20-25 წლის გამორჩეული რესპონდენტების ამბები, ძვირფასი მოგონებები და ემოციური მომენტები
“ამბობენ, ცხოვრება ის არის, რაც გახსოვსო“ – ამიტომ წლის ბოლოს ასეთ, დამახსოვრებულ ამბებს ვიხსენებთ ხოლმე. ისინი ჩვენს ცხოვრებას არსით, სილამაზითა და იმ იმედით ავსებს, რომ მომავალი წელი უფრო ბედნიერი და წარმატებული იქნება. ჩვენი რესპონდენტების მასალებიდან სწორედ ასეთი მომენტები ამოვკრიბეთ.
სამყაროსგან მიღებული საჩუქრის წყალობით ერთხელ „საშობაო ზღაპარში“ აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ, მკითხველმა, ნინო ჭიქაშუას მეტროში დაწერილი ლექსების ამბავი შეიტყო.
ნინო ჭიქაშუა: „მადლობა სამყაროს, რომელიც ხშირად მანებივრებს. ერთი დიდი და მოულოდნელი საჩუქარი სამყაროსგან რაც მივიღე, იყო ვირტუალურ სივრცეში სრულიად შემთხვევითი შეხვედრა ბატონ ალექსანდრე ელერდაშვილთან, ჩემი „ბადეს მოყოლილი ლექსის“ წყალობით. ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და პოეტი, ბატონი საშა ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ბავშვობის ოცნების კეთილად ახდენის უცვლელ და განუმეორებელ პერსონაჟად იქცა. თავი საშობაო ზღაპარში მეგონა, როცა აღმოვაჩინე, რომ ვიყავი წევრი „ლიტერატურულ მთარგმნელთა კლუბისა,“ სადაც ბევრ სხვა, მეტად გამოცდილ მთარგმნელთან და ლიტერატურათმცოდნესთან ერთად, სხვადასხვა ენიდან არაერთი ლექსის თარგმნა მომიხდა.“

პროფესიით მსახიობი საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ოსტატი ქალია, რომელიც უძველეს ქართულ დასარტყამ საკრავს დიპლიპიტოს პროფესიონალურ დონეზე ამზადებს. მისი სახელი და გვარი შეიტანეს ეროვნულ საარქივო ფონდში და კულტურის სამინისტროს კატალოგში „სუვენირები საქართველოდან“. მისი საქმიანობა აღნიშნულია საერთაშორისო კრებულში „ქალთა როლი იუნესკოს მიერ აღიარებულ ევროპულ ტრადიციულ სასიმღერო პრაქტიკებში.”
ფატი თურმანიძე: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რომელიმე საკრავს დავამზადებდი. თუმცა, როდესაც ჩემს წინაპრებს ვიხსენებ, „გენეტიკური მეხსიერების“ არსებობაში უფრო ვრწმუნდები. მამაჩემი, ზურაბ თურმანიძე, ბაბუას მიერ დაარსებულ გუნდში მღეროდა. წლების შემდეგ, თუთის ხისგან, ისე, რომ არსად უსწავლია, დამოუკიდებლად დაამზადა ფანდური, რომელსაც საოცარი ჟღერადობა ჰქონდა. მომავალში ვაპირებ, რომ მოსწავლეები ავიყვანო. ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდებიან ის ახალგაზრდები, ვისაც მოუნდება ამ საქმიანობის შესწავლა და ჩემს მიზანს ბოლომდე მივიყვან.“
პროფესიით ინჟინერ-მშენებელი დღეს ცნობილია, როგორც მხატვარი, რომელიც პოპ–არტის სტილში მუშაობს. ხატავს პასტელით და ფანქრითაც, წერს ხატებს. უჩვეულო ხელწერის გამო მისი ნამუშევრები ბევრისგან განსხვავებულია. ჩვენთან საუბარში ბიძის ამბავი გაიხსენა:
ალექსანდრე ბუზარიაშვილი: „ჩემი ყველაზე დაუვიწყარი ამბები ბიძის, ბიძინა ავალიშვილის სახელოსნოს უკავშირდება. ის კავსაძის ქუჩაზე მდებარეობდა. იმ ქუჩაზე სახელოსნო თითქმის ყველა ცნობილ მხატვარს ჰქონდა. მახსოვს, ხშირად ვხვდებოდი აპოლონ ქუთათელაძეს, რომლის ბიჭთანაც ვმეგობრობდი. მის გვერდით სახელოსნო გივი ყანდარელს ჰქონდა. მის შვილებსაც კარგად ვიცნობდი. ბედნიერებაა, რომ იმ დროის თბილისში ბევრ გამორჩეულ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. მახსენდება მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა მქონდა, ერთხელ დახატულიც მყავს. მისი მეგობრის, კოლია ონიანის სახლში ხშირად იყო თამადა. იმ დროის თბილისში კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდებოდი და კარგ ამბებსაც ვიგებდი. ხშირად ვფიქრობ, რომ მათი სახეები ჩემს ნახატებში აუცილებლად უნდა გავაცოცხლო.“
უკვე ბევრჯერ დარწმუნდა, რომ მის ხელნაკეთ თოჯინებთან შეხება ადამიანებს მართლა აბედნიერებს, ამიტომაც ხელოვანი მათ „ღიმილის ჯადოქრებს“ ეძახის.
ლალი ზამუკაშვილი: „ერთხელ თოჯინა ქუთაისში დამკვეთთან, რატომღაც სამარშრუტო ტაქსით უნდა გამეგზავნა. სადგურზე რომ მივედი მძღოლი მოვიკითხე. შუბლშეკრული, შუახანს გადაცილებული, მაღალი მამაკაცი აღმოჩნდა გადაღლილი სახით. უხალისოდ, ნაძალადევად მკითხა: რა არის წასაღებიო? ამოვიღე და ციცქნა, თმა გაწეწილი მოღიმარი თოჯინა ვაჩვენე. ის მომენტი ალბათ არასოდეს დამავიწყდება და იმ შთაბეჭდილებიდანაც ვერასდროს გამოვალ. თოჯინის დანახვაზე იმ კაცს ისე გაებადრა სახე, თითქოს ცა გაიხსნაო. ამხელა კაცი ჩემს თვალწინ უცებ ბავშვად იქცა და თვალებში ვარსკვლავები აუციმციმდა. მოკლედ, სრულიად გარდაისახა ჩემს თვალწინ. იმ დღიდან ჩემს თოჯინებს „ღიმილის ჯადოქრები“ დავარქვი. შეუძლებელია მათ შეხედო, შეეხო და ბავშვივით არ გაბედნიერდე. მუშაობის პროცესში ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი იმაზე, რომ თოჯინებს ვუღიმი, ველაპარაკები და ვეფერები“…
ამ მუსიკოსმა შეძლო და თავისი მუსიკით იაპონური პუბლიკა მოხიბლა, კოლეგებისთვის სასურველი პიროვნება გახდა, სტუდენტებისთვის კი –საყვარელი ლექტორი. წლებია, მევიოლინე, დირიჟორი, პედაგოგი და კონცერტმაისტერი კიოტოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგი და კონცერტმაისტერია.
გიორგი ბაბუაძე: „ამ ქვეყანაში 1996 წელს ჩამოვედი. კონტრაქტის მიხედვით ორკესტრის კონცერტმაისტერი ვიყავი. მაშინ სამნი ჩამოვედით: ვიოლონჩელისტი გია ხეოშვილი და ალტისტი ზაზა გოგუა, რომელიც იაპონიაში წარმატებით მოღვაწეობს. სამწუხაროდ გია ხეოშვილი გარდაიცვალა. გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში ჩემი შემოქმედებითი აქტივობის განვითარებისთვის მართლაც დიდი დრო დამჭირდა. ზაზასა და ორ მუსიკოსთან ერთად, კონცერტებს კვარტეტ „თბილისის” სახელით ვატარებდით. ძირითადად ქართულ მუსიკას ვასრულებდით. რამდენიმე წლის წინ სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებით პირველი CD ჩავწერეთ. დიახ, წელს, 7 დეკემბერს, Keihanna Hall-ში, ჩემი დირიჟორობით Keihanna Philharmonic-ის კონცერტი ჩატარდება. ჩემი უდიდესი სურვილი ყოველთვის იყო, რომ ეს გზა უფრო ინტენსიურად ჩემს სამშობლოში გამევლო“.
19 წელია, რაც ეს მსახიობი და რეჟისორი ამერიკაშია, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით შეძლო და არ გადა-სხვა-ფერდა, პრიორიტეტებიც არ შეეცვალა და წლებია, თავის საყვარელ საქმეს ემსახურება. თანაც, მიუხედავად სიძნელეებისა, ისევ პოზიტიურ ადამიანად დარჩა.
ცუცა კაპანაძე: ნამდვილად ვთვლი, რომ ადამიანებს ასაკი მხოლოდ ციფრებით გვემატება! მე შევძელი და დავრჩი ბავშვი, რომელიც „დიდობანას“ თამაშობს. ჩავიხედოთ ჩვენს გულში და მივხვდებით, რომ ალბათ, ყველა ასე ვართ. უბრალოდ, მერე ჩვენს ცხოვრებაში სხვა პასუხისმგებლობები ჩნდება ხოლმე. ყველაზე კარგია, თუკი გულით დარჩები დიდი, კეთილი ბავშვი. თუკი გულით ისევ ბავშვი რჩები, ცხოვრებაც უფრო ლამაზია და ყველანაირად ცდილობ, რომ ადამიანებს სიკეთე გაუკეთო. როცა სიკეთეს აკეთებ მაშინ შენც ბედნიერი ხარ, რადგან შეძელი და ვიღაც გააბედნიერე. რადგან მე ისევ ბავშვობაში ვარ, ძალიან მინდა, რომ ერთ ახალ წელს ლაპლანდიაში წავიდე და სანტასა და ელფებთან ერთად ვიმოგზაურო. ამას წელს ვერ ვახერხებ, მაგრამ ჩავიფიქრებ, რომ მომავალ წელს აუცილებლად წავიდე.“
წელს, ამ ქართველი კინორეჟისორის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი “ანა“, რომელიც პარატაეკვანდოისტ, ანა ჯაფარიძეზეა, მილანის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის 2025 წლის გამარჯვებული და პრიზიორი გახდა. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი მილანელმა მაყურებელმა ცხრა ოქტომბერს, “Palazzo Lombardia”-ში იხილა.
გოგი თორაძე: „გამარჯვების სურვილი სულ მაქვს, მაგრამ ამას ყოველთვის ღმერთი და კომპეტენტური ჟიური წყვეტს. ფინალში გასვლას კი ველოდი. ჩემი ყველა ფილმის პრემიერის დროს, როგორც ემოციური ადამიანი, ბუნებრივია, ძალიან ვღელავ ხოლმე. მით უმეტეს როცა პრემიერა იმართება უცხოეთში, სადაც ქვეყნის იმიჯის შექმნა მნიშვნელოვანი საქმეა. ამიტომ ფესტივალზე გამარჯვება ეს საქართველოს გამარჯვებაცაა, რაც თავისთავად დიდი ბედნიერებაა.“
ლაშა გოგნიაშვილი თეატრალურ ხელოვნებაში გამორჩეული ხელწერის რეჟისორია. მისი სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე წარმატებით იდგმება. რეჟისორისთვის წლის ბოლოც ასევე გამორჩეული და განსაკუთრებული იყო.
რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი: ეს წელი გამორჩეული იყო ჩემთვის, ჯერ მარტო დეკემბერში სამი პრემიერა მქონდა. თითოეული განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო.
ჯერ იყო და ჩემმა დაარსებულმა “თეატრალმა” დაარსებიდან 30 წელი აღნიშნა. მერე წარმატებული პრემიერა სპექტაკლისა “თოვლის დედოფალი“, რომელიც ვახტანგ სარალიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ამას გარდა, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შედგა სპექტაკლის “როცა იხსნება თეატრის ფარდა” პრემიერა .
ეს ყველაფერი მსახიობებისა და ჩემი, როგორც რეჟისორის ერთობლივი დიდი შრომის, რწმენისა და სიყვარულის შედეგი იყო. ყველას გილოცავთ დამდეგ წელს და შემოქმედებით გამარჯვებებს გისურვებთ მაყურებელთან ერთად, რომელიც ჩვენი ყველა წარმატების თანამონაწილეა.
თეონა გოგნიაშვილი