ევროპის მე-8 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოლდავეთში დასრულდა ევროპის მე-8 ახალგაზრდული (15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის) ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელშიც 4 ქართველი მოსწავლე მონაწილეობდა და ოთხივე მათგანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოლდავეთში დასრულდა ევროპის მე-8 ახალგაზრდული (15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის) ოლიმპიადა ინფორმატიკაში. ყველა ქვეყნის ნაკრებში მაქსიმუმ 4 მოსწავლე ირიცხება. სასიამოვნოა, რომ ჩვენმა ოთხივე პატარა მონაწილემ ასეთი მაღალი რანგის და რთულ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა და ძალიან კარგი გამოცდილებაც მიიღო, რომელიც მომავალში მოზრდილთათვის გამართულ ოლიმპიადებში აუცილებლად გამოადგებათ. საერთოდ, ინფორმატიკის ოლიმპიადებში მონაწილე ქვეყნების ნაკრები გუნდების ოთხივე წევრი არცთუ ისე ხშირად იღებს მედალს, ეს საკმაოდ დიდ მიღწევად ითვლება და შესაბამის ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობის სტაბილურობაზეც მიუთითებს. ამჯერადაც, 26 მონაწილე ქვეყნიდან ოთხივე მედლის აღება მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მოახერხა და მათ რიცხვში საქართველოცაა. ჩვენი მედლების მფლობელები ა: ანდრია ვასაძე, ვლადიმერ ფრანგიშვილი, მათე რეხვიაშვილი (კომაროვის ფიზ-მათ. სკოლა, “მზიური”) და ოთარ ციბაძე (ქუთაისის ფიზ-მათ. სკოლა). გუნდი ოლიმპიადაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით გაემგზავრა. მადლობა მოლდავეთს და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს, რომლებმაც უნაკლოდ და მაღალ დონეზე ჩაატარეს ოლიმპიადა ყველა მიმართულებით. ვულოცავ ბავშვებს და გილოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!“, – წერს გიორგი მანდარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები