1 თებერვალი სიცილისა და განწყობის დიდოსტატის, ბრწყინვალე მსახიობის – იპოლიტე ხვიჩიას გარდაცვალების დღეა, მსახიობის, რომლის გამოჩენა საზოგადოებაში მხოლოდ სიცილსა და სიხალისეს იწვევდა. იპოლიტე ხვიჩიას მიერ შესრულებული პერსონაჟები დაუვიწყარია, მასზე მოგონებები კი მუდამ ღიმილით სავსე..იპოლიტე ამბობდა თურმე – როცა მოვკვდები, ჩემებს შეახსენეთ – ჩემი სურათი წინ არ გაატარონ – ხალხი სურათის დანახვაზე გაიცინებს, მე კი მინდა ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლითო..სიცილის დიდოსტატი შეცდა, იყოს მისი სურათიც, ბევრი ადამიანიც და ზღვა ცრემლებიც…თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე დიდ მსახიობთან დაკავშირებით სახალისო ისტორიას აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხალასი იუმორით სავსე დიდი კომიკოსის ცხოვრება.
“ერთხელ, გადაღების დამთავრების შემდეგ, იპოლიტე ხვიჩიამ გადამღები ჯგუფი ოჯახში მიიპატიჟა. მოილხინეს. სადღეგრძელოები, სიმღერები, ანეკდოტები ერთმანეთს შეუნაცვლეს. სუფრასაც ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე არ ეშვებოდა იპოლიტეს – “სულ ესაა, ამაზე დამიძახე?” შეწუხებული იპოლიტე მეუღლეს დაუძახებდა და ყურში ჩურჩულით ახალი კერძის შეკვეთას აძლევდა. “ხაჭაპუროვნაც” (ასე ეძახდნენ ქალბატონ ლუბას) ამატებდა და ამატებდა ახალ-ახალ “შემოქმედებას” მაგიდას, ეროსი კი არ ისვენებდა და დროდადრო ახსენებდა მასპინძელს “სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?!” ბოლოს იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს:
– ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი! (ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრს ერქვა)”
“იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო! სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია… სიყვარულიც არის და სიყვარულიც – ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის ფულის შემგროვებელი ადრე ბერდებაო, შვილო…”- უთხრა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დიდმა მსახიობმა შვილიშვილს…
კომენტარები
კომენტარი