ქართველი მეცნიერი ლევან ტიელიძე ჟურნალ Remote Sensing-ის სპეციალური ნომრის რედაქტორად აირჩიეს

ქართველი მეცნიერი ლევან ტიელიძე ჟურნალ Remote Sensing-ის სპეციალური ნომრის რედაქტორად აირჩიეს. ჟურნალი აერთიანებს უახლეს კვლევებს სატელიტური მონაცემების, კლიმატის ცვლილების, მყინვარების, გარემოს მონიტორინგისა და გეოსივრცითი ტექნოლოგიების სფეროებში. ინფორმაციას თავად ლევან ტიელიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“ამირჩიეს რედაქტორად ჟურნალ Remote Sensing-ის სპეციალური ნომრისთვის, რომელიც ფოკუსირებულია მყინვარების დინამიკის მონიტორინგზე.
ჟურნალის ეს გამოშვება მიზნად ისახავს მთის მყინვარებისა და ანტარქტიკის მყინვარული ფარების ცვლილებების შესახებ უახლესი კვლევების გაერთიანებას დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის თანამგზავრული დაკვირვებების, უპილოტო საფრენი აპარატების კვლევების, ფოტოგრამეტრიის, ციფრული სამგანზომილებიანი მოდელების ანალიზისა და გეოსივრცითი მოდელირების ჩათვლით.
Remote Sensing ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალია (Q1) დისტანციური ზონდირების მიმართულებით, რომელიც ინდექსირებულია Web of Science-სა და Scopus-ში და გამოირჩევა მაღალი ციტირებით და საერთაშორისო ავტორიტეტით (5-Year IF: 4). ჟურნალი აერთიანებს უახლეს კვლევებს სატელიტური მონაცემების, კლიმატის ცვლილების, მყინვარების, გარემოს მონიტორინგისა და გეოსივრცითი ტექნოლოგიების სფეროებში”, – წერს ლევან ტიელიძე.