ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვილნიუსისა და ვარშავის ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები – Georgian Bus და Omnibus Express 21:00-დან 5:00 საათამდე საცხოვრებელ მისამართებზე უფასოდ მიიყვანენ. 

გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენისა და გაფრენის საათები ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის – 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდს, ავტობუსები თბილისისა და ქუთაისისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ.  რაც შეეხება ბათუმს, მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე გადაიყვანენ.

ავტობუსით მგზავრობისას მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ავიაბილეთები, ხოლო მგზავრის თანმხლები პირის შემთხვევაში ასეთმა პირმა ერთჯერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზს – 144 (1).

თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს და საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება, ამ შემთხვევაშიც ერთჯერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზს – 144 (1).

უწყების ინფორმაციით, მგზავრთა რეგისტრაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე იწყება.

არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვნისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრები, რომლებსაც 37.5-ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შენობაში არ დაიშვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები