ლევან ფანცულაიამ და თორნიკე სანიკიძემ ინდოეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა – ლევან ფანცულაიამ და თორნიკე სანიკიძემ — დიდი წარმატებით იასპარეზეს ინდოეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში.
ქართველმა დიდოსტატებმა 11 შესაძლებელი ქულიდან 9.5 ქულა დააგროვეს და პირველ-მესამე ადგილები ინდოელ დიდოსტატ ანანდ პრანავთან ერთად გაიყვეს. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ფანცულაიამ ტურნირზე პირველი, ხოლო სანიკიძემ მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირი განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა — ასპარეზობაში 11 ქვეყნის 506 მოჭადრაკე მონაწილეობდა.