ფეხბურთელობიდან გერმანელების ტყვეობამდე – გივი ფორაქიშვილის ისტორია

გივი ფორაქიშვილი დაიბადა 1922 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, ჩეხოვის ქუჩაზე მდებარე, სოფიო და სიკო ფორაქიშვილების ისტორიულ დარბაზში. გივი ფორაქიშვილი თავის მოგონებებში წერდა:

ჩემს ბებიას და ბაბუას ოთხი შვილიშვილი ჰყავდათ და ყველანი თავიანთი ოჯახებით ერთად ვცხოვრობდით. ჩვენი სიყვარულით შესისხლხორცებულ ჟრიამულს ეჭირა იქაურობის ყოველი კუნჭული”.

გივი ფორაქიშვილი 30-იანი წლების საქართველოში პერსპექტიულ და ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა. მიუხედავად  პატარა ასაკისა, მან საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.

1940 წლის 9 ოქტომბერს, მეორე კურსიდან გაიწვიეს ჯარში. მოხვდა გერმანიის საზღვარზე, ლიტვაში, საარტილერიო პოლკში, სადაც ზარბაზნებით სროლას ასწავლიდნენ. ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე, როგორც ნაკრების მოთამაშე კაუნასში გაგზავნეს.

22 ივნისს ომი დაიწყო. ჯარისკაცებმა რამდენიმეჯერ სცადეს მდ. ნემანის გადაკვეთა, მაგრამ უშედეგოდ. ლიტვის პარტიზანებმა ამის საშუალება არ მისცეს. 25 ივნისს კი გივი ფორაქიშვილი გერმანელების ჯგუფმა ტყვედ აიყვანა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ის გადაიყვანეს ქ. კაუნასში, ერთ–ერთ ტყვეთა ბანაკში. შემდეგ თითქმის არ დარჩენილა ევროპის არც ერთი სახელმწიფო, სადაც იგი, როგორც ტყვე, არ მოხვედრილიყო. ტყვეობაში ძალიან გამოადგა ბავშვობაში ნასწავლი გერმანული და ხშირად ასრულებდა თარჯიმნის მოვალეობას. ტყვეთა ბანაკს თავი დააღწია ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დახმარებით. მათ ქართველები ბანაკებიდან გამოჰყავდათ წითელი ჯვრის საშუალებით და ქმნიდნენ ქართულ ლეგიონებს.

1943 წელს ქართულ ლეგიონში ჩამოყალიბდა ფეხბურთის გუნდი, რომელსაც გივი ფორაქიშვილი ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მისი ბატალიონი იტალიაში იმყოფებოდა და ამერიკელებმა იარაღი დააყრევინეს. ამჯერად გივი მეკავშირეების, ამერიკელების ტყვეობაში აღმოჩნდა და 25 ქართველთან ერთად იტალიის ქ. პიზასთან არსებულ ტყვეთა ბანაკში უკრეს თავი. ფეხბურთელობამ აქაც უშველა. ბანაკში ფეხბურთის გუნდი ჩამოყალიბდა და რადგან დასუსტებული იყო, ძალების აღსადგენად ბანაკის სამზარეულოში გაგზავნეს სამუშაოდ. ფეხბურთს ეთამაშებოდნენ გვერდითა ბანაკში გამომწყვდეულ ტყვე გერმანელებს. გივი ბანაკის ამერიკულ სამზარეულოში ისე დაუახლოვდა უფროს მზარეულს, რომ 1945 წელს, როცა ტონიმ ტყვეთა ბანაკი დატოვა, თავისი მისამართი მისცა და გაჭირვების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა.

ომის დამთავრების შემდეგ გივი ფორაქიშვილი სხვა ტყვეებთან ერთად პიზადან ქ. ჰაილბრონში გადაიყვანეს. აქ მართლაც გამოადგა ტონის მისამართი. ბანაკის უფროსი მასთან გამგზავრებაში დაეხმარა. ტონიმ, რომელიც იმ დროს ამერიკელი ოფიცრების სამზარეულოს მთავარი მზარეული იყო, თავის ოჯახში ძმასავით მიიღო და თანაშემწედ აიყვანა.

ამ პერიოდში გივი ფორაქიშვილი ჯერ კიდევ ტყვე იყო. მას გერმანიის ქვეშევრდომობა ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის მოქალაქე გახლდათ. 1945 წლის ნოემბრიდან ხშირად აკითხავდნენ საბჭოთა უშიშროების თანამშრომლები და მისგან მოითხოვდნენ საბჭოთა კავშირში დაბრუნებულიყო. ამასვე ითხოვდნენ მისი ამერიკელი უფროსებისგან.

1946 წელს,  თებერვალში ამერიკელი ლეიტენანტის ბრძანებით, გივი ფორაქიშვილი იძულებული გახდა ბანაკი დაეტოვებინა.

საცხოვრებლად გადავიდა გერმანულ პატარა ქალაქში, კიციგენში. ფეხბურთის კლუბის დახმარებით იშოვა ერთი პატარა ოთახი და თავისუფალ დროს ვარჯიშობდა ფეხბურთის მოედანზე. ყველა პატივისცემით ეპყრობოდა, როგორც უსამშობლო ყოფილ გერმანელ ჯარისკაცს. ამ პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე, ილზე, რომელთანაც სამი ქალიშვილი შეეძინა.

გივი ფორაქიშვილი ამერიკაში გერმანიიდან ჩავიდა 1956 წლის 25 ივლისს თავის მეუღლესთნ, ილზესთან და სამი წლის მარინესთან ერთად.

აშშ–ში ახლად ჩასულმა ქართული კოლონიის კრებაზე თითქმის მთელი ქართველობა გაიცნო. მათ შორის იყვნენ სანდრო ბარათელი და გოგი მორალიშვილი. იგი 21 წლის მანძილზე მათთან ერთად მუშაობდა. არაფერი უთაკილია, რაც შრომასთან იყო დაკავშირებული. ხან ცომს ზელდა, ხან ხალიჩებს ბერტყავდა, ერთხანს მზარეულობდა კიდეც და ვერ ივიწყებდა თავის საყვარელ ფეხბურთს. ხანდახან ჩარლი ჩაპლინი ეგონა თავისი თავი, რადგან პირში ლურსმნებ გამოტენილს ყუთების აწყობა ასკინკილითა და ტანგოს ილეთებით უხდებოდა.

გივი ფორაქიშვილი იყო აშშ-ს ქართულ დიასპორაში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება. მიუხედავად სამშობლოდან ამდენწლიანი მოცილებისა, წუთით არ დაურღვევია კავშირი საქართველოსთან. მუდამ დაინტერესებული იყო ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბლით და ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია აქ მომხდარი არც ერთი მოვლენა თუ ფაქტი.

1951 წლამდე გივი ფორაქიშვილის ოჯახს საქართველოში მასზე ინფორმაცია არ ჰქონდა. მხოლოდ მისი დედის, ნატაშა ამბუკაძის გადასახლება იყო იმის მაუწყებელი, რომ გივი ცოცხალი იყო. 1956 წელს მოვიდა გივი ფორაქიშვილის პირველი წერილი. მისი მეორე წერილი ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ჩამოიტანეს.

გივი ფორაქიშვილმა თავისი ცხოვრების ისტორია წერილში „კარაბადინი“ აღწერა. მასში დიდი იუმორითაა გადმოცემული უმძიმესი და უძნელესი ცხოვრება სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი ერთი უბრალო ქართველი კაცისა:

არ ვიცი, როგორ დავიწყო, მაგრამ ეს წერილი არც ოლიმპიადას ეხება და არც ჩემს ოქროს მედლებს, რომელებიც არასოდეს მიმიღია. მინდა ჩემს ბიძაშვილებს და მათ შთამომავლობას მხიარული მოსაგონებელი ამბავი დავუტოვო გადაკარგული ბიძაშვილისა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების მოგონებებიდან ხანდახან გადაიხარხარებთ“, – წერს თავის წერილში გივი ფორაქიშვილი.

მის “კარაბადინში” მრავალი ქართველი ემიგრანტის გვარია მოხსენიებული, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით არის მოწოდებული თითოეულის ცხოვრების ეპიზოდები. ეს ის ქართველები არიან, რომლებმაც ამერიკის მიწაზე თავისი “ალავერდი” შექმნეს. “ალავერდი” მათთვის, მათი შვილებისთვის იყო წმინდა ადგილი, სადაც ისინი თავს ნაღდ ქართველებად გრძნობდნენ. სწორედ ამიტომ, ბატონმა გივიმ თავისი ქალიშვილის ქორწილი ალავერდში გადაიხადა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ გივი ფორაქიშვილმა ნიუ–იორკი დატოვა და ოჯახთან ერთად ფლორიდაში გადავიდა. გარდაიცვალა 1993 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები