა ნამუშევრების გვერდით. იქ ბევრი კარგი მხატვარი, გამოცდილი და ცნობილი არტისტია წარმოდგენილი, რაც ჩემთვის ამ შემთხვევაში პატივიცაა, სიხარულიც და პრესტიჟიც, თუმცა ეს ყველაფერი შემოქმედებითი სიხარულისა და პროცესის გარე, დამატებითი ნაწილია და თავისი ადგილი უკავია. რაც შეეხება გამოცდილებას, ეს იყო კარგი და გამოსადეგი გამოცდილება, რომელმაც უფრო მეტად გამაცნობიერა საგალერეო და სააუქციონო პრინციპებში, მომცა საშუალება დამემყარებინა ახალი კონტაქტები.

– რა დროს ატარებ სახელოსნოში, როგორი გარემო გაქვს იქ შექმნილი, შეგიძლია გვამოგზაურო შორიდან?    

–  ძირითადად სახელოსნოში ვარ თუ ლექცია არ მაქვს. დარჩენილ დროს კი ვიყენებ კითხვისთვის, მუსიკის მოსასმენად და ფილმებისთვის. ხშირად ვსტუმრობ გალერეებსა და მუზეუმებს, ვეცნობი და ვიკვლევ არტისტებისა და კრიტიკოსების მოსაზრებებს, იდეებს, შეფასებებს. სახელოსნოში ყველა ის საკვანძო ნამუშევარი მაქვს განთავსებული, რომელზე დაკვირვებაც მახსენებს ეტაპებზე გადასვლას და მაძლევს საშუალებას, რომ ხელახლა დავფიქრდე ცვლილებებზე და გადავაფასო უკვე ნაფიქრი. ხშირად ხდება, რომ ხელმეორედ ვიწყებ პრობლემის სხვა გზით გადაჭრას. პარალელურად მუდმივად ვმუშაობ ახალ ნამუშევარზე. ფაქტობრივად, თითოეული მათგანი ექსპერიმენტია. ჩემი აქ ყოფნის პერიოდს ძიებისთვის ვიყენებ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ნიუ-იორკი მაძლევს, დაუსრულებელი ძიებისა და ექსპერიმენტების პროცესია.

– ხატვის დროს რას უსმენ ხოლმე? რამე გამორჩეული რიტუალი ხომ არ გაქვს მუშაობის პროცესში?     

 – ხატვის დროს ხშირად ვუსმენ კლასიკას და ალტერნატიულ ელექტრონულ კლასიკურ მუსიკას. მიყვარს სიმაღლიდან დიდ ხანს ყურება ცარიელ ტილოზე, რომელიც იატაკზე დევს. ძირითადად ყოველთვის იატაკზე ვმუშაობ, რაც თავდაპირველად განაპირობა გრაფიკული ტექნიკებით მუშაობამ და შესაბამისად, წყლის დიდი რაოდენობით მოხმარებამ, შემდეგ მივეჩვიე და ასე გამოიყურება ჩემი შემოქმედებითი პროცესი.

რა ხდება ყველაზე ხშირად შთაგონების წყარო? შეგიძლია დაახასიათო შენი საყვარელი ნამუშევრები?  

 – შთაგონების წყარო შეიძლება იყოს აზრი, იდეა და  ასევე ყველაფერი შეიძლება წყარო გახდეს. ნებისმიერი დეტალი, რასაც თვალს მოვკრავ, და რომელზე ფიქრიც ისეთ აზრის ხვეულამდე ან გრძნობამდე მიმიყვანს, რასაც ცნობიერ და ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ მიაღწევ. რაც დრო გადის, ჩემში უფრო მეტად იზრდება მსგავსი მეტაფიზიკური მდგომარეობის ინტერვალები. ეს პროცესი ისეთი რამეა, იმდენი სიახლისა და თავდავიწყების, სხვა კონდიციაში გადასვლის საშუალება და იქ, მიღმა ყოფნა, იქიდან დენადობა, ერთდროულად ჰაეროვანი და უმძიმესი, უწონადესი… ის პროცესია, რომლის გარეშეც ვგრძნობ, რომ არ ვარსებობ. ეს მდგომარეობა გახდა ჩემთვის ყველაფერი. საყვარელი ნამუშევრები არ მაქვს, არ ვიცი როგორ უნდა დავახასიათო, ნამუშევარი ხომ შედეგია, შედეგი უკვე წარსულია და მნიშვნელობაც აღარ აქვს.  მე შემოქმედებით პროცესზე მიყვარს ფიქრი და საუბარი. ამას რატომ ვამბობ იცით?! დარწმუნებული ვარ ვან-გოგს, ჯექსონ პოლოკს, ფრენსის ბეკონს და სხვა მეტაფიზიკურ მხატვრებს გაეცინებოდათ მათი იმწამინდელი დუღილის ფაქტობრიობის წლების შემდეგ, ასობით მილიონი დოლარის ღირებულებაზე. ეს ყველაფერი მართლაც ერთი უაზრო და სასაცილო თამაშია, გადაიხადო თანხა წარსულისთვის, რომლითაც შეგიძლია აწმყო შეცვალო, რათა „მოარტყა“ მომავალს.. თუმცა, ეს თანხაც უბრალოდ მდგომარეობის გამოცვლის საშუალებაა, სხვა მხრივ ის საერთოდ არაა საჭირო შემეცნებისთვის და შეგრძნებისთვის.

რა არის დღეს შენი ოცნება?   

–  დღეს ჩემი ოცნებაა, რომ ხვალ ასეთივე აღარ ვიყო, სხვა ყველაფერი ჩემს ნებაზეა დამოკიდებული.

გყავს გამორჩეულად საყვარელი მხატვარი? რას ისწავლიდი სიამოვნებით მისგან?

– მყავს გამორჩეულად საყვარელი ხელოვანები, რომლებიც მიყვარს მათი ექსპრესიულობის, დამანგრევლობის და აზროვნების ხარისხის გამო. ესენი არიან:  Anselm Kiefer, Gerhard Richter, Nicola Samori, Peter Doig, Franz Ackermann, Subodh Gupta, Anish Kapoor, Chiko Takei,  Ai Weiwei, Marlene Dumas, Frank Stella, Olafur Eliasson, Georg Baselitz, Ellen Gallagher, Mark Grotjahn, Sarah Lucas, Sarah Morris, Elizabeth Reyton, Wolfgang Tillmans, Maurizio Cattelan, Phillip Thomas, Shaun Downey, Philip Pearlstein. უფრო ძველი ხელოვანებიდან ძალიან მიყვარს ჯოტო,  და ვინჩი, ტინტორეტო, რემბრანდტი, გოია, ვან გოგი, მატისი, პიკასო, კირიკო, რენე მაგრიტი, ედუარდ ჰოპერი, პიტ მონდრიანი, ფრენსის ბეკონი.

ცხოვრებაში ვისგან ისწავლე ყველაზე მეტი?  

– ყველაზე მეტი ვისწავლე საკუთარი თავისგან, მარტო დარჩენილი მე-სგან, საკუთარი შეცდომებისგან, მძიმე პერიოდებისგან და აღმასვლებისგან. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომელთაგან მოცემული ძვირფასი გზები შეუფასებელია, ესენი არიან: დედა, ბაბუა, რამდენიმე უახლოესი მეგობარი და მეგობარი მასწავლებლები: თავდაპირველად იყო ზურა მაჭარაშვილი, ნოდარ მუმლაძე, შემდეგ გოგი წერეთელი, ნანა ცინცაძე. მათთან გატარებულმა ხანგრძლივმა პერიოდმა ჩემში უმნიშვნელოვანესი გარდაქმნები გამოიწვია. გავიხსენებ, რომ სამხატვრო აკადემიაში პირველი კურსის შემდეგ, სტაგნაციის და მძიმე შემოქმედებითი პერიოდი მქონდა, რაც ბევრი ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის მკაცრი აკადემიური სკოლის შემდეგ, სრულიად სხვა აკადემიურ სივრცეში მოხვედრით. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩემი ლექტორი გოგი წერეთელი, რომელმაც მაშინ ფაქტობრივად გადამარჩინა როგორც ხელოვანი, მან თავის მეუღლესთან ერთად ხელახლა და სულ სხვანაირად დამანახა ხელოვნების და მხატვრობის არსი. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა და ცნობიერებაზე დიდი გავლენა იქონია გია ეძგვერაძის შემოქმედებამ და თეორიამ, რომელმაც სულ სხვა მიმართულებით გამიხსნა აზროვნების არხები, საინტერესო იყო ხათუნა ხაბულიანთან სალექციო კურსი და ვატო წერეთელთან შემოქმედებითი საუბრები, დღესდღეობით, კი ნიუ-იორკში, შემიძლია ვთქვა, რომ ლექტორებიდან ყველაზე მეტად მადლობელი ვარ ალექსი ვორთსის, მიშელ ფენიაკისა და ჯონ ჯეიკობს მეიერის.

ერთ-ერთ ინტერვიუში მოსწავლეებზე საუბრისას აღნიშნავ: ,,ნიჭი, რომელიც გაქვს არ უნდა დარჩეს მხოლოდ შენში, ის აუცილებელად უნდა გადასცე და გაუზიარო საზოგადოებას“ ახლაც იცლი დამწყებებისთვის?

–  იცით, მგონია, რომ ძალიან რთული და საფრთხილოა ახალგაზრდა ადამიანს რაიმე ინფორმაცია მიაწოდო ისე, რომ ის არ გაყინო, როგორც შემოქმედი. ჩემს გამოცდილებაშიც, ჩემდა საბედნიეროდ ყოველთვის მყავდნენ ისეთი მასწავლებლები, რომელიც მუდმივად კითხვის ნიშანს ტოვებდნენ ჩემში და მაძლევდნენ აზროვნების საშუალებას. მე მქონდა ექვსწლიანი პედაგოგიური გამოცდილება ამერიკაში წამოსვლამდე და ჩვენ გვქონდა შექმნილი სივრცე, სადაც ყველას გვიხაროდა ყოფნა, სადაც ყველა თავისუფლებისთვის და თავისუფლად აზროვნებისთვის იყო მოსული, შემდეგ კი ხატვისა და სხვადასხვა შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის. ვთვლი, რომ თავი გავართვით და ის ახალგაზრდები კარგი ხელოვანები დადგებიან. მე დღესაც ვახერხებ მათთან კონსულტაციებს, და თუ რაიმე რჩევის მიცემა სჭირდება რომელიმეს, ყოველთვის მზად ვარ. მათი დამოუკიდებლად განვლილი და გასავლელი გზა მიყვარს და ჩემი ნაწილიცაა. საქართველოში დაბრუნებისთანავე, რისთვისაც დიდი დრო არ დამჭირდება, ვგეგმავ თანამედროვე ხელოვნების ცენტრების ჩამოყალიბებას არაჩვეულებრივ ახალგაზრდა პროფესიონალებთან თანამშრომლობით მოძიებული მატერიალური და ადამიანური რესურსების შესაბამისად და ეს აუცილებლად გაკეთდება.

,,მიზნის ბოლომდე აუცილებად მივდივარ, თუმცა ძალიან რთული გზით.“ როგორ ფიქრობ რა გეხმარება მიზნისკენ სწორ სვლაში?    

– პირველ რიგში ჩემი შეურიგებელი და შეურყეველი ნება, რომელიც მუდმივი კითხვის ნიშნის ქვეშ ბალანსდება. მეხმარება ინტუიცია, ძიების და ცვლილების მუდმივი პროცესი, რომელიც რთულ მდგომარეობაში მოქნილობის უნარში ერთიანდება, ასევე საკითხისა და გარემოების  შეფასების უნარი.

როგორ ფიქრობ, რატომ ტოვებს დღეს უამრავი ხელოვანი საქართველოს და რატომ მიუწევთ გული სხვაგან? რა უნდა გაკეთდეს, რომ ისინი სამშობლოს დაუბრუნდნენ?  

– უამრავი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესი ხელოვნების სფეროს მიმართ მცირეა. მარტივად რომ ვთქვათ გონიერება, განათლების დონე და  ეკონომიკური რესურსი არ გვყოფნის, რომ მოხდეს მსგავსი ტიპის ინტერესების გაჩენა ჩვენში. ამ ყველაფერს დრო ჭირდება, ჯერ ისევ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვართ, გაჭირვებული და ნახევრად დაპყრობილი ერი.  მე პირადად ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი ეზო დაალაგოს, რასაც ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაშიც ხელს უშლის დიდი ხნის მოძველებული და მანკიერი საბჭოთა აზროვნება – ცნობიერება,  დრო ჭირდება იმას, რომ ერი ზნეობრივად, სულიერად რაფინირდეს და საქმიანად დაიწყოს კოლექტიური მოქმედება საკუთარი მომავლისთვის. მანამდე კი, პარტიზანულ რეჟიმში მოუწევს ყველა შემდგარ პროფესიონალს საკუთარი ძალა და გამოცდილება მიაშველოს საზოგადოების ჯგუფებს, იქამდე, სანამ პრიორიტეტი არ გახდება ინდივიდი, თანასწორობა და საზოგადოებრივი ინტერესი. ზემოხსენებული ფაქტორების გამო ხელოვანებს საქართველოში არ გააჩნიათ არც მაღალი ხარისხის და დროსთან ადეკვატური განათლების მიღების რესურსი, არც შემოქმედებითი ბაზარი და უმთავრესი ფაქტორია ის, რომ საქართველოს ჩაკეტილი აქვს ეკონომიკური და კულტურული სისტემა, არ არსებობს ის გზები და კონტაქტები, რომლებიც განაპირობებს კულტრულ მიმოცვლასა და მოძრაობას გარესამყაროსთან, რაც განვითარებისა და არტ პროდუქტის გაზიარების საშუალებაა. აქედან გამომდინარე ხელოვანები და ზოგადად განვითარების მსურველი ადამიანები ტოვებენ სამშობლოს, რათა თავად მოძებნონ სასურველი საგანმანათლებლო და კულტურული სივრცე საზღვარგარეთ.

იმისთვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, ყოველდღიური შრომაა საჭირო სახელმწიფოსგანაც და საზოგადოებისგანაც, რომ ქვეყანა გამყარდეს და დასტაბილურდეს ეკონომიკურად, განახლდეს და გაჯანსაღდეს ინსტიტუციონალური სწავლების სისტემები სახელოვნებო სასწავლებლებში და პარალელურად გაიხსნას ხელოვნების ისეთი ცენტრები, რომლებიც აქტივობისა და ხარისხის ხარჯზე მიიქცევენ მსოფლიო ყურადღებას, რაც ახალი კულტურული და საბაზრო კავშირების დამყარების საშუალებას მოგვცემს.

სად ხედავ საკუთარ თავს მომავალში? 

– ყველგან, დაწყებული საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში, სადაც შემოქმედებითი და ცხოვრებისეული გზა მიმიყვანს…

 

                                                                      ანანო ლებანიძე