საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა – აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა “აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართველოლოგიური კვლევები, საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა.

პროექტი ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის გრანტის” ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება №OTG-II-21-080).

სკოლის მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის  – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის – ისტორიის გააზრება შუა საუკუნეებიდან დღემდე, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება.

სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; 2. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 3. საეკლესიო პროცესები აფხაზეთში; 4. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 5. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. სასწავლო მოდულების ფარგლებში სკოლა მსმენელებს სთავაზობს: ლექციებს (ადგილობრივი და გასვლითი), დისკუსიებს (პანელურ და მრგვალი მაგიდის ფორმატში); სკოლის ლოგიკური დასრულებაა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

„სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ ცენტრის წამყვანი მეცნიერები და მოწვეული ქართველი და უცხოელი მკვლევარები.

სკოლის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. მონაწილეებს გადაეცემათ სკოლის დასრულების  სერტიფიკატები (სასწავლო კურსის საათების რაოდენობის მითითებით).

მონაწილეობის მსურველები შეირჩევიან საკონკურსო პირობების საფუძველზე.

პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას (მხოლოდ უცხოელი მსმენელები, რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლები), კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 01 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge..

სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საიტზე:   https://manuscript.ge/12919-2/“. – ნათქვამია სკოლის გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები