ოთხი წლის ასაკში „არჩეული“ პროფესია და ერთი ცეკვა ქართული ხასიათის წარმოსაჩენად

ამბობენ, ბედი-ხასიათიაო. ეს გამონათქვამი ამ მასალის გმირის ცხოვრებით აშკარად დასტურდება, რადგან თავიდანვე სწორედ ხასიათმა განსაზღვრა მისი მომავალი საქმიანობაც და ცხოვრებაც, ასეა დღემდე. ეს ამბავი სხვადასხვა ჟანრის ნიჭიერ მოცეკვავეზე, ქორეოგრაფსა და ნოვატორ პედაგოგზე, ირმა მაჩიტიძეზეა…

ჯერ კიდევ ოთხი წლის იყო, როცა გამორჩეული ნიჭის გამო, გამონაკლისის სახით, ქუთაისის ქორეოგრაფიულ ანსამბლში მიიღეს.   პარალელურად, რეპ-ჯგუფის ქუჩის ბალეტში ცეკვავდა. თავისუფალი დრო ფაქტობრივად, არ ჰქონდა, რადგან ერთდროულად სკოლასა და სასწავლებელში დადიოდა, ორ ანსამბლშიც ცეკვავდა და ფორტეპიანოს განხრით მუსიკალურ შვიდწლედშიც სწავლობდა. როცა თავის ასაკთან შედარებით დიდი გამოცდილება დააგროვა, პედაგოგიური საქმიანობა წამოიწყო. მისმა აღსაზრდელებმა სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში წარმატებას მიაღწიეს. დღეს  ქართული ცეკვის პოპულარიზაციას ამერიკაში აპირებს და საამისოდ, ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი აქვს. უფრო კონკრეტულად, მისი ცხოვრების უჩვეულო ამბავს ამ მასალიდან შეიტყობთ.

– ქალბატონო ირმა, ცეკვა ძალიან ადრე, ოთხი წლის ასაკში დაიწყეთ. რამ განაპირობა ეს, ოჯახურმა ტრადიციამ თუ რაიმე განსაკუთრებული მონაცემები გამოავლინეთ?

– დედის გადმოცემით, ძალიან ჭირვეული ბავშვი ვყოფილვარ, სულ ვტიროდი ხოლმე, მაგრამ როგორც კი მუსიკის ხმას გავიგებდი, ჯერ კიდევ ფეხაუდგმელი, თურმე ჩემთვის გაუცნობიერებლად რიტმულ მოძრაობებს ვიწყებდი. ამიტომ დედამ ოთხი წლის ასაკში ქუთაისის ცეკვის ანსამბლში „აისი” მიმიყვანა. არადა, 80-იან წლებში ბავშვებს ცეკვაში მხოლოდ ექვსი წლიდან იღებდნენ. ანსამბლის ქორეოგრაფები, ქალბატონი მავრა დეისაძე და ბატონი ომარი ჩიქვილაძე იყვნენ. მათ ცივი უარით გამოვუსტუმრებივართ – საბავშვო ბაღი კი არ გვაქვსო. მათ უარზე იმდენი მიტირია, რომ თურმე შევეცოდე და მიმიღეს. ასე გავხდი სტუდიის ყველაზე პატარა წევრი და ამის მერე ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი, რადგან სახლშიც ვერ მაჩერებდნენ.

– ვიცი, რომ ტრადიციულ ქართულ ცეკვებს არ დასჯერდით და რეპისა და სამეჯლისო ცეკვების შესწავლის სურვილიც გაგიჩნდათ, ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?

– დიახ, ხუთი წლის ასაკში, ქართული ცეკვების პარალელურად, ქალბატონ ქეთევან ბოლქვაძისა და ბატონ შოთა ებანოიძის ხელმძღვანელობით, რეპ-ჯგუფის ქუჩის ბალეტშიც დავიწყე ცეკვა. ერთი წლის შემდეგ კი სამეჯლისო ცეკვითაც დავინტერესდი და ამისთვის ბატონ თემურ ჩეჩელაშვილითან მიმიყვანეს. დედა მეუბნება იმ დროს მეტი არაფერი იყო, თორემ იქაც მიგიყვანდიო. ასე დაიწყო ჩემი და ცეკვის ურთიერთობა და მას შემდეგ ცეკვის გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია.

– თინეიჯერობის დროს პროფესიული განვითარებისთვის სპეციალურ სასწავლებელში ჩააბარეთ…

– როცა საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში ჩავაბარე 15 წლის ვიყავი. სამი წლის მანძილზე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით ძალიან საჭირო პროფესიული გამოცდილება შევიძინე. როდესაც საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირმა მეორე რესპუბლიკური კონკურსი ჩაატარა, ცეკვა „ქართულით” პირველი ხარისხის დიპლომი და ლაურეატის წოდება მომანიჭეს.

– ქუთაისის ოპერისა და ბალეტის ანსამბლში როგორ აღმოჩნდით?

– როცა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ანსამბლმა „გელათი” შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, მასში მე და ჩემმა მეწყვილემ მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. მოგვიანებით იმ ანსამბლთან ერთად გასტროლებით ბევრ ქვეყანაში ვიყავით. წარმატებით მოვიარეთ: საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი… მოკლედ, ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება მქონდა. თანაც, იმ დროს, ანუ 90-იან წლების ბოლოს, ქვეყნიდან გასვლას ბევრი ვერ ახერხებდა.

– გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე განსხვავებული შემოქმედებითი მომენტი…

– შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ცხოვრებაში ქუჩის ბალეტი ძალიან განსხვავებული რამ იყო. მაშინ  მსოფლიოს ხალხთა ცეკვებს გავეცანი და პატივი მქონდა მემუშავა ისეთ ცნობილ რეპერთან, როგორიც შავი პრინცია. ამ არაჩვეულებრივი ნიჭის მქონე ადამიანმა ჩვენს ანსამბლთან ერთად პანტონიმური სპექტაკლი „ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის“ დადგა. დაუვიწყარი დრო იყო.

– აქტიური პედაგოგიური საქმიანობა როდის დაიწყეთ?

– პედაგოგური საქმიანობა სასწავლებლის დასრულების შემდეგ დავიწყე. დამხმარე პედაგოგად ვმუშაობდი: ქუჩის ბალეტში და ქუთაისის საბავშვო ბაღებში, სკოლებს გამოსაშვები ღონისძიების მოწყობაში ვეხმარებოდი და ამის გარდა მექორწილე წყვილებსაც ვუდგამდი ცეკვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებდა, საკუთარი თავი მაინც არარეალიზებულად მიმაჩნდა, რადგან ყველა შემთხვევაში მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რასაც მიკვეთავდნენ. მე კი მინდოდა ყველაფერი საკუთარი გემოვნებით და სურვილით მეკეთებინა.

– ალბათ ეს გახდა იმის წინაპირობა, რომ საკუთარი სტუდია დაგეარსებინათ…

– დიახ ასეც იყო. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს არაჩვეულებრივ მეგობართან, საოცრად ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანთან, მაკა როინიშვილთან ერთად, სიმღერისა და ცეკვის სტუდია „ონავრები” დავაარსე. 2012 წლის 8 ოქტომბერს, პატარა კერძო სახლის ოთახი ვიქირავეთ და საქმიანობა სამი ბავშვით, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ. დროთა განმავლობაში, ჩვენს სტუდიაში მოსვლის სურვილი ბევრს გაუჩნდა, ამიტომ გადავედით დიდ დარბაზში, სადაც ბავშვებისთვის ყველა საჭირო პირობა იყო შექმნილი.

– რამდენად წარმატებული აღმოჩნდა თქვენი სტუდია?

– თავად განსაჯეთ, სტუდია „ონავრებს“ არსებობის პერიოდში, ანუ 2012-2016 წლებში, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, წარმატებით გამოვდიოდით სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში. სტუდიის არსებობის ოთხი წლის განმავლობაში ოპერისა და ბალეტის თეატრში ორი სოლო კონცერტი გავმართეთ. ნიღბების თეატრის მსახიობებთან ერთად არაჩვეულებრივი მიუზიკლები შევქმენით. სატელევიზიო პროექტ „ნიჭიერში“ ჟიურის ოთხი წევრის მოწონება და დარბაზის დიდი მხარდაჭერა დავიმსახურეთ. ეს ყველაფერი პატარების დაუღალავი შრომის, მათი მშობლების გვერდში დგომისა და საქმის უსაზღვრო სიყვარულის შედეგი იყო.

– ცეკვის ნიჭი და სიყვარული თქვენს შვილებს თუ გამოჰყვა?

ირმა მაჩიტიძე შვილებთან, არჩილ და ლუკა ჩუბინიძეებთან ერთად

– ორი ვაჟი მყავს, არჩილ და ლუკა ჩუბინიძეები. ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან. უფროსი, 23 წლისაა, ძალიან მშვიდი, დინჯი და სერიოზული პიროვნებაა, უკვე საკუთარი ბიზნესიც აქვს და სულ სიახლეების ძიებაშია. პარალელურად. სწავლობს და მუშაობს. უმცროსი, ლუკა, ცხრა წელი ცეკვავდა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომლის სოლისტი იყო, მაგრამ მუხლზე ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ აღარ ცეკვავს. ძალიან მხიარული, კონტაქტური და ინტერესიანია, საკუთარი ძალები ყველგან მოსინჯა. ექვსი წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა კარატეში, ფეხბურთსაც თამაშობს. თბილისში ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლობდა. ცხოვრებაში დიდი ამბიციები აქვს. ინტერესიანი და მიზანდასახული ადამიანია და მჯერა ყველაფერს მიაღწევს.

– უცხო ქვეყანაში ქართული ქორეოგრაფიის წარმოსაჩენად ერთი ცეკვის დადგმა რომ შემოგთავაზონ რომელზე შეაჩერებდით არჩევანს და რატომ?

– ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამერიკაში ჩემი პროფესიული სიტყვა ვთქვა. ვნახოთ რა იქნება. ერთ ცეკვას რაც შეეხება, არჩევანის გაკეთება გამიჭირდება, რადგან თითოეული ცეკვა ნატიფი მოძრაობით, ფორმითა და სამოსით გადმოცემული ამბავია სიყვარულზე, მეგობრობაზე, გმირობასა და ერთგულებაზე. თუმცა ალბათ მაინც ცეკვა ქართულს დავდგამდი ხორუმის ჩართულობით. არ ვიცი როგორ გამომივა, მაგრამ ჩემს სათქმელს ამ ორი ცეკვის გაერთიანებით ვიტყოდი. ქართული ცეკვით ქალის მიმართ პატივისცემა და დამოკიდებულებაა გამოხატული, ხორუმით კი – ქართველი ვაჟკაცების სიმამაცე, შეუპოვრობა, თავდადება და სამშობლოსადმი სიყვარული. ცეკვის ბოლოს ქართული დროშის აფრიალება კი ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები