დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გამოფენა გაიხსნა

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გამოფენა „კოლხური კულტურიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე“ გაიხსნა. გამოფენა მუზეუმში დაცულ არქეოლოგიურ, ნუმიზმატიკურ და ბონისტიკურ მასალას მოიცავს.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სამეგრელოს, ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა არტეფაქტები, როგორიცაა, ბრინჯაოს ცხენოსანი ქალის ქანდაკებები, ზოომორფული ფიგურები, ზარაკები, კოლხური ცულები, სხვადასხვა პერიოდის დანები, ისრის პირები, შუბის პირები, მძივები, დადიანების ბოტანიკურ ბაღში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და სხვა.

ნუმიზმატიკურ ნაწილში გამოიფინა კოლხური თეთრები, სხვადასხვა პერიოდის ქართული ნუმიზმატიკური მასალა, ბიზანტიური და ევროპული მონეტები და XIX საუკუნის ქართული ფული, ქართული თეთრი.

ბონისტიკურ ნაწილში დამთვალიერებელი იხილავს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის ფულად ერთეულებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.) ქართულ ბონებს.

გამოფენა ასევე მოიცავს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მდებარე, სამთავრობო და ჯვარედინი სასახლეების არეალში აღმოჩენილ, XIX  საუკუნის 40-50-იანი წლების ფაიფურისა და ფაიანსის ევროპული წარმოების ჩინური მინაბაძის ჭურჭელს.

გამოფენა 2025 წლის 30 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები