„იცოდე, რომ აქ მთავარი ხარ შენ!“- როცა ქალის გარეგნობასა და განწყობაზე ზრუნავენ

ბრიჯიტ ბარდო ამბობდა: „არ არსებობს იმაზე მძიმე სამუშაო, ვიდრე ლამაზად გამოიყურებოდე მთელი დღის განმავლობაში“. მისი გამონათქვამი გაცილებით რთული შესასრულებელი გახდა თანამედროვე ქალისთვის, როცა ცხოვრება გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე აყენებს. ამ დროს გამოსავალი სილამაზის სალონია, სადაც რთული დღეს მერე განვიტვირთებით და პროფესიონალი სტილისტი ჩვენს გარეგნობაზე იზრუნებს. სტილისტი ნათია ბასიშვილი არა მარტო უბნის ქალების გარეგნობაზე, მათი განწყობის შექმნაზეც ზრუნავს და ამას თავისი ხელნაკეთი ნივთებითაც ახერხებს.

– ნათია, პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი ხარ, როდის გადაწყვიტე, რომ სკოლა სილამაზის სალონზე გადაგეცვალა ანუ სტილისტი გამხდარიყავი?

– ეს გადაწყვეტილება ერთ მშვენიერ დღეს არ მიმიღია. პრინციპში, სტილისტობის სურვილი არასოდეს მქონია. თუმცა, ფაქტია, ეს საქმე ყოველთვის მეხერხებოდა, რადგან ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს მეზობლებს და ოჯახის წევრებს თმას ვჭრიდი და ისინიც კმაყოფილი იყვნენ.

– განსაკუთრებით რომელი „კლიენტი“ გამოთქვამდა კმაყოფილებას?

– დედა… რადგან ყველაზე კარგად დედის თმის ვარცხნილობა გამომდიოდა. მოგვიანებით იმდენად დავინტერესდი, რომ ერთ დღეს გადავწყვიტე ეს საქმე პროფესიონალისგან მესწავლა. მივედი თავისი საქმის მცოდნე ერთ გოგოსთან და თმის შეჭრის ხელოვნებას გულმოდგინედ დავეუფლე.

– ანუ პროფესიის შეცვლას არ ნანობ..

– ნამდვილად არ ვნანობ, რადგან ჩემი ხელობით ბევრ ადამიანს ვანიჭებ სიამოვნებას, რადგან გარეგნული იმიჯის შეცვლით მათ თავდაჯერებულობას ვმატებ. ცნობილია, რომ ქალის გარეგნობაში მთავარი ფაქტორებია: ჩაცმის სტილი, სწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა და მაკიაჟი. თუკი, ეს სამი ფაქტორი მოგვარებულია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. ვარცხნილობაზე მე ვზრუნავ. როდესაც ისინი საბოლოო შედეგს ხედავენ სარკეში, მათი კმაყოფილი ღიმილი ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ვარცხნილობის სტილ შერჩევის დროს რას ითვალისწინებ?

– ამ დროს ბევრი რამაა გასათვალისწინებელი: სახის ფორმა, ქალის ასაკი, თმის სტრუქტურა, ვარცხნილობის შერჩევაც ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ჩემთან ხშირად მოდიან გოგოები, რომლებმაც არ იციან ზუსტად რა უნდათ, მაგრამ ვატყობ, რომ უბრალოდ, ცუდ ხასიათზე არიან და სალონში მოსვლით განტვირთვა უნდათ. ამ დროს სტილისტი სულ ცოტათი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. თბილი სიტყვები და ლამაზი ვარცხნილობა ხომ ყველაზე დიდი განტვირთვაა?!.

ვრცელდება თუ არა მოდა ვარცხნილობაზე  და დღეს რა არის აქტუალური

– საერთოდ, არსებობს ვარცხნილობა, რომელიც ამა თუ იმ დროს უფრო აქტუალურია და ყველას სურს, რომ ჰქონდეს. კარგა ხანი მოდაშია – ბობ კარე, კარე. ბობ-კარე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ტრენდული ვარცხნილობაა, რომელიც ნებისმიერი ტიპის თმას მარტივად ერგება. რაც შეეხება, ფერს, დღემდე უყვართ და იკეთებენ მელირებას. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ხშირი ღებვა თმას აზიანებს.

სწორედ ახლა მივედით კითხვამდე, რომელიც ყველას აწუხებს: როგორ მოვუაროთ თმას?

– არ მიყვარს როცა თმას უდიერად ექცევიან, მას უყვარს მოვლა, საჭიროებს სწორ დაბანას, სწორად შერჩეულ დასაბან პროდუქციას: შამპუნს, ბალზამს, ნიღაბს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს საღებავს. ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა ტიპის თმა გვაქვს, რომ შესაბამისი ფირმის საღებავი შევარჩიოთ.

შენი სალონის დიზაინი შენი ხელნაკეთი ნივთებითაა გაწყობილი…

– მართალია, ხატვა არ მეხერხება, მაგრამ სხვადასხვა ნივთებს სიამოვნებით ვამზადებ. ჭერში ჩამაგრებული პეპლები იმის ნიშანია, რომ ზოგჯერ პეპელასავით უნდა ავმსუბუქდეთ და ვიფრინოთ. ვამზადებ სუვენირებსაც. აღმოვაჩინე ერთი სასწაული გოგო, რომელმაც შემასწავლა ეპოქსიდზე მუშაობა. ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის სუვენირები მაქვს ქართულ თემატიკაზე. სალონის კედელზე ხის მასალისგან დამზადებული საქართველოს სრულყოფილი რუკის ფორმის საათია.

–  სარკეებზე სლოგანი გაქვს მიწერილი?

– სლოგანი, დევიზი: ერთ-ერთია: იცოდე, რომ აქ მთავარი ხარ შენ!

– ანუ კლიენტების პოზიტიურ განწყობაზეც ზრუნავ?

– ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, რომ აქ მოსვლა ყველას უხაროდეს. პოზიტიურ სიტყვებსა და განწყობას არც ისინი მაკლებენ, ანუ ჩემ შემთხვევაში, ასეთი დამოკიდებულება ორმხრივია, ამიტომ ბედნიერებაა, როცა გაცემულ სითბოს – მათი მხრიდანაც იგივე მოჰყვება. მინდა, ყველას ვუსურვო ბედნიერი ცხოვრება, ყოველდღიური მიზეზი სიხარულისთვის და რაც მთავარია, თავდაჯერებულობა – გახსოვდეთ, რომ მთავარი – თქვენ ხართ! და არა მარტო სალონში…

თეონა გოგნიაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები