ეთნოლოგიური ფესტივალი “საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021” ბელგრადში გაიმართა

26 ნოემბერს, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში “საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021” გაიმართა. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ, სანდრა ბოჟიჩმა.

სერბეთში საქართველოს საელჩოს ოფისის ძალისხმევითა და ფესტივალის ორგანიზატორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამი ქართული მოდის სახლი, რომლებმაც სერბ აუდიტორიას ქართული ეთნო მოტივებით და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი კოსტუმები წარუდგინეს.

სპეციალურად ღონისძიებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლაში დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად შეიქმნა მუსიკალური რგოლი, ხოლო წარმოდგენა გაიხსნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ,1991 წელს დამოუკიდებლობის აქტის მიღებისას გაჟღერებული ისტორიული ფრაზით: “აღსრულდა ნება ქართველი ერის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.” ასევე, ნაჩვენები იქნა ცნობილი ქართველი ხელოვანის, ლადო გუდიაშვილის მიერ პირველი ქართული მოდის ჟურნალისთვის შექმნილი ესკიზების ვიდეო რგოლი.

საქართველოს საელჩოს ოფისის ინიციატივით, ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო ქართული კუთხე, სადაც გამოფენილი იყო ქართული ხელნაკეთი და ხელნაწერი კერამიკა, ქართული ტიხრული მინანქრის ნაკეთობები და ქართული სუფრა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს საელჩოს ოფისის სახელით გაიმართა საზეიმო მიღება, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტ სტუმარს ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცა. ღონისძიებას ესწრებოდა სერბეთის რ ესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე, ტამარა ვუჩიჩი, რომლის საპატიო პატრონაჟითაც ტარდება აღნიშნული ფესტივალი.

“ბელგრადის საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი” სერბეთისა და სტუმარი ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და თანამედროვე საზოგადოებაში მის შესახებ ცნობიერების ამაღლების იდეას ემსახურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები