28 იანვარს, კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს
1938-41 წლებში, კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქციის დროს, კონსერვატორიის დიდი დარბაზი აიგო, რომელიც 1942 წლის 28 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა და დაარსების დღიდან თბილისის საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა.
სხვადასხვა წლებში ამ დარბაზში კონცერტებს მართავდნენ და დღესაც გამოდიან მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები და აგრეთვე, ახალგაზრდა თაობის საერთაშორისო დონეზე აღიარებული მუსიკოსები.
1963 წელს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ”Alexander Schuke Potsdam-”ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანი აკურთხეს… მისი ტემბრული და რეგისტრული თავისებურებები დარბაზის აკუსტიკაზე იყო გათვალისწინებული. წლების მანძილზე მასზე უკრავდნენ ცნობილი ორგანისტები: ე. მგალობლიშვილი, ი. ბრაუდო, ლ. როიზმანი, ჰ. ლეპნურსი ვ. შეტელიხი, ჯ. გიიუ, რ. ენგსო, ჯ. დალტონი, ნ. როსტორნი, კ. ვადი.
80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, ათი წლით შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება. 1997 წლიდან იგი კვლავ იქცა დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად.
დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის, ხოლო მოძრავი სცენა და საორკესტრო ორმო საოპერო სტუდიის სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა. დიდ დარბაზს გააჩნია ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, ”Steinway & Sons” ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს.
დაარსების დღიდან, დიდი დარბაზის საკონცერტო ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესს (კონსერვატორიის სტუდენტების მონაწილეობა სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული) და ფილარმონიულ კონცერტებთან; კონსერვატორიის დიდ დარბაზში ტრადიციულად ტარდება ყოველწლიური ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, კამერული ანსამბლების ფესტივალი, ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე”, ჩასაბერ საკრავთა თბილისის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობენ თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოსები; საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსი, ფ. შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი, პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი. აგრეთვე ტარდება: მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი; კლასიკური და ხალხური შემოქმედების კონცერტები, ჯაზის საღამოები, სამხატვრო გამოფენები, წიგნის პრეზენტაციები.
დღეს საზეიმო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი სწორედ ამ დიდებულ დარბაზში გაიმართება და მასში მონაწილეობენ კონსერვატორიის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები.