დღეს წმიდა ილარიონ ქართველის ხსენების დღეა

წმიდა ილარიონ ქართველი (ერობაში – იესე ყანჩაველი) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იესე ბიძამ ბერდიაკონმა სტეფანემ, თავისთან წაიყვანა მონასტერში.

მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა-კურთხევისთვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა, ურჩია: „შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დაბრუნდი შენს სახლში. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, აგრეთვე შენი ბერის ლოცვები, ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანენ, როცა ღვთის ეკლესიისა და შენი ერისთვის სასარგებლო იქნები“. შინ დაბრუნებული ყმაწვილი, მამამ მალე ქუთაისის სასახლეში მიიყვანა და მეფის კარზე მიაბარა აღსაზრდელად. მეფემ გადაწყვიტა სისპეტაკით და ღვთისმოსაობით გამორჩეული იესე მღვდლად ეკურთხებინა, რომ მისი სახით საიმედო მოძღვარი და მრჩეველი ჰყოლოდა.

იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული, სახელად მარიამი. მალე, წმიდანი მღვდლად აკურთხეს და მეფის კარის ეკლესიაში დაადგინეს.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, რუსეთის მთავრობამ იმერეთის მეფესთან დაიწყო მიმოწერა მისი სამეფოს რუსეთთან შეერთების თაობაზე.

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის ფონზე, თავი იჩინა სამეფო ტახტის სიმტკიცის შერყევითა და სხვადასხვა გარემოებებით გამოწვეულმა შურმა, ანგარებამ და ღალატმა. მეფე სოლომონის წინაშე ორი არჩევანი იდგა, ან რუსეთში „საპატიო“ მდგომარეობაში ცხოვრება, რისთვისაც ძალიან დიდი თანხები იყო გამოყოფილი რუსეთის მიერ, ან თურქეთში გაქცევა და იქიდან სამეფოს დაბრუნებაზე ზრუნვა. დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა თურქეთში გადასულიყო. პროტოპერსვიტერმა იესე ყანჩაველმა არც ამ განსაცდელში მიატოვა მეფე – მცირე ხანში მანაც არზრუმს მიაშურა და სოლომონ II-ის ყველა ჭირსა და ტკივილს იზიარებდა. სოლომონ II თურქეთში აღესრულა 1814 წელს. მისი ნეშტი ტრაპიზონის მიწას მიაბარეს.

მამა იესემ შესძლო, მეფის ამალაში მყოფი დიდებულებისთვის რუსეთის მეფისაგან წყალობა გამოეთხოვა: ყველას დაუბრუნდა ადრინდელი წოდებები და მამულები. თავად იესე მშობლიურ კუთხეში აპირებდა დაყუდებულ ცხოვრებას. მაგრამ დედოფალმა მარიამმა მოსკოვში უხმო, სადაც იგი სოლომონის თურქეთში გადასვლის შემდეგ ჩაეყვანათ. მან მოსკოვში ჩაიტანა მეფე სოლომონის მიერ თურქეთში წაღებული უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი. დედოფალმა იგი სასახლის ეკლესიაში მოათავსა. იმპერატორის კარზე გამეფებულმა ფუფუნებამ და განცხრომამ ძალიან დაამძიმა მამა იესეს ღვთისმოყვარე სული. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეიცვალა და 1819 წელს ათონის წმიდა მთას მიაშურა.

ათონელ ბერებს წმიდანი მოსალოცად ჩასულ ღარიბ ქართველად გაეცნო. მან ჯერ ივერონი მოილოცა, შემდეგ კი დიონისეს მონასტერში გადავიდა.

1821 წელს წმიდანი ბერად აღიკვეცა ილარიონის სახელით.

მამა ილარიონი სიყვარულით ასრულებდა მორჩილების საქმეებს. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბერძნულის უცოდინარობის გამო ღვთის სიტყვის სმენას მოკლებული იყო, ამიტომ იღუმენისგან ითხოვა კურთხევა, ქართული წიგნების გამოსათხოვად ივერონში წასულიყო. მამა ილარიონი იცნო ბერძენმა არქიმანდრიტმა, რომელმაც იგი ჯერ კიდევ მოსკოვში გაიცნო. მალე მთელს ათონს მოეფინა ხმა იმის შესახებ, რომ მონასტერში უბრალო ბერის სამოსით მეფის მოძღვარი იმალებოდა. ამიერიდან მას ყველგან თან სდევდა საერთო პატივისცემა. ამგვარი მოპყრობით შეწუხებული მამა ილარიონი დიონისეს მონასტრის ახლოს, უდაბნოში გადასახლდა.

ამ ხანებში მთელს საბერძნეთში საშინელი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული: თურქები დაუნდობლად ჟლეტდნენ აჯანყებულ ბერძენ ქრისტიანებს. 1822 წელს აბდულ რობუტ-ფაშა მრავალრიცხოვანი ლაშქრით ათონის საზღვართან დაბანაკდა და ბრძანა, ყველა მონასტრის წინამძღვარი ხლებოდა. დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცლვად ურჯულოს წინაშე მოწამეობის სურვილით ანთებული მამა ილარიონი წარდგა სხვა ორ ბერთან ერთად. როცა ფაშამ შეიტყო, რომ მამა ილარიონი ქართველი იყო, გაიხარა, აღმოჩნდა, რომ თვითონაც ქართველი ყოფილა. ბავშვობაში თურქებს მოეტაცათ და გაემაჰმადიანებინათ. მან წმიდანს მოუწოდა, დაეტოვებინა ათონი, სანაცვლოდ კი საკუთარ სასახლეს სთავაზობდა თესალონიკში. მამა ილარიონმა მტკიცე უარით უპასუხა და ამხილა ქრისტეს უარმყოფელი.

ათონზე დაბრუნებული მამა ილარიონი წუხდა, რომ ვერ მიემთხვია მისთვის სანატრელ მოწამეობრივ აღსასრულს. მან წინამძღვრისაგან კურთხევა გამოითხოვა და ხელახლა ეახლა ფაშას.

წმიდანი სამი დღე ზედიზედ მიდიოდა ფაშასთან, ამხელდა მის უსჯულოებას. მეოთხე დღეს მამა ილარიონმა ფაშას მუსულმანობისა და თვით მისი დამაარსებლის, მუჰამედის სიცრუეზე დაიწყო საუბარი. ფაშამ სიცილით იკითხა: „როგორ ფიქრობ, სად წავალთ ჩვენ?“ მამა ილარიონმა ირგვლივ შემოკრებილი სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე უამრავი ადამიანის წინაშე გაბედულად განაცხადა, მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შობილი ჭეშმარიტი მორწმუნენი გადარჩებიანო. მაშინ ყველა ირგვლივ მყოფმა ერთად შესძახა: „სიკვდილი მაგას!“ და აბდულ-რობუტ-ფაშაც იძულებული გახდა, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გაეცა. მამა ილარიონი სიხარულით გაჰყვა აღტკინებულ ბრბოს დასჯის ადგილისკენ, მაგრამ ორმა წარმოშობით ქართველმა ჯარისკაცმა ფაშასგან კვლავ მისი გათავისუფლების ნებართვა გამოითხოვა: თავი მოგვეჭრება, რას იტყვიან ჩვენზე, ერთი თანამემამულე შეგვხვდა და ისიც მოვკალითო.

წმიდანს ათონზე დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ მან მოყვასის სიყვარულით გამო ტუსაღთა მსახურების ღვაწლი იტვირთა: ექვსი თვის მანძილზე თავგანწირვით ემსახურებოდა თესალონიკის ციხეში გამომწყვდეულ პატიმრებს. მამა ილარიონმა ბევრი პყრობილი გადაარჩინა აშკარა სიკვდილს, ბოლოს კი, ღვთის ჩაგონებით, დატოვა თესალონიკი და ათონის გზას დაადგა.

წმიდა მთაზე დაბრუნებული მამა ილარიონი სამი წელი ცხოვრობდა გამოქვებულებში. აქ მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: პარასკევობით არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში წვრილყელიან ხაპში ჩაყრილი დანამცეცებული ორცხობილიდან იმდენს იღებდა, რომდენიც ერთ პეშვს ამოყვებოდა და ამას სჯერდებოდა. წყალსაც ცოტას სვამდა – ერთ ჭიქას დღეში. ხშირად დემონები საზარელი სახით ეცხადებოდნენ წმიდანს.

მლოცველები ხშირად არღვევდნენ მამა ილარიონის მყუდროებას, ერთ დღეს ბერმა, დატოვა გამოქვაბული და ტყეში მიიმალა. ძლიერმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად ისე დაასუსტა წმიდანი, რომ იძულებული გახდა, დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო. მეგობრის, ქართველი ბერის, ბენედიქტეს ზედამხედველობით წმიდანი თანდათან მომჯობინდა. ამის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ივერონში, დიონისეს მონასტერში რუსიკში…

ივერონში მან წიგნთსაცავს მიხედა. შეადგინა კატალოგი, შემდეგ წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონაწერები გააკეთა, რაც თორმეტ ტომად მოამზადა სათაურით „ყვავილნარი“. წიგნებში, ძირითადად, წმიდანთა ცხოვრება იყო აღწერილი, ეს კრებული გადაეცა ზოგრაფის იღუმენს, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა. მან გამოსცა თორმეტივე ტომი ქართულად ენაზე, შემდგენლის მიუთითებლად.

სიცოცხლის მიწურულს წმიდა ილარიონი მძიმედ დასნეულდა, რისთვისაც ღმერთს მადლობდა. „დიდება უფალს! მსურდა მოწამეობა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა, ახლა კი ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამობის ტოლია, თუ მოთმინებით და ღვთის ნების ერთგულებით გადაიტან“.

სიკვდილის წინ მამა ილარიონს თავისი მოწაფისთვის, მამა საბასთვის უთხოვია, მისი ნეშტი მალულად დაეკრძალა. გარდაიცვალა 1864 წლის 12 თებერვალს.

მამა საბა იძულებული გახდა მამა ილარიონის საფლავის ადგილსამყოფელი გაეცხადებინა. 1867 წელს, ამაღლების წინა ღამისთევის ლოცვისას, ბერებმა ამოასვენეს მამა ილარიონის წმიდა ნაწილები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას გამოსცემდა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მღვდელსქიმმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი) წმიდანთა დასში აღირიცხა და ეწოდა ილარიონ ქართველი ახალი.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“

თბილისი, 2004 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები