თეიმურაზ თოლორაია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) ჩაირიცხა
თეიმურაზ თოლორაია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) ჩაირიცხა. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
მათი თქმით, თეიმურაზი სწავლის გაგრძელებას პროგრამირების მიმართულებით აპირებს. შერჩეულ პროფესიაში სკოლის პერიოდიდანვე გამორჩეულ წარმატებას აღწევდა.
მას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOI) ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, ასევე წარმატებით ასპარეზობდა უმსხვილესი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შეჯიბრებებზე- Google Code Jam, Facebook Hacker Cup.
ამჟამად, იგი რამდენიმე რეიტინგული უნივერსიტეტიდან ელოდება პასუხს და საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს.
„თეიმურაზ თოლორაია არის:
კომაროვის სკოლაში არსებული მათემატიკისა და ინფორმატიკის წრის მასწავლებელი.
ჟაუტიკოვის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IZhO) მაქსიმალური ქულით პირველი ადგილის მფლობელი.
ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაში, ინფორმატიკაში (IZhO) ტრენერების ლიგაში ვერცხლის მედლის მფლობელი.
ინფორმატიკაში საქართველოს ეროვნული ოლიმპიადისა და ნაკრების შესარჩევი ამოცანების შემდგენელი და მტესტავი.
აკადემიური წარმატებების პარალელურად თეიმურაზი დაკავებულია ჭადრაკით, მაგიდის ჩოგბურთით. ასევე, აინტერსებს ეკონომიკური თეორიები და პოლიტოლოგია.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს თეიმურაზს!“, – ნათქვამია სკოლა-პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ Massachusetts Institute of Technology (MIT) მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიის დარგში. მრავალი წელია მსოფლიო უნივესიტეტების რეიტინგში პრესტიჟულ ადგილს იკავებს, რაც განპირობებულია სასწავლო პროგრამების ინოვაციურობითა და თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსით.