ხელოვნება, რომელიც იეზიდი ხალხის ტრადიციებსა და სულს გამოხატავს

ლამარა მირანგი თანამედროვეობის გამორჩეული მხატვარი, რომლის შემოქმედება, შეიძლება ითქვას, იეზიდი ხალხის ისტორიისა და ტრადიციების მაღალმხატვრული ხელოვნებით გამოსახული ილუსტრაციებია. განათლებით ქიმიკოსმა ხატვა 33 წლის ასაკში დაიწყო და ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა.

მისი ნამუშევრები არ მიჰყვება მოდის ტენდენციებს, მაგრამ ხელოვნების მოყვარულების ინტერესს მუდმივად იწვევს. ალბათ იმიტომ, რომ მათში გულწრფელად და ემოციურად, რაც მთავარია, მაღალმხატვრული ხერხებითაა გადმოცემული როგორც ისტორიული თემატიკა, ასევე თანამედროვე ადამიანების პორტრეტებიც.

– ქალბატონო ლამარა, ვინც თქვენს შემოქმედებას თვალს გადაავლებს, მისთვის ალბათ ძნელი დასაჯერებელი იქნება იმის გაგება, რომ ხატვა გვიან დაიწყეთ…

დიახ, ხატვა 33 წლის ასაკში დავიწყე, რათა კომპიუტერულ გრაფიკაში პროფესიულად გავზრდილიყავი. სწავლა ფანქრით, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე. ყოველთვის მეგონა, რომ მზისა და ნაძვის გარდა ვერაფერს დავხატავდი. სკოლაშიც კი თუ რამეს გვავალებდნენ, ჩემი და მიხატავდა ხოლმე, რადგან მას ჩემგან განსხვავებით ხატვა გამოსდიოდა. სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი დის მსგავსად ვერასოდეს დავხატავდი. ერთი წელი ვწვალობდი და თავიდან ჩემს ნამუშევრებს არავის ვაჩვენებდი. ვხატავდი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პორტრეტებს და ხელს ვივარჯიშებდი. ვხატავდი ღამით, როცა ყველას ეძინა.

– თუ გახსოვთ, პირველი ნახატი რომელი იყო და ხელოვანის თავდაჯერება რომ გქონოდათ, ამაში რა დაგეხმარათ?

– ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ავტოპორტრეტი, რომელიც ქაღალდზე დავხატე. სულ მეშინოდა, რომ მხატვრობის წესების არცოდნის გამო არაფერი გამოვიდოდა. ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე ყველაფერი გამომივიდა. იყო მომენტები, როცა ხელის ჩაქნევაც ვიფიქრე, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ უნდა გამეგრძელებინა. ყველა სირთულის გადალახვაში და იმაში, რომ თავდაჯერებული გავმხდარიყავი შრომისმოყვარეობა, მოთმინება და რწმენა დამეხმარა.

– ხელოვნების დიდ სამყაროში შეგიყვანათ იეზიდმა მხატვარმა ბასე ჯაფაროვამ. მისი პირველი შეფასება გაიხსენეთ…

– ბასე ჯაფაროვას გაცნობას შეიძლება ეწოდოს ბედნიერი შემთხვევა ცხოვრებაში. ჩვენ გადავიკვეთეთ მაშინ, როდესაც  ქურთული კულტურისათვის მიძღვნილ ვებგვერდს ვქმნიდი და მინდოდა ამის შესახებ სტატია დამეწერა. როცა გავესაუბრე, მალე დავმეგობრდით. მისი პორტრეტიც დავხატე. მას არასოდეს სურდა, რომ ვინმეს დაეხატა, ეს ჩემი სურვილით გავაკეთე, რადგან როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად ლამაზი ადამიანი იყო და განსაკუთრებული ღიმილი ჰქონდა, იდუმალი. ეს ხატვის პროცესში უკეთ ვიგრძენი. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ის პორტრეტი მოეწონა და ვაჩუქე. სულ მეუბნებოდა, რომ ჩემი ნახატებით პერსონაჟების სულს გრძნობდა. ფერწერაში სწორედ ბასეს რჩევები დამეხმარა.

– პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, საეტაპო გამოფენა რომელი იყო?

– ეს იყო 2015 წლის მარტში, როცა ბასე ჯაფაროვას ნამუშევრებთან ერთად ჩემი ნახატები გამოიფინა. საერთოდ პირველი გამოფენის ორგანიზება რთული და საინტერესო პროცესია, რადგან ამას მოჰყვება პირველი ინტერვიუ,  დამსახურებული მხატვრების პირველი შეფასება, პირველი გადაღება და საერთოდ იმის გაცნობიერება, რომ ხალხს მოსწონს შენი შემოქმედება. ეს ენით აღუწერელი გრძნობაა. სწორედ ამ ემოციურმა ფონმა შთამაგონა მემუშავა და მეტი შემექმნა.

– ბოლოს გამოფენა 17 ოქტომბერს გქონდათ, თქვენთვის ახალი რა შეფასება მოისმინეთ და რით იყო ის გამორჩეული?

