საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია
ინდონეზიაში გამართულ პარაფარიკაობის მსოფლიოს თასზე საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში, ხმლით ფარიკაობის ფინალში, ტაილანდის ნაკრებთან შეხვედრა ანგარიშით 14:20 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველომ ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა. ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა პარამოფარიკავეებმა სამი მედალი მოიპოვეს. A კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ. ჩემპიონობა ნინა თიბილაშვილმა იზეიმა, ხოლო ვიცე-ჩემპიონი გვანცა ზადიშვილი გახდა. B კატეგორიაში კი ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება რაპირით ასპარეზობას – აქ ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.