„მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ – თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა გაიხსნება
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“. გამოფენასთან ერთად გაიმართება იუნუს ემრეს პოეზიის ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
იუნუს ემრე თურქი ხალხის აღზრდილი უდიდესი სუფი, თურქული ენისა და ლიტერატურის ისტორიის თვალსაჩინო პოეტია. 1238 წელს დაიბადა ესქიშეჰირში და 1321 წელს ამავე ქალაქში გარდაიცვალა. იუნუს ემრეს პოეზიას საფუძვლად უდევს თითოეული ადამიანის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და ტოლერანტობა, განურჩევლად მათი წარმომავლობისა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შთაგონების წყარო სწორედ მისი ლექსებია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 25 მინიატურა. 2021 წელი იუნესკომ პოეტის გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით, იუნუს ემრეს წლად გამოაცხადა.
გამოფენა 30 ნოემბერს გაიხსნება და მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე გასტანს.