– 17 ოქტომბერს გაიმართა „არტ-მეგობრების’’ ჯგუფური გამოფენა, სადაც მოხვდა ჩემი ნახატი „შეხვედრა“. ბევრმა მხატვარმა აღნიშნა, რომ ამ ნამუშევრებში სპეციფიკური კოლორიტი იგრძნობა, რომ მე მაქვს ნიჭი დროისა და ადგილის ატმოსფერო სიღრმისეულად აღვიქვა და ეს ყველაფერი ხელოვნებაში გავაცოცხლო. ვფიქრობ, ჩემს ნამუშევრებს მნახველი წარსულის ატმოსფეროში გადაჰყავს. ოღონდ, ნანახი მათ გარდასულს თავისებურად ახსენებს. მინდა ყველას მივცე იმის საშუალება, რომ უფრო მეტი გაიგოს იეზიდი ხალხის ცხოვრებაზე.

 

– საოცარი ქორწილი იცით და ეს თქვენს ნამუშევრებშიცაა ასახული…

– იეზიდური ქორწილი გამოირჩევა კოლორიტითა და ტრადიციული ელემენტებით, რაც მათ ემოციურად დატვირთულს ხდის. პატარძლისა და სიძის ტრადიციული ტანისამოსი, მუსიკა, ცეკვები, ფერადი დეკორაციები სიხარულისა და სიყვარულის ატმოსფეროს ქმნის. ზუსტად ასეთი ატმოსფერო აღძრავს გულწრფელ ემოციებს თითოეულ ადამიანში. იეზიდური ქორწილები აღფრთოვანებას და სითბოს იწვევს ყველა ადამიანში. ვისაც ოდესმე მიუღია მასში მონაწილეობა. თუმცა დღეს საქორწილო რიტუალში რაღაც მომენტები შეიცვალა, ქორწილი უფრო თანამედროვე გახადეს. ნახატებში გადმოვცემ ჩემი ერის არსს, მათ ყოფა-ცხოვრებას, ტრადიციებს. სცენებს, რომლებსაც ჩემს ნახატებში ავსახავ, თანამედროვე ცხოვრებაში ვეღარ ნახავთ. ბევრი რამ მეც არ მინახავს, ისინი ბებიების მონაყოლიდან ვიცი.

– სწორედ ამიტომაა თქვენი შემოქმედება მნიშვნელოვანი…

– ვფიქრობ, ჩემი ნახატები გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ მეტი ვიცოდეთ ამ ერის  წარსულზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები და იეზიდები განსხვავებული სარწმუნოების, კულტურისა და ტრადიციების მატარებელი ხალხი ვართ, ეს ხელს არ გვიშლის მეგობრულ ურთიერთობაში, რადგან ჩვენ დიდი სიყვარული გვაერთიანებს.

– დღეს თბილისში თუ არის იეზიდი ეროვნების ხელოვანების მოქმედი შემოქმედებითი კავშირი, ან რაიმე გაერთიანება?

– მართალია, იეზიდი ეროვნების გარკვეული ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი ერის შვილები საქართველოში მაინც ცხოვრობენ და შრომობენ. იეზიდი ქალების უფლებების დაცვის საკითხებზე აქტიურად მუშაობს „ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა’’. ზოგ გაერთიანებას აქვს კულტურული და შემოქმედებითი პროგრამები, რომელიც ჩემი ერის ხელოვნების, ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება და მათში მეც ვმონაწილეობ.

– ეროვნული თემატიკის გარდა კიდევ რომელია თქვენი საყვარელი თემა?

– ფერწერა მის ყველა გამოვლინებაში მიყვარს, ამიტომ  ნახატები ყველა ჟანრში მაქვს: პეიზაჟები, ნატურმორტები, პორტრეტები და თემატური ნახატები. თუმცა განსაკუთრებით პორტრეტების ხატვა მომწონს, ადამიანების ხასიათის გამოხატვა მიყვარს. რთული და წარმოუდგენლად საინტერესოა ეს პროცესი. რაც შეეხება ტექნიკას, პერიოდულად ვხატავ პასტელითა და ნახშირით, მაგრამ ჩემი საყვარელი ტექნიკა ზეთით შექმნილი ფერწერაა.

– ხელოვნება რა არის თქვენთვის?

– დღეს მხატვრობა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ეს უკვე შეუქცევადი პროცესია, რომელიც ახალი სამყაროს გახსნისა და შემოქმედებისკენ გიბიძგებს ისე, რომ ვერ ჩერდები. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემს მიმართ ხალხის სიყვარული და საქმიანობაში ახლობლების მხარდაჭერაა. ხელოვნება ჩემი პირადი სივრცეა და როცა ვხატავ, მაშინ ვარ ნამდვილი „მე’’. რთულია ამ გრძნობის სიტყვებში ჩატევა. შემოქმედება თვითგამოხატვაა, შენი რეალობაა, რომელიც გაბედნიერებს და თავდაჯერებულობას განიჭებს…

მასალა მოამზადა თეონა გოგნიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები