საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ( World Tourism Organization (UNWTO) აფილირებული წევრი გახდა. გენერალურმა ასამბლეამ წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 1 დეკემბერს, მადრიდში გამართულ რიგით 24-ე სესიაზე მიიღო. ამიერიდან, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ UNWTO-ს 500 აფილირებულ წევრთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ შესაძლო თანამშრომლობის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში გაწევრიანება, გასტრონომიული ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებში მხარდაჭერასაც გულისხმობს, რაც ქართული გასტრონომიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ამასთანავე, ტურიზმის სფეროში ცოდნის სრულყოფის მიზნით, ასოციაციის წარმომადგენლებს UNWTO-ს ელექტრონული ბიბლიოთეკის ბაზაზე სრული წვდომა ექნებათ.
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლები მადლობას უხდიან USAID Zrda Activity in Georgia-ს, UNWTO-ში გაწევრიანების პროცესში ხელშეწყობისთვის.UNWTO- გაეროს სპეციალიზებული ორგანო და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში. იგი ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას.ორგანიზაციაში 500 წევრია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, 3 საქართველოდან.