ნენე ჟვანია ჰარვარდში სწავლა სრული დაფინანსებით განაგრძობს

18 წლის ნენე ჟვანია ამერიკის შეერთებული შტატების ოთხმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ – ჰარვარდის, პენსილვანიის, კორნელის უნივერსიტეტებმა და უილიამსის კოლეჯმა – სრული დაფინანსებით მიიწვია. საბოლოოდ, მან არჩევანი ჰარვარდზე შეაჩერა და მომავალი წლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებებისა და ფიზიკის შერეულ საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„გოგონა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს“, – ასე ახასიათებენ ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნენე ჟვანიას მისი მეგობრები.

„სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე თვითმმართველობის თავმჯდომარე გახდა, აიღო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ოქროსა და ბრინჯაოს, ასევე, ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ვერცხლის მედლები. ნენე გოგონათა შორის საქართველოში ყველაზე დიდი კოდირების შეჯიბრის „Technovation Girls Sakartvelo“-ს ორგანიზატორია. სკოლის პარალელურად ის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში გადის სტაჟირებას და საერთაშორისო ტურნირებისთვის მონაწილეთა ფორმების დიზაინზეც მუშაობს. ნენე საკუთარი შესაძლებლობების  წარმოჩენას არ ერიდება და თვლის, რომ წარმატება მხოლოდ მიზნების ერთგულებით მიიღწევა“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნენე ჟვანია: „მთავარია იპოვო სფერო, რომელიც გულწრფელად გაინტერესებს და არასდროს მისცე სხვებს უფლება, შენს არჩეულ გზას უხეშად შეეხონ. თუ ვინმე ამბობს, რომ შენი ინტერესი აბსურდულია ან მზად არ ხარ, წარმატებას მიაღწიო – პრობლემა მასშია და არა შენში.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები