ქართველი მსაჯები და კომისარი ჯამში ევროპის 10 ასაკობრივ ჩემპიონატს მოემსახურებიან
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისთვის და კომისრისთვის ცხელი ზაფხული იწყება. ტრადიციულად, ფიბა-ს ლიცენზიის მქონე არბიტრები დატვირთულები არიან და გამონაკლისი არც მიმდინარე ზაფხულია. ფიბა-ს ორგანიზებით ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები ჩატარდება როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა შორის, რომელთა 9 ტურნირს 3 ქართველი არბიტრი მოემსახურება, ხოლო ერთსაც – ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი.
“მიხეილ ვართანოვი 4-13 ივლისს 18 წლამდე გოგონათა B დივიზიონს მოემსახურება. ამის გარდა მიშას 18 წლამდე ვაჟთა B დივიზიონსა და 16-წლამდელთა A დივიზიონში მსაჯობა მოუწევს. ეს უკანასკნელი ტურნირი, მოგეხსენებათ, თბილისში გაიმართება.
3 ტურნირს ემსახურება კირილე თვაურიც და სწორედ ისაა ერთადერთი ჩვენიანი, რომელიც ამ ზაფხულს ორ A დივიზიონს მოემსახურება. ეს გახლავთ 18 წლამდე ვაჟთა და 16 წლამდე გოგონათა A დივიზიონები, შესაბამისად სერბეთსა და რუმინეთში.
მარინა შალამბერიძეს სამივე ჯერზე თანასქესელთა ტურნირებზე მოუწევს მუშაობა – 16 და 18 წლამდე გოგონათა C და 20-წლამდელთა B დივიზიონები.
ფიბა-ს კომისარი მერაბ რატიშვილი წლევანდელი ასაკობრივი ჩემპიონატებიდან სერბეთში, 26 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილ 18 წლამდე ვაჟთა A დივიზიონში იმუშავებს“, – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.