თავისუფალი სვანეთის დროშის ლემის ბუნიკი – XIII საუკუნე

ერთიანი სვანეთის დროშა “ლემი” შეკერილი იყო ყვითელი აბრეშუმისგან, თუმცა უფრო ახლო წარსულში ბამბის ქსოვილისგან შეკერილ დროშას იყენებდნენ.

ძველი აბრეშუმის დროშა ექვთიმე თაყაიშვილმა მოიძია, თბილისში ჩამოიტანა და მუზეუმს გადასცა. ლომის მთელი სხეულის სიგრძე, კუდის ჩათვლით, 2 მ და 24 სმ-ია. დროშას ჰქონდა ცხოველის ფორმა, მოძრაობისას ჰაერით ივსებოდა და იბერებოდა. ცხოველის თავსა და ტორებზე ნაჭრით გამოსახული იყო ჯვრები, სახის არე ნაწილობრივ მოქარგული იყო. ლომს ჩაკერებული ჰქონდა ყურები, რომელიც ჰაერით ავსებისას იცქვიტებოდა.

დროშის გრძელი ხის ტარი სრულდებოდა ფართე ვერცხლის თავით.

ბუნი შემკულია ჭედურობით და დაფერილია ვერცხლით. ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა: “უბედნიერენ ღმერთმან ერთობილსა ხევსა ბედნიერსა სუანეთისასა ლომი და დროშის თავი დროშითურთ, ჩემ დიდისა მონასტრისა წინამძღურისა გრიგოლ კოპასძისაგან მოხსენებული”. წარწერის გვერდით გამოსახულია უღრის მთავარანგელოზი, ბუნიკის მეორე მხარეს კი – წმ. იონა ლატალისა და წმ. გიორგი სეტისა.

თავისუფალი სვანეთის დროშის ლემის ბუნიკი. XIII საუკუნე. ვერცხლი. მოოქრული.

ფოტო: ლუკა ნავერიანი

წყარო: სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები