გიგა ოჩხიკიძეს კუთვნილი ოქროს მედალი დაუბრუნდა!
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიადაზე ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო, სადებიუტო პარალიმპიადაზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა ირანის, მაროკოსა და პოლონეთის პარალიმპიური დელეგაციების პროტესტის შემდეგ ქართველი სპორტსმენის შედეგი – 9,21 და 9,66 მეტრი გაუქმდა. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა და კომიტეტის სხვა წარმომადგენლებმა მყისიერად დაწერეს შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებული საჩივარი, რომელიც ტურნირის მთავარმა მსაჯებმა დააკმაყოფილეს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიადაზე გამარჯვებას და მას საქართველოს სასახელოდ კვლავაც წარმატებებს უსურვებს.
ამ დიდ წარმატებას ვულოცავთ სრულიად საქართველოს, გიგა ოჩხიკიძის მწვრთნელსა და საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს“, – ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.