ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსის აღდგენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს
გერმანიაში საქართველოს ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, საბინე ქუნსტს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს განათლების სფეროში და აღნიშნეს ის ისტორიული კავშირები, რომლებიც საქართველოს და გერმანიას შორის არსებობს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრის მიზანს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტს და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეს შორის ურთიერთობების გაღრმავება და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, კონკრეტული გეგმების დასახვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე განიხილეს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ქართველი დოქტორანდებისთვის და პოსტდოკებისთვის მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტების მიზნით, ორმხრივი ჩარჩოს შექმნის და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსის აღდგენის შესაძლებლობები.