წაჩხურუ – უშვილო წყვილების შემწე ტაძარი სამეგრელოში
აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა!…უშვილო წყვილებს ხელში ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ ტაძარში, მათი რიცხვი 10-15 ათასამდეც აღწევს. მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია, სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს. წირვის შემდგომ კი აკვნებს აკურთხებენ.
და ნაკურთხი აკვანი შინ მიაბრძანებენ ,ეს უფრო ძველი ტრადიციული რიტუალია, აკვნებისკურთხევის ტრადიცია მონასტერში XV-XVI საუკუნიდან არსებობს.
ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა… სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.
წყარო: გიორგი ნიკოლავა ფოტო: გიორგი ნიკოლავა