წარმატებული მწერლის „მთელი ჰექტარი სამოთხე“ და „სიყვარული, რომელიც გათენებებით იზომება“

ჩვენი დღევანდელი მასალის გმირი პროფესიით თეატრმცოდნე გიორგი გამსახურდიაა, მაგრამ დღეს ისე იცნობენ როგორც წარმატებულ დრამატურგსა და მწერალს. მისი პიესები არა ერთი ქვეყნის სცენაზე წარმატებით დაიდგა. მწერლის მოთხრობები საქართველოს გარდა დაბეჭდილი და გამოცემულია: ამერიკაში, რუსეთში, ფინეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

დღეს, მწერლის ალღოსა და ფანტაზიას ტურისტულ ბიზნესში იყენებს. როგორც თავად გვითხრა, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის საქართველოს თემაზე დადგმულ „წარმოდგენებს“ მართავს.

– ბატონო გიორგი, გამსახურდიას გვარი თქვენი სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისში პასუხისმგებლობა უფრო იყო თუ სტიმული?

– ალბათ ერთიც და მეორეც ერთად. მამა ძალიან ამაყობდა ჩვენი ფესვებით. ის თეატრალური რეჟისორი და პედაგოგი,  შემდგომში ბევრი ცნობილი მსახიობის აღმზრდელი იყო. მისი სახით ცხოვრებაში ცოცხალი, საუკეთესო მაგალითი მყავდა.

– რომელი იყო პროზაული ნაწარმოები, რომელმაც წარმატება მოგიტანათ და როგორც მწერალს თავდაჯერება შეგმატათ?

– თავიდან პიესებით დავიწყე, ჩემი სამივე პიესა თეატრის სცენაზე დაიდგა. მათგან ყველაზე დიდი წარმატება პიესას „მუნჯის სიზმარი“ ხვდა წილად. იგი მარჯანიშვილის თეატრში, სოხუმში და ამერიკაში, ბრედლის უნივერსიტეტის სცენაზე დაიდგა. ამის მერე დიდხანს არაფერი დამიწერია და როგორც ჩანს, დრამატურგიას საბოლოოდ დავემშვიდობე.

– დრამატურგიას დაემშვიდობეთ და პროზაში გადაინაცვლეთ…

ჩემი პირველივე პროზაული ნაწარმოები „ყველა, ერთის გარდა“ სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებული გახდა და რამდენიმე ქვეყანაში დაიბეჭდა. ეს ფაქტი ჩემთვის ახალი ეტაპის დაწყების სტიმული გახდა.

– უფრო ხშირად რა ჟანრში წერდით?

– ერთმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა, იგი ისე განსაზღვრა, როგორც პოეტური პროზა. ალბათ ეს უფრო ახლოს იყო სიმართლესთან. ის, თუ რაზე იყო ჩემი პიესა, აქ, შეიძლება ითქვას, ორიგინალური არ ვყოფილვარ. რაზეა ქართული სიმღერები? – სიყვარულზე და განა სხვა თემა შეიძლება არსებობდეს? რაზედაც უნდა ვსაუბრობდეთ, ბოლოს ხომ მაინც ამ თემამდე მივდივართ?!.

– ყველაზე დიდი გამოხმაურება რომელ მოთხრობას მოჰყვა?

– საერთოდ მე ძალიან ნელა და დიდხანს ვწერ ხოლმე. მთელი წლის განმავლობაში ხუთი ან ექვსი გვერდის დაწერას ვახერხებ. ეს შავი ასლის გარეშე. თუ მკითხავთ, რომელს გამოვარჩევდი, ვერ გიპასუხებთ, რადგან თითოეული მოთხრობა ბავშვივითაა და ერთნაირად მიყვარს. ყველა მათგანს აქვს მიღებული კრიტიკოსის დადებითი რეცენზია და კარგი გამოხმაურება მკითხველისგან.

– თქვენი პროზით არა ერთ საერთაშორისო კონკურსზე მიიქციეთ ყურადღება. ყველაზე ძვირფასი რომელი პრიზი ან ჯილდოა თქვენთვის?

– იყო ასეთი ნოველების საერთაშორისო კონკურსი „სერნა“, რომლის ფინალშიც 32 ნოველა მოხვდა. მე იმ კონკურსის  გამარჯვებული გავხდი და ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კონკურსს კომპეტენტური ჟიური ჰყავდა, ჩემი მეტოქეები კი ღირსეული ადამიანები იყვნენ.

თუ შეიძლება, რომ ჩვენს მკითხველს თქვენი მოთხრობებიდან რამდენიმე საინტერესო ციტატა, ამონარიდი გავაცნოთ…

– სიყვარული გათენებებით იზომება, მარტოობა – უძილო ღამეებით.

– კიდევ ბევრი წელი გავა მანამ, სანამ მავანნი მიხვდებიან, რომ ერთნი ღვთისგან შობილნი არიან, მეორენი – ეშმაკისგან, მესამენი კი ორივე მათგანის გაჩენილია. კიდევ იმდენივე  წელი გავა და დედამიწაზე მხოლოდ მესამენი დარჩებიან.

– ვერცხლისწყლისგან ხმალი არ გამოიჭედება, მაგრამ მისგან მოწამვლა შესაძლებელია…

– ცხოვრებაში პირველად ყველაფერი ხდება ხოლმე, მაგრამ არის რაღაც, რაც არასოდეს მოხდება.

– ლიტერატურიდან რეალობაში გადავინაცვლოთ: დღეს ტურისტული ბიზნესით ხართ დაკავებული. მაინტერესებს, მწერლური ალღო და გამოცდილება თუ გეხმარებათ ამ საქმეში?

– რა თქმა უნდა მეხმარება. მე მხოლოდ მოგზაურობის კი არ ვგეგმავ ხოლმე, შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენებსაც ვდგამ. ასეთი წარმოდგენებით ჩვენი სტუმრები საქართველოს ისტორიასა და კულტურას უშუალოდ ეხებიან. მე კი ვცდილობ, რომ მათ ჩვენი ქვეყნის მიმართ სიყვარული გავუზიარო. რაც მთავარია, ისინი შემიძლია საკუთარ სახლში მივიღო. კახეთში, სოფელ მანავში პატარა ოჯახური სასტუმრო ავაშენეთ. მთელი ჰექტარი მაქვს სამოთხის – თავისი ბაღითა და ვენახით. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა იმისთვის, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ნამდვილი საქართველო გავაცნოთ.

 

– სიმბოლურად რომ ვთქვათ, თქვენი ცხოვრება რა ჟანრის ნაწარმოებს შეიძლება შევადაროთ?

– ალბათ ეს იქნებოდა კომედიური ხასიათის თრილერი საშინელებათა ჟანრის მელოდრამისა და ფანტასტიკის ელემენტებით. მე იმ თაობის ადამიანი ვარ, რომელიც ერთადერთი, უცხოპლანეტელების  ჩამოსვლას არ მოსწრებია, თორემ დანარჩენი, რაც კი შესაძლებელია, ყველაფერი ნახა და გადაიტანა…

– რომელია თქვენი ცხოვრების მთავარი ფრაზა – სლოგანი?

– სლოგანი? ასე ვიტყოდი: ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი პრობლემაა: ეს ორი მეტრია მიწის ქვემოთ. დანარჩენი ყველაფერი ჩვენს ხელშია და შეუძლებელია არაფერია!..

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები