ვიდეობლოგის სტუმარი ქართველი დირიჟორი და ფოლკლორისტი ქეთევან წიკლაურია. პროფესიით დირიჟორმა და საქართველოში რამდენიმე ანსამბლის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდების სამეფოში ჯერ ჰოლანდიელი მომღერლებისგან შემდგარი ანსამბლი „მერანი“ ივო ბოსვაიკთან ერთად ჩამოაყალიბა, რომლებიც ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს და აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ უკვდავ ნიმუშებს მღერიან (2018 წელს ანსამბლ ,,მერანს“ პირველი ტურნე საქართველოში ჰქონდა. წარმატებით გამართა სამი კონცერტი თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში). ცოტა ხნის წინ კი, ქეთევანმა მეორემ ანსამბლიც შექმნა სახელით ,,საქართველო“, რომელიც ასევე უცხოელებისგან დაკომპლექტდა და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ევროპას აცნობს.
ქეთევან წიკლაურმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო. ხელოვანი ამ წლების მანძილზე, საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტთა მუსიკალურ ანსამბლებს ხელმძღვანელობდა. მალე კიდევ ერთი ანსამბლის შექმნას გეგმავს ჰოლანდიაში, სადაც ნიჭიერ ბავშვებსა და მოზარდებს გააერთიანებს. 30 იანვარს ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში მისი მასტერკლასი გაიმართება.
,,საქართველო ჩემთვის ის ადგილია, რომელსაც ვერასოდეს დავტოვებ…” – ამბობს ინტერვიუში ქეთევანი, ამიტომაც ის წლებია ორ ქვეყანას შორის ცხოვრობს. როგორია მისი გზა საქართველოდან ნიდერლანდების სამეფომდე და რა სიახლეები იგეგმება უახლოეს მომავალში, ნახეთ ვიდეობლოგი.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"