საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია – Norwegian Air Sweden შემოდის
“2026 წლის ივნისიდან, თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი – კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით”,- ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი – Norwegian Air Sweden შეასრულებს.
“სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო, 15 აგვისტოდან – ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.
კოპენჰაგენი – თბილისი – კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებისკენ”, – წერია ინფორმაციაში.