ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Paris 2026” ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი მონაწილეობდა
პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Paris 2026”, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი: „ანაპეა“, „შერმას საოჯახო მეღვინეობა“, „ანდრიას ღვინო“, „გოცას ღვინო“, „ართანა“, „გონჯების ღვინო“, „ბაცაშვილის ღვინის გალერეა“, „მანავი ვაინსი“ და „მეღვინეობა თილისმა“ მონაწილეობდა.
„RAW Wine” ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
“მიმდინარე წელს, პარიზის გამოფენაზე 16 ქვეყნის 200-მდე ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.
გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო. გამოფენას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე კოკაია და კონსული რუსუდან დიდებულიძე დაესწრნენ. „RAW Wine“-ზე ღვინის წარსადგენად, ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს”, – ნათქვამის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2026 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები „RAW Wine“-ის გამოფენებში სხვადასხვა ქვეყანაში მიიღებენ მონაწილეობას.