ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდზე 10 კომპანია იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show, 10 ქართული კომპანია: „ნათსჯი“, „კულა“, „არომაპროდაქტი“, „მაისი 2020“, „კამპა“, „ველინგტონი“, „ქარელის ხილი“, „კოოპერატივი რუისპირი – მეღვინეობა იყალთო“, „აჩინებული“ და „გრინ გოლდი“ იყო წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართულმა კომპანიებმა გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს.
როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების მოძიების და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით.
გამოფენაში, რომელიც 20-21 მაისს გაიმართა, მონაწილეობას იღებდა 3,100-ზე მეტი კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.