ბორბალი უკან რომ დატრიალდეს, ისევ იმ სინათლის გზით ვივლიდი!
„წარმატებულ ემიგრანტ ქალს“- მაკა კვერენჩხილაძეს, ლოს ანჟელესის აეროპორტში „წამოვაწიე“ საგულდაგულოდ შედგენილი კითხვები. მაკა განსხვავებული და გამორჩეული სულის ადამიანია, ინტერვიუს ჩაწერაც საკმაოდ არაორდინალურ სიტუაციაში გამოგვივიდა. მე, თბილისში, რედაქციაში, მაკა კი – ლოს ანჯელესის აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში….მადლობა მას გულახდილი საუბრისთვის…
– მაკა, როდის და რატომ გადაწყვიტე ამერიკაში წასვლა, რა იყო ეს – ბედისწერა თუ იძულება?
– ალბათ, უფრო ბედი ან ამ ბოლო დროს ვამბობ, მისია. ჩემი ამერიკაში წასვლა უფრო ბედი იყო. ანუ გზა, რომლითაც უნდა მევლო მე. მაშინ უკვე სამი შვილის დედა ვიყავი…სამი ბიჭის, რაც თავისთავად გამონაკლისი იყო იმ დროს, 90-იან წლებში. ჩემი უფროსი შვილის სხეულის დამწვრობა გახდა მიზეზი ამერიკაში ჩვენი პირველი მოგზაურობისა. ორ თვეში დავბრუნდით ამერიკელი მასპინძელი ოჯახის მიერ ნაჩუქარი 1000 $ -ით. ეს იყო თანხა, ჩემი ბილეთი გაჭირვებული პირობებიდან ოჯახის გამოყვანის გზაზე. ამერიკაში სამუშაოდ წავედი, სხვისი ხელის შემყურე სამშვილიან დედად რომ არ დავრჩენილიყავი. ალბათ, უფრო ჩემმა დამოუკიდებლობის, სიახლისა და ცვლილებებისკენ მწყურვალმა ჩემეულმა ხასიათმა განსაზღვრა ეს გაბედული ნაბიჯი. სწორედ ამ ხასიათის გამო ექვსი თვის მერე უკანმოუხედავად წამოვედი ამერიკიდან. და სწორედ, მას შემდეგ, ასე ორ კონტინენტს შორის წინ და უკან მიმოსვლა იქცა ჩემ ცხოვრებად. ალბათ, ღირს აღნიშვნად, სწორედ ოქტომბერში დაიწყო ჩემი 20-წლიანი ამერიკული ტურნე, ამ 20 წელში 22-ჯერ ვარ ამ ორ ქვეყანას შორის ნამყოფი. ასე რომ, უფრო ბედს ჰგავს ამერიკა, ვიდრე იძულებას.
– პირველი შთაბეჭდილება “დრიმ ქანთრიზე“, ანუ დაგხვდა თუ არა ოცნების ქვეყანა ოკეანის მიღმა?
პირველი შთაბეჭდილება? მაშინ ისე დაღლილი ვიყავი სამი ბიჭის მოვლით და მერე დამწვრობის სირთულეებით, ამერიკაც ისე სიზმარივით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მსგავს მოლოდინებზე ფიქრისთვის სად მეცალა… გეტყვი რეაქციას. მე და ხუთი წლინახევრის ლევანიკო დამქანცველი მოგზაურობის მერე ჩავფრინდით ცინცინატში, სადაც უკეთილშობილესი მოხუცი წყვილი გველოდა. მანქანით წაგვიყვანეს სახლისკენ, სადაც უნდა გვეცხოვრა. ძილბურანში შევამჩნიე, გზიდან გადავუხვიეთ და ხეივანში აღმართს ავუყევით… მერე გამოჩნდა ყვავილნარში ჩაფლული ულამაზესი და უზარმარი სახლი. გვითხრეს რომ მოვედით. ძალიან გამიჭირდა იმის დაჯერება , რომ ამხელა სახლი ერთ ოჯახს ეკუთვნოდა… მერე მივხვდით, რომ ეს მოხუცები საკმაოდ დიდ და წარმატებულ ოჯახს და ცხოვრებას უძღვებოდნენ. მოხუცი ჟერარი შვეიცარიულ დაზგების ქარხნის მფლობელი იყო. მის შვილს არ ანებივრებდა ნაჩუქარი ფულით. და ეს არ იყო სიძუნწე, არამედ ჭკვიანი ბიზნესმენის და მშობლის ჭკვიანური აღზრდა. მე მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში იცოდნენ დროის ფასი, სიტყვის ფასი, შრომის ფასი. იყვნენ ქველმოქმედნი და იყვნენ კეთილნი. იყვნენ ყურადღებიანნი და დამფასებელნი. უცხო ადამიანებმა მოგვიარეს შვილივით, შეგვიყვარეს და გზა გაგვიკვალეს… მინდა აქვე ისიც აღვნიშნო, რომ ამდენი წლების შემდეგ, ჩვენ ურთიერობას კვლავ ვინარჩუნებთ. სწორედ ორი დღის წინ დამირეკა 99 წლის დედა პაროზმა და მოგვიკითხა.
– “ბილიკები” ალბათ ზოგჯერ რთული და ზოგჯერაც იოლი, რომელს გაუზიარებდი მკითხველს?
– მართლაც, არ მომკლებია არც რთული და არც ლამაზი ბილიკები. რთული იყო მშობლებთან შვილების დატოვება 6-6 თვით სამჯერ; სხვისი შვილების მოვლა როცა შენი გენატრება ადამიანს… ტირილში გატარებული ღამეები, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ოჯახებში მერგო მუშაობა. ადვილი არ იყო სამი შვილის , ორი სამსახურის და ამერიკაში ცხოვრების ლავირება – როცა სახლს ქირაობ, ყველაფერი ნულიდან უნდა ააწყო – არც ავეჯი გაქვს, არც არაფერი… უნდა მოახერხო, უნდა შეძლო, უნდა იფიქრო. ადვილი არც წარმატებულ ამერიკელ ბიზნესმენზე გათხოვება ყოფილა. სხვადასხვა კულტურების, ღირებულებების, ტემპების ფეხის აბმა, გაზრდა და დამკვიდრება ამჯერად, სულ ახალ ამპლუაში უნდა მოახერხო. წამოვმხტარვარ დილის ხუთ საათზე, ხუთ წუთში შხაპიც მიმიღია, მოვმზადებულვარ და მანქანაში ჩავმჯდარვარ სამსახურისკენ; გზაშიც გამომიცვლია და საქორწილოდ გამოვწყობილვარ…
– რას საქმინობდი და ახლა რითი ხარ დაკავებული, როგორ პარალელს გაავლებდი ჩიკაგოსა და თბილისს შორის? 2017 წლის წარმატებული ემიგრანტი ქალის ჯილდო გერგო, როგორ მოხვდი ამ ნომინაციაში?
-ისევე როგორც ემიგრანტების უმეტესობამ, მეც ოჯახებში დავიწყე მუშაობა. ეს ოჯახები თავიანთ მეგობრებთან მაგზავნიდნენ მერე. მე კი შესაბამისად მოლდაველ მეგობარს ანჟელას ვტოვებდი ჩემს შემდეგ ჩამოსვლამდე მათთან ასე რომ, ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით თითქოს. გთხოვების შემდეგ კი, უკვე დიპლომი გამოვიყენე. რეალურად მასწავლებელი ვიყავი ყოველთვის – ხან, ოჯახებში, ხან საბავშვო ბაღებში, ხან სკოლებში – ასისტენტი, ინსტრუქტორი, შემცვლელი. ქართული საკვირაო სკოლის თუ ამერიკის მომავალი ელჩის და მისი მეუღლის ქართული ენის მასწავლებელიც ვიყავი. ამ დროისთვის მე უკვე სამი წიგნი მქონდა გამოცემული. ჩემი იდეით დაედო საფუძვლად პირველი ემიგრანტული პოეზიის კრებულის შექმნას, რომელშიც თავმოყრილია ემიგრანტების ლექსები მსოფლიო მასშტაბით. მეგობართან ერთად ვამუშვებდი ვებგვერდს ქართველ ხელოვანთა შემოქმედების წარმოსაჩენად, ვწერდი ბლოგებს, ვიყავი ჩიკაგოს ქართული სკოლისა და კულტურის ცენტრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჩიკაგოში ვატარებდი „ქართულ შეხვედრებს“; ვიყავი საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენელი ჩიკაგოში და ამ გზით საქართველოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაგვიწვევია დახმაება ჩიკაგოს კულტურის ცენტრს თუ პირადად. აქტიურად ვიყავი ჩაბმული ემიგრაციის საჭირბოროტო საკითხებში და დიასპორის სამინისტროში. ყოველთვის ვუზიარებდი მათ ჩემს ხედვებს ემიგრანტთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ დროს დაიწყო „წარატებულ ემიგრანტ ქალთა“ წარმოჩინება. იდეა და ორგანიზება ქალბატონ ინა ასანიძეს ეკუთვნის. დიასპორის სამინისტროსა და მისი ხელმძრვანელის, ბატონ თემურ ჭკუასელის მხარდაჭერით მოხდა განხორციელება. მეც სწორედ ბატონმა თემურმა წარმადგინა ნომინაციაზე. სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ სიგელი და ჯილდო იმ დროს საქართველოს პრემიერმა კახი კალაძემ გადმომცა.
_ ახლახანს დაარსე “რუსთაველი ფაბლიშინგი”, რას მოიცავს ეს პროექტი და როგორი წარმატებით ახორციელებ?
– გამომცემლობა რუსთველი 2019 წლის 4 აპრილს დავაარსე ჩიკაგოში. ჩემი ბიჭების და განსაკუთრებით, ნიკა მაღრაძის თანადგომით და უშუალო თანამშროლობით მოხდა ამ იდეის ხორცშესხმა შესაძლებელი. თბილისში მცხოვრები ნიჭიერი მხატვარი ილია ჭრელაშვილი ჩვენი ერთგული ძალა და ზურგია.დავიწყე ჩემი წიგნების და მამას წიგნების გამოცემით. მერე საბავშვო წიგნებიც გავაკეთეთ მე და ილიამ. ჩვენ ვართ ერთადერთი გამომცემლობა, რომელიც უპირველესად ემსახურება ემიგრანტებს მსოფლიოს გარშემო, ხორცს ასხამს მათ ოცნებას და სურვილს – წიგნად აქციოს, სამყაროს გაუზიაროს მათი სათქმელი, გამოცდილება,
ემიგრანტობა სულიერ გაჭირვებაში სულის გამობრძმედვაა. მონატრება, დარდი, ტკვილი, მაგრამ ამავე დროს, ახალი ქვეყნისა და კულტურის ტემპებთან ფეხის აბმაა. ადამიანებს უგროვდებათ უამრავი გამოცდილება და ეს გამოცდილება ან შერწყმულია ან კონფლიქტშია უცხო ღირებულებებთან. ემოციური წინაღობების, სირთულეების დროს ადამიანი სულთან კავშირდება და სულის ძახილის გაგონების უნარი კი შემოქმედების შექმნის მთავარი წყაროა. სწორედ ამიტომაა, რომ ძალიან ბევრმა ემიგრანტმა დაიწყო ხატვა, ლექსებისა თუ მოთხრობების წერა. ადამიანებთან ურთიერთობა ქართველთა ბუნებრივი ჯილდოცაა ეს კი, შესაბამისად უამრავ გამოცდილებას გვიგროვებს. „რუსთველი პაბლიშინგი “ ასეთი ადამიანების წარმოჩენის, წახალისების, გამხნევების ხელშემწყობია. ჩვენ გვიკავშირდებიან ემიგრანტები, ვისაც სურს თავიანთი სათქმელი გაუზიაროს მკითხველთა ფართო წრეებს….
თუმცა, ჩვენი გამომცემლობის სახელით გამოცემული პირველი წიგნი არაემიგრანტის იყო. ეს წიგნი არის ცნობილი „ქართული ხმების“ ხელმძღვანელისა და მომღერლის და გენიოსი მწერლის, თემურ ჭკუასელის კინო ცსენარი/ რომანი „სიმღერით გამთბარი მიწა“ ინგლისურ ენაზე. შემდეგ იყო უკრაინელი ავტორის საბავშვო ილუსტრირებული წიგნი, კანადაში მცხოვრები პროფესიით ფსიქიატრ, თამარ ნადირაძის ემიგრანტის მემუარული ნაშრომი „წითელი ფიქრები“, და ჩემი ახალი წიგნი , ჩანაწერებისა და ლექსების შერწყმა ასათაურით „დალეკო ოტ სჩასტია? ანუ ჩაიხედე სარკეში“.
ამჟამად, ვმუშაობთ რუსი ავტორის საბავშვო ილუსტრირებულ წიგნზე.
ჩვენ დისტრიბურტორის როლიც შევითვისეთ და საბავშვო პოეტის გივი ჩიღვინაძის ლექსები განვათავსეთ ჩვენს მაღაზიაში….აგრეთვე, ნიუ იორკში მცხოვრები მწერლის, ქეთი იმერლიშვილის დეტექტივი „ სისხლიანი ცეკვა“.
ამ მოკლე პერიოდში ჩავატარეთ პრეზენტაციები ნიუ იორკში, ფილადელფიაში, ჩიკაგოსა და თბილისში.
ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული წიგნები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიუვათ მკითხველებს. გამომცემლობის სტილი, ამავე დროს, მსოფლიო ეკოლოგიის მოვლის კვალდაკვალ მიდის. წიგნები დაიდება მხოლოდ მისი ყიდვის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, თაროებზე არ იდება კილოგრამობით მაკულატურა. ჩვენი გამომცემლობა ამ კუთხით ცოცხალი ორგანიზმია.
– წერა როდის დაიწყე, მუშაობ ახალ წიგნზე?
– წერისთვის დროც არ მომეცა, ისე აირია ცხოვრება 90-იანი წლებიდან, თუმცა დღიურებს სულ ვწერდი ჩემთვის და ამერიკული მოგზაურობის დღიურები რამდენჯერმე გამოვაქვეყნე კიდეც…. 2011 წელს კი ნიაღვარივით გადმოხეთქა დაგროვილმა გამოცდილებამ, ტკივილმა, სათქმელმა მემუარული პროზის სახით. შემდეგ იყო ლექსები, ჩანაწერები, და ინგლისურ ენაზე მემუარი…სწორედ ინგლისურენოვანი წიგნის გამოცემის გზების გაკვალვისას გავერკვიე და შევისწავლე გამომცემლობის მუშობის შესახებ.
ამჯერად, საკუთარ წიგნზე არ ვმუშაობ, იმდენი ავტორი გვყავს მისახედი. მათი წიგნების შექმნის პროცესი საოცრად აღმაფრთოვანებელია. აი, მაგალითად ანსატასიას სავაბშვო წიგნი – თბილისში ვარ, ხან ესკალატორით ამოვდივარ მეტროდან, ხან გაომცემლობებთან შეხვედრაზე მივქრივარ, მომდის ილიას მიერ შექმნილი სცენა-სიუჟეტი. ფერები და მთლიანად ფაქტი სულს მიბედნიერებს – აქამდე მოსვლა ხომ რადენს ითვალისწინებს – შეხვედრა ავტორთან, მანძილები, დრო, ფიქრი, ენერგია… მომენტალურად ვაჭერ ხელს და ვუგზავნი ანასტასიას. ის ამერიკაშია. ბედნიერია. ანუ, ჩვენი საქმიანობა ბედნიერების ჯაჭვია. რგოლების რაოდენობა იზრდება და წრე ფართოვდება. მიხარია და მეამაყება, ნამდვილად.
– “დრაივი” გიყვარს, თან სულ ფორმაში ხარ, როგორ ახერხებ სამი შვილის დედა ამ ყველაფერს?
-ეს ალბათ ბუნებრივი ჯილდოცაა და მაგალითიც მუდმივად მაქვს – მამა , 91 წლის მწერალი რევაზ კვერენჩხილაძე მუდამ რაღაც ახლის ძიებაშია. სამართლიანობა და სინათლე მიყვარს. ამერიკაში ჩემი დაუღალავად ძიების მასტიმულირებელი ჩემი შვილები იყვნენ. არ მსურდა მათ დაეკარგათ კავშირი ქართულ სულთან, ქართულ ენასა და ლიტერატურასთან, სამშობლოსთან, ბებია-ბაბუების სიყვარულთან -ალბათ საბავშვო წიგნებიც სწორედ მათთვის გავაკეთე პირველად. და ისედაც, ჩემმა ტყუპებმა სიტყვა ჩამომართვეს 2011 წლის ნოემბერში, როცა წერა დავიწყე და გაგრძელების ძალა არ მყოფნიდა ვადა დამიდეს და თუ არ დავასრულებდი, ჯარიმა 50 $ უნდა გადამეხადა, ოღონდ დღესაც არ ვიცი, 50 $ თითოს თუ ერთად…
– რას ურჩევ შენი ქვეყნის შვილებს, ვინც აპირებს თავისი ბედი უცხო ქვეყანას დაუკავშიროს?
– დღეს, 2019 წელს და უკვე რამდენი წელია, მე, საქართველოდან უცხოეთში წასვლის და იქ დარჩენის სურვილით შეპყრობილთ არ ვურჩევ ამ ნაბიჯის გადადგმას! იმ დროს , როცა ჩემმა თაობამ დაიწყო უცხოეთში გზების გაკვალვა, ეს იყო გადარჩენა მატერიალურად და იქნებ, ბევრ შემთხვევაში ფიზიკურადაც. საქართველო უკვე გამოსულია ამ მდგომარეობიდან. საქართველოს აქვს მთავარი სიმდიდრე – ძვირფასი მიწა. ადრე ასეთი ჯგუფიც შევქმენი – ჩვენ გავაცოცხლებთ ქართულ სოფელს!
უამრავი რამაა შესაძლებელი საქართველოში და იქნებ უფრო იოლადაც. მაგრამ შრომაა საჭირო, უშრომელად არაფერი მოდის. ამერიკა რომ ასე ლამაზად ჩანს ქართველის თვალში, უწვალებლად არაა მოსული. ყველა ლამაზი ფასადის მიღმა გათენებული ღამეები, დაღლა, ფიქრი, დაგეგმვა და უპირველესად , მიზანდასახულობა დგას.
– რას აფასებ ყველაზე მეტად ამერიკელ და ქართველ ხალხში?
– ამ 20 წელში ერთ მთავარს მივხვდი , ადამინების სიკარგე და სიცუდე ეროვნების მიხედვით არ იყოფა. კარგი და ცუდი ყველა ერშია. თვისებები და ხასიათები კი, განსხვავდება, მაგრამ მუშაობაა საჭირო საკუთარ თავზე მუდამ. წარმატებული ამერიკელები მუდივად იზრდებიან, სწავლობენ, ვარჯიშობენ, არ დუნდებიან. ცხადია, მათში უფრო ბუნებრივადაა ბიზნესხედვა. ისინი უფრო პრაგმატულნი, ნაკლებემოციურნი, შრომისმოყვარენი, ენერგიულნი, მიზანმიმართულნი არიან.
ქართველს ადამიანებთან ურთიერთობის ბინებრივი ნიჭი, შემოქმედებითი ხედვა, რომანტიული ბუნება აქვს. ეს ჯილდოა. მაგრამ მარტო ტრაბახით ვერ წავალთ წინ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვებისგან და ერთმანეთისგან. და ესაა სწორედ ჩვენი ნაკლი – ჩვენი სიამაყე ერთი გულისტკივილი – უცხოელი წყაროსავით ეწაფება ყველაფერ კარგს და სწავლობს უცხოელიდან. ჩვენ ქართველები თითქოს ნაკლებად ვცდლობთ კარგი შევითვისოთ. იოლად გვინდა მოვიდეს ყველაფერი.
-უკან რომ დატრიალდეს შენი ცხოვრება,დღევანდელი გადასახედიდან,ისევ ამ ნაბიჯს გადადგამდი თუ…დარჩებოდი საქართველოში?
-როცა ვიღლები ემოციურად , ხშირად ვწუწუნებ. ამდენი წელია ვეძებ პასუხს კითხვაზე: რატომ წამოვედი? რატომ წამოვიყვანე ჩემი შვილები? კი, მართალია, ემოციურად რთული იყო ეს გზა, მაგრამ გავიზარდე ემოციურადვე. ორი წლის წინ ვთქვი „მე ვარ ახალი მაკა!“ და ეს მართლაც ასეა, მე ორივე სამყაროს ღირებულებების შერწყმა მოვარხერხე. რამდენადაც იდეალისტი ვიყავი მატერიალსტურ სამყაროში, ახლა გავათანაბრე შეძლებისდაგვარად ეს ორი უნარი თუ ხედვა ჩემში. მარტო ემოცებით 21-ე საუკენეში ვეღარ გადარჩება ადამიანი, არც მარტო პრაგმატიზმი და მატერიალიზმია წინსვლა. დღეს, როცა ასე სულს ღაფავს სულიერება სამყაროში, მას ორივე სახის თვისება, ნიჭი, უნარი ჭირდება. იქნებ ჩვენ მისია გვაკისრია ამ კუთხით. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ვერასდროს ვეგუებოდი და ვეგუები სიზარმაცეს, სიზანტეს, ნეგატიურ სიტყვებს, მხოლოდ ცუდის ძიებას. ბორბალი რომ უკან დაბრუნდეს, იგივე სინათლის გზით ვივლიდი.
– როცა ძალიან გენატრება აქაურობა და ნოსტალგიით ხდები „ავად“, რომელი წამლით მკურნალობ თავს?
– ამ წლებში, სულიერად გაჭირვების დროს, ნოსტალგიასთან ჭიდილისას ვამბობდი: როცა მომაკლდება ჰაერი და წყალი, საქართველოში მივდივარ-თქო . და ეს მართლა ასე იყო. ჩვენ, ემიგრანტები, ბუნებრივ საკვებს, ბუნებრივ ნიადაგს მოკლებულ-მოწყვეტილნი ვართ. რა ძლიერი ყოფილა ემიგრანტი, განსაკუთრებით ქართველი, რადგან მას ემოციური ლტოლვა უფრო ძლიერი აქვს, რომ ამ სირთულის მიუხედავად, მაინც ღირსეულ ნაბიჯებს ირჩევს და გაძლიერებული გამოდის. ამას დაფასება ჭირდება სამშობლოში მცხოვრები ქართველების მხრიდან. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ემიგრანტობა ორმაგი ტვირთია, გადარჩენისთვის ოrმაგად ბრძოლაა დღევანდელ რთულ ერაში.
– სიახლეები და შენი მომავალი გეგმები
– გეგმები უამრავია. მალე გამოვცემთ ისევ არაემიგრანტი მწერლის ძალიან საინტერესო ნოველების სერიას, რომელთა შეძენას ბევრი ემიგრანტი ელოდება. გვიკავშირდებიან ახალი ავტორები, იზრდება ჩვენი წიგნების „ენა“-ახლა უკვე უკრაინულ ენაზეც სურთ გამოცემა. შესაბამისად იზრდება ჩვენი თანამშრომლების სიაც. ვემზადებით პრეზენტაციების, წიგნის კლუბებსა და ბიბლიოთეკებში ამერიკელ მკითხველებთან შეხვედრებისთვის.
ჩვენ გუნდში სათანამშრომლოდ ვირჩევთ დაუზარელ და ერთგულ ადამიანებს ეროვნების და მიუხედავად!
ჩვენს გამომცემლობაში წიგნებს ვარჩევთ ერთი კუთხით – გამოსჭვიოდეს მათგან სინათლე! – იმედი, ცოდნა, დადებითი ენერგია, მომავლისკენ სვლის გზები, საღი აზროვნება, მოტივაცია. სიკეთის დანახვის და დაფასების უნარი , სხვისი წარმატების აღიარების უნარი!
– შენი გამორჩეული ლექსი…
– ჩემი ლექსები სირთულეებზე გამარჯვების დასტურ ბეჭედივით ისმებოდა – იწერებოდა. შესაბამისად, ყველა სხვადასხვა სატკივარს ეხება. ჩვენი ინტერვიუს ხასიათიდან და არაჩვეულებრივად დასმული კითხვებიდან გამომდინარე, მე ამ ლექსით თუ ჩემი მოტოთი, მამოძრავებელი მუხტით ვამთავრებ ახალი წიგნიდან:
ესეც ახალი, 2019 წლის დებულება
ვირწმუნებ კარგს,
ჩამოგხსნი დარდს,
გამოვჭრი ყველასთვის
ღიმილის თარგს.
დავხუჭავ თვალს,
ვიხილავ ზღვას,
წყენას და მოწყენას
გავატან ქარს,
დავხატავ თოვლს…
სიმშვიდის მთოვს,
მზის სხივებს ჩავაქსოვ
სიკეთეს, მქროლს,
ვამღერებ სიყვარულს,