წმიდა მოწამე აშოტ დიდი კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)
დღეს არტანუჯის ტაძარში წამებული, წმიდა მოწამე აშოტ დიდი კურაპალატის ხსენების დღეა.
წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.
ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. „თბილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი, თჳნიერ ალი შუაბის ძისა“, ქართლის შემომტკიცების შემდეგ ბარდავიც ქართლს შეუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის „სახლად იყო ტფილისი და ბარდავი“. ამასობაში არაბთა ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, „განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღმდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან“. თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტი იძულებული გახდა, ქართლს განრიდებოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად. ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხათ თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მას ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი განსჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და „მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ“.
სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, „რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანაჲსანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოჴერნი აღაშენნა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა“. აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯეთელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. „მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა“.
კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მიდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშემოსილი მამების გვერდით საქართველოს კეთილ მომავალს ჭედდნენ.
საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი წმიდა აშოტ დიდი ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა თავის სასახლეში წმიდა მამა გრიგოლი, „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე: „არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.
წმიდა აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადაც შეეწია. „შესწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“. მეფის შვილებმაც – ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოთა ასაღორძინებლად.
ბრძოლებში შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ზნეკეთილ მეფეს, „გარდარეული სიყუარულით“ შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლმა შეიტყო „საქმეჲ იგი სულისა განმხრწნელი“, „შეწუხდა ფრიად“, ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, „რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა“. ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას (ხს. 5 ოქტომბერს) მიჰგვარა. მეფემ დედა თებრონიას ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ მკაცრად შეახსენა მეფეს, „მიზეზებად მიზეზთა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა „სულით ძლიერი“ დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“. ღვთისმოშიშმა მეფემ, რომელსაც „მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ“ ძლია მის პირად გრძნობებს და მიუხედავად უდიდესი შინაგანი ბრძოლისა „სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გჳრგჳნოსან-მყოფელთაჲ“.
ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.
წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახჳლითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, – წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“.
ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკივა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ“.
ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.
წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.