სოფო ბერიშვილის მორიგი წარმატება – ფილმი”ილუზია” კიდევ ორი ფესტივალის გამარჯვებულია
ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის კურსდამთავრებულის სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” „San Diego Movie Awards“-ზე საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორის ნომინაციაში, ხოლო ნიუ – იორკის „ONIROS FILM AWARDS“-ზე საუკეთესო პროდიუსერის ნომინაციაში გაიმარჯვა. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული კინოაკადემია ავრცელებს.
ფილმი „ილუზია“ არის სურეალისტური დრამა, რომელიც მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები: ცისია მეტრეველი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და პატარა ნენე ეპიტაშვილი. მუსიკა ფილმისთვის ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა. რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი კი თავად სოფო ბერიშვილია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფილმმა „ილუზია“, რომელიც „New Jersey Film Awards”-ზე 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი, ხუთში გაიმარჯვა და ფესტივალზე ყველაზე მეტი პრიზი აიღო:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ილუზია“ “Illusion”
საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორი – სოფო ბერიშვილი
საუკეთესო ოპერატორი – შაკო ჩიგიტაშვილი
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის მსახიობი ქალი – ცისია მეტრეველი
საუკეტესო მონტაჟი – სოფო ბერიშვილი
ფილმი „ილუზია“ განაგრძობს სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობას. “ქართული კვირა” წარმატებას უსურვებს შემოქმედებით ჯგუფს და დარწმუნებულები ვართ, რომ მორიგი წარმატების შესახებ ძალიან მალე გიამბობთ.