1937 წლის 7 სექტემბერს დიდი ქართველი მეცნიერი, გიორგი ელიავა დახვრიტეს

ელიავა გიორგი გრიგოლის ძე დაიბადა საჩხერეში 1892 წლის 26 იანვარს, მიკრობიოლოგი, ბაქტერიოლოგი. სწავლობდა ნოვოროსიისკის, ჟენევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. ეს უკანასკნელი დაამთავრა 1916 წელს. იმავე წელს ელიავა დაინიშნა ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 1917 წლიდან კი თბილისის ცენტრალური ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიის გამგედ. 1918–1921 და 1925–1927 წლებში ის მეცნიერულ კვლევებს აწარმოებდა საფრანგეთში, პასტერის ინსტიტუტში. სწორედ ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდა კანადელი ბაქტერიოლოგი, ბაქტერიოფაგების აღმომჩენი ფელიქს დერელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო პრაქტიკაში ბაქტერიოფაგის გამოყენებას. მისი და გიორგი ელიავას ჩანაფიქრით უნდა შექმნილიყო ინსტიტუტი, რომელიც გახდებოდა ბაქტერიოფაგების შესწავლისა და კვლევის მსოფლიო ცენტრი. 1923 წელს გიორგი ელიავას ინიციატივით და დერელის დახმარებით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც გიორგი გახდა. 1927 წლიდან ის განაგებდა თსუ – ს ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან — მიკრობიოლოგიის კათედრებს. 1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. 1936 წელს დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. დღეს მისი სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ფაგოთერაპიის ცენტრი შეიცავს ბაქტერიოფაგების უნიკალურ კოლექციას, რის გამოყენებითაც წარმატებით მკურნალობენ პაციენტებს მთელი მსოფლიოდან.

1937 წლის 23 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა.

გამსამართლებელი ორგანო: საქართველოს სსრ-ს უმაღლესი სასამართლოს სპეციალური სესია

მონაწილეობდნენ:  ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე.

საქმის მასალებიდან არ ჩანს, თუ რა გახდა გ.გ. ელიავას პასუხისგებაში მიცემის მიზეზი. როგორც გ. გ. ელიავას ჩვენებიდან ჩანს, 1918 წელს თბილისში იგი გადაიბირეს საჯაშუშოდ საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. ელიავა აგროვებდა და გადასცემდა მათ ინფორმაციას ქართველი ხალხის განწყობისა და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფრანგული გავლენის  შესახებ. როგორც ჩანს ელიავას ჩვენებებიდან, 1924 წ. წითელ არმიაში საჯაშუშოდ მან გადაიბირა ქართული დივიზიის პოლკოვნიკი, ალექსანდრე მოსიძე, ფსევდონიმით „ამო’’, რომლისგანაც ელიავა იღებდა მასალას საბჭოთა არმიის სტრუქტურასა და სიძლიერეზე, რისთვისაც თითო მოხსენებაში უხდიდა მას ანაზღაურების სახით 500-600 მანეთს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ელიავამ საფრანგეთის დაზვერვის წარმომადგენლის დავალებით კავშირი დაამყარა ბუდუ მდივანთან და კარპ მოდებაძესთან, რომელთაგანაც იგი სისტემატურად იღებდა ინფორმაციას ქართული ნაციონალისტური ცენტრის საქმიანობის შესახებ. ელიავა თავის ჩვენებებში ამბობს, რომ ინგლისური დაზვერვის დავალებით იგი ატარებდა დივერსიულ საქმიანობას და ახალ წევრებს იბირებდა საჯაშუშოდ ინგლისური დაზვერვის სასარგებლოდ. როგორც გ. გ. ელიავა 1937 წლის 7-9 ივნისის დაკითხვაზე აცხადებს, ბუდუ მდივანი შეუთანხმდა მას ომის დროს საბჭოთა არმიის საწინააღმდეგო დარტყმისას ბაქტერიოლოგიის გამოყენებაზე და გააფრთხილა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მას დაუკავშირდებოდა მიხეილ ოკუჯავა. ელიავას თქმით, 1935 წელს, ბუდუ მდივანმა შესთავაზა მას, რომ  ბაქტერიული მიკრობების საშუალებით მოეწყოთ ტერაქტი ბერიას წინააღმდეგ, მაგრამ ელიავამ ამაზე უარი უთხრა.

გიორგი ელიავასთან მიმართებით სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები საქმეში არ ფიგურირებს, თუმცა არის 20.11.1940 წ. საქ. სსრ შინსახკომის I განყოფილების ყოფილი უფროსის ცნობა იმის შესახებ, რომ სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გიორგი გრიგოლის ძე ელიავას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. განაჩენი კი აღასრულეს 1937 წლის 7 სექტემბერს.

რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 22.08.1957 წლის განჩინებით, საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

რეპრესირებულთა ისტორიები – 1937-1938

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები