სალვადორ დალის ოფიციალური გვერდი თავად არჩილ გურიელის პორტრეტს აქვეყნებს
სალვადორი დალი – “თავად არჩილ გურიელის პორტრეტი” სოციალურ ქსელში- დიდი ესპანელი სიურეალისტი მხატვრის ოფიციალურ გვერდზე მისი ნამუშევარი – ქართველი თავადის – არჩილ გურიელის პორტრეტი გამოქვეყნდა, ნამუშევარი ავტორმა 1954 წელს შეასრულა. თავად არჩილ გურიელს ქართული ეროვნული სამოსი აცვია, როგორც ისტორიული წყაროებიდან ცნობილია ქართველი თავადი და დიდი მხატვარი ახლო მეგობრები იყვნენ და სალვადორ დალიმ შექმნა როგორც არჩილის, ისე მისი მეუღლის პორტრეტები.
ნახატზე, არჩილ გურიელის პორტრეტის ფონზე ქართული ლანდშაფტი, კლდეზე მიჯაჭვული ამირანი, ქრისტიანული ტაძარი და ზღვაში მცურავი ორი გემი ჩანს- რომელიც შესაძლოა მედეას მითსა და “ოქროს საწმისის” თემატიკას გამოხატავდეს. არჩილ გურიელი- ჭყონია ემიგრაციაში 1921 წელს წავიდა, ჯერ ავსტრიაში, შემდეგ – საფრანგეთში, 1937 წლიდან კი ამერიკაში ცხოვრობდა. 1945-47 წლებში იყო ამერიკის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. ფართო საზოგადოების ყურადღება არჩილ გურიელ–ჭყონიამ კოსმეტიკის დედოფლად შერაცხულ და ერთ–ერთ უმდიდრეს ქალბატონ ჰელენა რუბინშტეინთან (1882-1965 წწ.) ქორწინებით მიიქცია. ჰელენა პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას “ჰელენა რუბინშტეინს” ფლობდა, რომელიც ამჟამად “ლორეალის” ჯგუფში შედის.