ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პარიზის პარალიმპიადის მეექვსე დღეს საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა – ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი (კატეგორია A) ბრინჯაოს პრიზიორია. მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდე ანგარიშით 15:11 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილი პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც ორ სხვადასხვა პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო – ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა კიდევ ერთმა ეტლით მოფარიკავემ – ირმა ხეცურიანმა (კატეგორია B ), რომელმაც პარალიმპიადა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე ხუთი საშეჯიბრებო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი გახლდათ. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედალს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე დაეუფლა.
4 სექტემბერს ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ძალას რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული კი R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაში იასპარეზებს.