მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

15 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, მესტიაში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, პირველად გაიმართება მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. კავკასიაში ეს მსგავსი თემატიკის პირველი ფესტივალი იქნება. ფესტივალზე შემოსული 2420 ფილმიდან შეირჩა 23 მოკლმეტრაჟიანი და 7 მთის თემატიკის ფილმი, რომელთაც მაყურებელი სხვადასხვა სექციაში იხილავს.

ფესტივალი 15 სექტემბერს, მერაბ კოკოჩაშვილის მთის თემატიკის ფილმით „მწვერვალი“ გაიხსნება, ფილმი კინოსტუდიამ „ქართული ფილმი“  ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით აღადგინა.

საერთაშორისო ჟიურის – წევრები – ნანა ჯორჯაძე, ბარბარა გასერი(ოქროს გლობუსის ჟიურის წევრი), ზვიად დოლიძე, ემილის ველივისი საუკეთესო ფილმებთან ერთად გამოავლენენ გამარჯვებულებს კინომუსიკისა და კინომხატვრობის ნომინაციაში. პრიზების დიზაინი და შინაარსი მთლიანად სვანეთის ისტორიასა და ბუნებაზეა აგებული.

ფესტივალი დაიხურება გიორგი მრევლიშვილის ფილმით „საქართველოს დაკარგული ხეობები“, რომელშიც მაყურებელი 20 – იანი წლების ამერიკელი მოგზაურის მიერ აღბეჭდილ კადრებს იხილავს.

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ა(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები