„ლამაზმა ქალმა ხელი დამიქნია, თავისკენ მიხმო, ბილეთი გადმომცა და კინოთეატრში შემიძღვა“…

დრამატურგი რეზო კლდიაშვილი საინტერესო ამბავს იხსენებს, ამბავი 60 – იან წლებში ქუთაისში ხდება და ერთ ერთი ქართული ფილმის იქაურ პრემიერაზე მოგვითხრობს, მთავარი მოქმედი პირი კი ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი მეგი წულუკიძეა.

“ქუთაისი… ჩვენს უბანში – საფიჩხიაზე, ხარაზოვების ბაღში, კინოთეატრი გაიხსნა, სადაც ქართული ფილმების პრემიერებიც იმართებოდა. ყოველი ახალი ქართული ფილმის გამოსვლა ეკრანებზე მოვლენა იყო. უბანში ხმა დაირხა, ფილმ “პალიასტომის ტბის” ქუთაისურ პრემიერას არტისტები და რეჟისორიც დაესწრებიანო. უბნის ბიჭები დიდი თუ პატარა ვცდილობდით როგორმე ბილეთი გვეშოვა, შეძრომასაც ვიკადრებდით, მაგრამ პოლიცია იცავდა იქაურობას და ახლოსაც არ გვაკარებდნენ. იმედი რომ გადაგვეწურა და ფილმიც თითქმის იწყებოდა.ლამაზი ქალი გამოვიდა ბილეთით ხელში, ვიღაცას ელოდებოდა. იმედი, მასაც რომ გადაეწურა, ჩვენკენ გამოიხედა და ბილეთიანი ხელი მაღლა ასწია, მისცვივდნენ უბნელი ბიჭები. მე კიდევ, ნაბიჯიც ვერ გადავდგი. ლამაზმა ქალმა ხელი დამიქნია, თავისკენ მიხმო, ბილეთი გადმომცა და კინოთეატრში შემიძღვა. ფილმი რომ დაიწყო, თვალებს არ ვუჯერებდი, ეკრანზე ის ქალი რომ დავინახე. ვინ აღმოჩნდა ის ლამაზი ქალი? – მეგი წულუკიძე!

ფილმი “პალიასტომი” რეჟისორმა სიკო დოლიძემ 1963 წელს, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით გადაიღო და მასში კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობები მონაწილეობენ: სერგო ზაქარიაძე, გურამ საღარაძე, დუდუხანა წეროძე, ზეინაბ ბოცვაძე, მეგი წულუკიძე, ვახტანგ ნინუა და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები