წაჩხურობა – ვედრება შვილიერებისთვის – წაჩხურუს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის დღესასწაული
ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს წაჩხურუს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან… მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. იმ მიზნით, თუ უფალი მათ შვილს აჩუქებს, მას ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან.
„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან.
მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს.
სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.
ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს…