საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა გლობალური ერთობის კოორდინაცია დაიწყო
საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა გლობალური ერთობის კოორდინაცია დაიწყო – სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ასევე საქართველოში მცხოვრები იდეის თანამოაზრე ადამიანები თავისუფალ საზოგადოებას ქმნიან. იდეა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს სამოქალაქო სექტორი და გაჯანსაღდეს საზოგადოებრივი პროცესები.
საზოგადოების საქმიანობა იქნება მკაცრად აპოლიტიკური, სრულად გამიჯნული პარტიული და მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან. აღნიშნული თავისუფალი საზოგადოების იდეაა საქართველოს, ქართული საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების და მათი მეგობრების უპირობო მხარდაჭერა.
საქართველოს გარდა უცხოეთის 12 ქვეყანაში არის ფორმირებული დარბაზები, სადაც თავისუფალი საზოგადოების კონსოლიდაცია სწორედ ერთიანობის იდეისა და თანამოაზრეობის ირგვლივ ხდება.
საფრანგეთის დარბაზი: დათო სუმბაძე (საოპერო მომღერალი, ტენორი) – გუნდში როცა ვსაუბრობთ ხოლმე ვისია ეს წამოწყება, იკვეთება, რომ ყველამ ერთად დავიწყეთ და ყველას ერთად გვაწუხებდა ეს საკითხები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ინტერესი იკვეთება, გართულებულია საზოგადოებრივი აზრის მართვის პროცესები და დაძაბულობა ძალიან მაღალია. ამიტომ, ვფიქრობ ემიგრაციამ თავისი განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე მშვიდობიან საზოგადოებრივ პროცესებში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი წამოწყების მთავარი მიზანიც – კულტურა, სპორტი, მეცნიერება, ხელოვნება. ეს ის მიმართულებებია, რაშიც ქართველი კაცი ყოველთვის ნიჭიერი იყო და თანამედროვე მსოფლიოსთან დიალოგის ყველაზე კარგი ენა გახლავთ. მიხარია, რომ ეს იდეა უკვე შედგა, ძალიან დიდი პატივია ვიყო ამ მოძრაობის წევრი, თანამებრძოლი და ინიციატორი“
დარბაზში გაერთიანებულები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები – მსახიობები, მხატვრები, პოლიტოლოგები, პედაგოგები, მეცნიერები, ბიზნესმენები და ა.შ, წევრებს შორის ბევრი სტუდენტიც არის. მათ შორის ლატვიის და და საქართველოს დარბაზში. დღეს ბიზნესის ადმინისტრირების IV კურსის სტუდენტს კონსტანტინე გაგნიძეს და ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტის II კურსის სტუდენტ ბაკურ პერტიას გაგაცნობთ.
„დაკვირვებული თვალისთვის ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა სახის გამოწვევებია ჩვენს საზოგადოებაში. ეს შორიდან უფრო კარგად ჩანს. ამიტომ, ერთიანობას, საზოგადოებრივ თანამოაზრეობას თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ერთობა ეს არის, განსხვავებული აზრითა და შეხედულებებით ერთობლივი წინსვლა და შრომა საერთო მიზნის მისაღწევად. მიხარია, რომ ამ წამოწყების სათავეებში ვარ. ბევრი ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდაა ამ ქვეყანაში, რომელსაც უნდა ასპარეზზე გამოსვლა და როგორც კი გამოჩნდება, ხვდება უდიდესი მონსტრი „პოლიტიკა“, რომელიც აფუჭებს ყველაფერს. აფუჭებს ამ ადამიანს, რომელიც შეიძლება სულაც არ მოიაზრებდა თავს პოლიტიკურ ავანსცენაზე, აფუჭებს მის პოტენციალს და ართმევს იმ სიკეთეს, რაც მას შეიძლება საზოგადოებისთვის მოეტანა. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ სამოქალაქო სექტორს, ვემიჯნებით პოლიტიკას და პოლიტიკურ პროცესებს და ბევრ ჯანსაღ ახალგაზრდას შევუწყობთ ხელს, რომ სწორად რეალიზდეს.
„ერთობა, ეს არის იმ ძალთა გაერთიანება, რომელიც ქმნის უკეთეს რეალობას ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე. მე ახლახან შევუდექი უმაღლესი განათლების მიღებას და მინდა უკეთეს რეალობაში ვიცხოვრო, ჩემს ირგვლივ მომავალი თაობის ბევრი საინტერესოდ მოაზროვნე მეგობარია. ჩვენ გვინდა, მოვითხოვთ უკეთეს მომავალს და ჩვენ ამას მოვახერხებთ სრულიად განსხვავებული და ყველასათვის მოულოდნელი მიდგომით. თუ ადამიანები არ დაიჯერებენ რომ არსებობს უკეთესი მომავალი, რომლის შემოქმედნიც თავად ჩვენ ვართ – მაშინ, ისინი შიშის ქვეშ და “ვიღაცის” მოლოდინის რეჟიმში იქნებიან და მიჰყვებიან იმ დინებას რასაც უკარნახებენ.“
ქართველ ემიგრანტს, პოლიტოლოგს, მხატვარს ლელა ქართველს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, დღეს ის გაგვესაუბრება როგორც ამ ერთობის ამერიკული დარბაზის წარმომადგენელი.
„უნიკალურ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი და ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დასახული მიზანი. თანამედროვე გლობალური გამოწვევების ეპოქაში, ერთიანობის კონცეფცია განახლებულ მნიშვნელობას იძენს. 12 ქვეყანაში შექმნილია დარბაზები, რომლებიც ჩვენი დიასპორის კერებად გვევლინებიან ამ ქვეყნებში, რაც გლობალურ ქსელს ქმნის მსოფლიოს მასშტაბით. ვფიქრობთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში დისტანციური კოორდინაცია და დიდი საქმეების კეთება უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენც დავიწყეთ დიდი ოცნების ახდენა. აღნიშნული ცენტრები სხვადასხვა ქვეყნებში საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამშობლოს და მოქალაქეების განვითარებასა და კეთილდღეობაში. თანამედროვე განვითარებული საზოგადოება აღიარებს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ წვლილს თანამედროვე განვითარებულ ცივილიზაციაში. ახლა უკვე ჩვენი ჯერია, ავიღოთ ეს ესტაფეტა და ვაჩვენოთ განსაკუთრებული ორგანიზების უნარი და ის ზებუნებრივი შესაძლებლობები, რამაც დღეს სახელმწიფოებრიობა და თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა.
აღნიშნული ინიციატივა ქართულ დიასპორას უფლებას აძლევს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი საზოგადოების პროგრესში, გამოიყენოს მათი მრავალფეროვანი გამოცდილება და შეხედულებები საზღვარგარეთიდან. გლობალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს შეუძლია გამოიყენოს თავისი მოქალაქეების კოლექტიური პოტენციალი, რაც უზრუნველყოფს ჩვენი წვლილის რეზონანსს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო მასშტაბით.“
ამ მოძრაობას შვედეთის დარბაზში შეუერთდა შვედეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ოთარ ღვინიაშვილი, რომელმაც თავის დროზე გარისკა, გაემგზავრა უცხოეთში და საკმაო წარმატებას მიაღწია, თუმცა მუდმივად ფიქრობს თავის ქვეყანაზე და სურს დადებით პროცესებში თავისი წვლილი შეიტანოს:
„მინდა ჩემი გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდა თაობას და ვიყო ის საყრდენი, რომელიც მე მჭირდებოდა წლების წინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ჩემი მიზნების მისაღწევად. ის ხელოვნური დაბრკოლებები, რომლებიც წლების განმავლობაში აიძულებს ქართველებს გახდნენ ემიგრანტები, უნდა დასრულდეს და საქართველოს განვითარებაც ჩვენთვის სანატრელ ეტაპზე გადავა. ამასთანავე, მიხარია რომ ეს საზოგადოება ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს და მიზნად ისახავს თავისუფალი აზროვნების განვითარებას და პროგრესული სულისკვეთების გაღვივებას. ვაცნობიერებთ, რომ გამოწვევა ბევრი იქნება, თუმცა მზად ვართ. ამ მუხტს მთელი ჩვენი საზოგადოება დიდი ხანი ელოდა და დაიძრა“, – განაცხადა ოთარ ღვინიაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის დარბაზი: ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი (ბრიტანეთში ქართული სკოლის ღვაწლმოსილი დამფუძნებელი, არაერთი ჯილდოსა და აღიარების მფლობელი) – ქართული გაგებით თანადგომა ეროვნული აზროვნების ერთიანობას, ერის და სამშობლოს სამომავლო გეგმის დასახვა-ჩამოყალიბება-ორგანიზებასა და ამ იდეის სისრულეში მოყვანა-დაგვირგვინებას ნიშნავს. ერთი იდეის ბოლომდე მიყვანისას, სამომავლო ახალი იდეისა და მისი სამოქმედო გეგმების დასახვა-აღსრულებას, მანამ სანამ საქართველოს ვჭირდებით, “მტრის ჯინაზე ერთხელაც არ დავიძინებ(თ),” თუნდაც მსოფლიოს მასშტაბით ქუდზე კაცის შეყრა დაგვჭირდეს.
ქართული სული, ქართული ეროვნული სიბრძნე, ქართული ნიჭისა და ნებელობის ერთიანობა, ქართული დარბაზი შეუძლებელს შეძლებს! ვინაიდან ყოველი კეთილი საქმე უფლისეული და დალოცვილია.
საბერძნეთის დარბაზი: ჯორჯ გურენი (ხელოვანი, მომღერალი) – „დღეს კაცობრიობა დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე, რასაც მშვიდობა ჰქვია. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი და მენტალური ომები მიმდინარეობს. მსოფლიო ომებს თითოეული ადამიანის არაჯანსაღი აზროვნება განაპირობებს. მე არ გავუსვამ ხაზს რელიგიურ, ან ეროვნულ საკითხებს, ეს თავისთავად მოსაგვარებელია ლოკალურ დონეზე. უსაფრთხოების ზღვარი დღეს არ არსებობს. გადავხედოთ მსოფლიო პოლიტიკურ მიმდინარეობებს, გვაქვს ჩვენ მშვიდობა? არ გვაქვს! რადგან თითოეულ ადამიანს აქვს დაკარგული რწმენა და განცდა რომ მას ეხება მსოფლიო კეთილდღეობა. იდეა გლობალური ერთობა ‘’global unity’’ შესაძლებლობას მოგვცემს ერთმანეთის ჩარჩოებისგან განთავისუფლებას შევუწყოთ ხელი, ფრთები გავშალოთ და ერთმანეთი განვავითაროთ!
ჩვენ შევცვლით ჩვენს თავებს, რათა შევცვალოთ სამყარო, უფალმა მოგვცა ცა და დედამიწა, მოგვცა ძალა, უნარი არსებობისა, სიყვარულისა, ერთობისა. წინ გამარჯვებისკენ.”
თურქეთის დარბაზი: ეკა სურამელი (პოეტი, მწერალი) – „მე გახლავართ თურქეთის დარბაზის ერთ – ერთი ლიდერი. როგორც იცით, თურქეთში ისტორიულად დიდი ქართულო დიასპორა არის და თურქეთელ ქართველებთან ერთად, წლებია, მეც აქტიურად ვეწევი ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ამავე დროს, ვარ სტამბოლის ქართული ენის ცენტრის დირექტორის მოადგილე. ვამაყობ ამით. ჩვენ ვართ თავისუფალი, მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის როგორც ქართული, ასევე უცხოური საზოგადოების წინაშე.
წინ დიდი გამოწვევები გველის და დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას ერთობით შევძლებთ. თურქეთში მცხოვრებ დიასპორას ინტერესის შემთხვევაში ვთხოვ შემომეხმიანოს და ერთად გავაძლიეროთ თურქეთის ქართული დარბაზი.“
ესპანეთის დარბაზი: ნათია კეშელავა (მსახიობი) – „დიდი ეროვნული და პატრიოტული სურვილი მუდამ მამოძრავებდა და ამ მიზნით კუნძულ მალიორკაზე შევქმენი ქართული კულტურის ცენტრი “ახალი ფესვები”. წლებია ასე ვცდილობ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ესპანეთში და რა გამოცდილებაც დამიგროვდა უცხო ქვეყანაში ყოფნით, მინდა აქტიურად მოვახმარო ჩემ ხალხს, ჩემ საქართველოს. გლობალური ერთობის იდეის განხორციელებით მივხვდი, რომ ოცნება მალე ამისრულდება. მე აქტიურად ჩავერთე თავისუფალი საზოგადოების, გლობალური ქსელის შექმნაში და ჩამოყალიბდა გლობალური ერთობის ესპანეთის დარბაზი.
კარგია, რომ ეს მოძრაობა აპოლიტიკურია და ბევრი სუფთა ადამიანია ჩართული ამ პროცესებში. ემიგრაციაც დაიღალა ამდენი ტყუილებითა და იმედგაცრუებებით. უნდა მოვახერხოთ და წელში გადავტეხოთ ეს მავნე რეალობა. ამ საქმის ღალატი არ შეიძლება, ამ პასუხისმგებლობას ყველა ვაცნობიერებთ და ვუჭერთ მხარს ერთმანეთს. ამ ერთობლივი ქსელის შექმნით მოლოდინი დიდია, რომ გავერთიანდებით ქართველები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“
თავისუფალი საზოგადოება აქტიურად იწყებს მუშაობას ცნობადობის ამაღლებაზე და საინტერესო ადამიანების მოზიდვასა და ჩართულობაზე საზოგადოებაში. გაწევრიანების პროცესი გულისხმობს ურთიერთგაგების პაქტის გაცნობასა და თანხმობას. ამის შემდეგ დაინტერესებულმა პირმა საზოგადოებაში უნდა მოიძიოს რეკომენდატორი, რომელიც მას წარადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ჯერჯერობით ღია ფორმით არ საქმიანობდა მას უკვე რამდენიმე ასეული წევრი ჰყავს, გაცილებით მეტ ქვეყანას მიცავს და ეტაპობრივად საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას.