ყველიერის – მიტევების კვირა. სამოთხიდან ადამის განდევნის ხსენება – დიდი მარხვის აღება
მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო მარხვისათვის ემზადება. მისი ეს მზადება ყოველთვის გულისხმობს იმას, რომ მორწმუნემ მარხვა გააზრებულად უნდა დაიწყოს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა მორწმუნეს უნდა ესმოდეს მარხვის აუცილებლობა, უნდა იცოდეს რისთვის დაწესდა მარხვა და რატომ არის აუცილებელი ისეთი დიდი საეკლესიო დღესასწაულის შესახვედრად, როგორიც მაცხოვრის აღდგომაა.
ადამი ჯერ კიდევ სამოთხეში ყოფნისას ერთგვარ მარხვას იცავდა. მისთვის უფალს ნაბრძანები ჰქონდა მოევლო სამოთხისათვის (ანუ ადამიანი ჯერ კიდევ სამოთხეში შრომობდა) და არ ეჭამა იმ ხის ნაყოფი, რომელსაც ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა ეწოდებოდა. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ადამი და ევა თავიანთი შრომითა და მარხვით (რაც, როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ხის ნაყოფისაგან თავშეკავებას გულისხმობდა) უფალთან საუბრობდნენ. როგორც ვიცით, ღმერთთან საუბარს წმინდა მამათა ენაზე ლოცვა ეწოდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამი და ევა სამოთხეში შრომასა და მარხვასთან ერთად ლოცულობდნენ კიდეც. ეს იყო ის ლოცვა, რომელიც ღმერთამდე ადიოდა და უფალიც ეხმიანებოდა ჩვენს პირველმშობლებს. წმიდა წერილიდან ჩანს, რომ ღმერთი ადამსა და ევას სისტემატურად ეცხადებოდა და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ადამიანის დანიშნულება იყო და არის მაქსიმალურად დაუახლოვდეს ღმერთს ანუ, მიემსგავსოს მას. თითოეული ადამიანი ღვთის მსგავსების რეალიზებას უნდა ცდილობდეს მთელი ცხოვრება. ადამიცა და ევაც სწორედ ღვთის მსგავსებისაკენ მიილტოდნენ და ამას ლოცვით, მარხვითა და შრომით ახორციელებდნენ. შრომასთან, მარხვასთან და ლოცვასთან ერთად აუცილებელი იყო სიყვარულის უნარის ფლობა და განვითარება. აუცილებელი იყო ადამსა და ევას გულით ჰყვარებოდათ ერთმანეთი და რაც მთავარია, აუცილებელი იყო ორივეს მთელი არსებით ჰყვარებოდათ უფალი. ღმერთი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იღებდა იმ შემონაწირს, რომელსაც პირველი ადამიანი სამოთხეში სულიერ შესაწირავად სწირავდა უფალს (ვგულისხმობთ მარხვითა და შრომით უფლის სამოთხისეული მცნებების აღსრულებას). ყველაფერთან ერთად, ღვთის სიყვარული ადამიანს შემოქმედისადმი მორჩილებას, მამაშვილურ დამოკიდებულებას უვითარებდა, მორჩილება კი თავის მხრივ პირდაპირ უკავშირდებოდა თავმდაბლობას, ურომლისოდაც ღვთისთვის არანაირი ღვაწლი არ არის სათნო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოთხისეული მდგომარეობა იყო ადამიანების სიყვარული მოყვასისა და ღვთისა, შრომა (რომელიც სამოთხეში დაღლილობისა და იძულების გარეშე აღესრულებოდა), მარხვა, ლოცვა, მორჩილება და თავმდაბლობა. აქ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ელემენტის უგულებელყოფა ადამის სამოთხისეული მდგომარეობის დარღვევას გამოიწვევდა და ეს ასეც მოხდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი პირველმშობლები სამოთხეში ღმერთს ესაუბრებოდნენ და უფალიც, თავის მხრივ, ეხმიანებოდა მათ. სამოთხეში წარმოებული საუბარი ღმერთსა და ადამიანს შორის იყო სიყვარულის დიალოგი. ერთი მხრივ, ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამა, ისე ეხმიანებოდა თავის უსაყვარლეს ქმნილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანი, როგორც მოყვარული შვილი თავისი მშობლისა, სიყვარულითვე პასუხობდა ყოვლადსახიერი შემოქმედის გამოცხადებას. წმიდა მამათა განმარტებით, ადამი და ევა სამოთხეში არაფრის ნაკლებობას არ განიცდიდნენ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სისავსით ჰქონდათ ურთიერთობა შემოქმედთან. აღნიშნული ურთიერთობის გაგრძელება ერთადერთ რამეზე იყო დამოკიდებული – ადამიანს უნდა ჰყვარებოდა თავისი შემოქმედი და ამის კვალობაზე, მას უნდა შეძლებოდა ღმერთთან სიყვარულის დიალოგის გამართვა. დიალოგი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ გულისხმობდა არა მხოლოდ ორთა საუბარს, არამედ ურთიერთგაგებასაც.
როდესაც ადამის სამოთხისაგან განდევნაზე ვსაუბრობთ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას სწორედ იმას ვაქცევთ, რომ ამ დროს შეწყდა ღმერთსა და ადამიანს შორის სიყვარულის დიალოგი, სამოთხეში კი უამისოდ ადამი ვეღარ გაჩერდებოდა. ერთ დღეს ადამი და ევა დაცემული ანგელოზის მიერ ცთუნებულ-იქნენ. წმინდა წერილში წერია, რომ მათ აეხილათ თვალები, იხილეს თავიანთი სიშიშვლე და შერცხვათო. ამ სირცხვილის გასაქარვებლად ადამიანმა ხის ფოთლებით გადაწყვიტა სიშიშვლის დაფარვა (განსხვავებით დღევანდელი დღისაგან, როდესაც არანაირ სირცხვილს არ იწვევს ქუჩაში ნახევრად შიშველი გამოსვლა და ეს ზოგჯერ საამაყოდაც არის მიჩნეული). ბიბლია მიგვითითებს, რომ ღმერთი კვლავინდებურად გამოეცხადა ადამიანებს და მათ, რომლებისათვისაც ცოდვით დაცემამდე სასიხარულო იყო უფლის გამოცხადება, შეეშინდებათ შემოქმედისა და გადაწყვეტენ, დაემალონ მას. აქ ჩვენ ყურადღებას არ შევაჩერებთ იმაზე, თუ რაოდენ დიდი და საშინელი იყო ცოდვა პირველი ადამიანისათვის, რომელმაც გონება დაუბნელა მას და აფიქრებინა ყოვლისმცოდნისა და ყოვლისმხილველისაგან დამალვა. ჩვენ, უბრალოდ, იმას აღვნიშნავთ, რომ როგორც უწინ, ღმერთი ადამიანთან სიყვარულის დიალოგის გასაგრძელებლად იყო მოსული და ეს საუბარი მანვე დაიწყო. „ადამ, სადა ხარ?“ – (შეს. III, 9) ეკითხება ყოვლისმცოდნე შემოქმედი თავის უსაყვარლეს ქმნილებას. ცხადია, უფალმა იცოდა, ადამი სად იმყოფებოდა (ადამი ცოდვაშია), უბრალოდ ის ეხმიანება ადამს, რათა მან თავისი ზნეობრივი და გონებრივი დაცემა გაიაზროს და ჩაუფიქრდეს, თუ რა მდგომარეობაშია აღმოჩენილი. ღმერთმა სიყვარულით მიმართა ადამს, ახლა ადამის ჯერია. უფლის სიყვარულით სავსე შეხმიანებას მანაც სიყვარულით აღსავსე სიტყვები უნდა შეაგებოს, რომელიც, წმიდა მამათა ერთიანი მითითებით, დანაშაულის აღიარებისა და პატიების თხოვნით უნდა განხორციელებულიყო. ადამი კი არც უფიქრდება შემოქმედის სიტყვებს და მიუგებს, რომ შეეშინდა მისი მოსვლისა, რადგან შიშველი იყო და ამიტომაც დაემალა მას (შეს. III, 10). როგორც ვხედავთ, ადამმა ვერ შეძლო სიყვარულით მოსმენა ღვთისა. მასში ახლა მძრწოლვარე, არაჯანსაღი შიში ბატონობდა, რომელიც ცოდვის ნაყოფთა გამოვლინებას უწყობდა ხელს. ადამი ვერც სიყვარულით უსმენს უფალს და მით უფრო, ვერც სიყვარულით პასუხობს მას. მიუხედავად ამისა, უფალი ადამთან აგრძელებს სიყვარულის დიალოგს. ის ეკითხება ადამს, მას იმ ხის ნაყოფი ხომ არ უგემია, რომლის ჭამაც არ შეიძლებოდა. როგორ ცხადად ჩანს, რომ უფალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რამენაირად ადამმა დანაშაული აღიაროს და პატიება თხოვოს უფალს. შესაბამისად, ადამის სამოთხეში დარჩენა შესაძლებელი გახდეს. მაგრამ ადამს აღარ შეუძლია იმ დიალოგის წარმოება უფალთან, რომელსაც აქამდე სიყვარულით აღსავსე ახორციელებდა. „შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან შემაცდინაო“, აღნიშნავს ადამი (შეს. III, 12), რითაც თითქოს არა მხოლოდ ევას, არამედ უფალსაც აყვედრის თავის დანაშაულს. ანუ უბრალოდ ევამ, ადამისათვის უსაყვარლესმა ადამიანმა კი არ შეაცდინა ის, არამედ იმ დედაკაცმა, ღმერთმა რომ მისცა. წმიდა მამები ადამის ამ პასუხში სწორედ ამ ყვედრებას ხედავენ. ადამმა, უბრალოდ, ევასაკენ კი არ გაიშვირა ხელი, არამედ უფალს კადნიერად მიუგო: შენმა მოცემულმა შემაცდინაო. როგორც ვხედავთ, ადამს აღარ ესმის მოყვარული მამის სიტყვებისა და ამიტომაც, ვერც სიყვარულით იძლევა პასუხს. ამით უშუალოდ ადამსა და უფალს შორის სამოთხეში წარმოებული სიყვარულის დიალოგი შეწყდა. წმიდა წერილი მიგვითითებს, რომ ამის შემდეგ ღმერთი ევას მიმართავს, რათა ამით მაინც შეძლოს დარღვეულის აღდგენა, თუმცა ევასაგან უფალი ასევე ხისტ პასუხს მიიღებს. ევაც ვერ მიხვდება, ვერ გაიშინაარსებს, ვერ მოუსმენს უფლის სიყვარულით სავსე სიტყვებს და ისიც, იმის მაგივრად, რომ დანაშაული აღიაროს, სხვაში დაიწყებს დამნაშავის ძებნას.
როგორც ვხედავთ, პირველმა ადამიანებმა ვერ შეძლეს ღმერთთან სიყვარულის დიალოგის წარმოება. ჩავუკვირდეთ, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის ცოდვით დაცემის შემდეგ დიალოგი კვლავაც მიმდინარეობს. ანუ ეკითხება ღმერთი და პასუხობს ადამიანი. ე. ი. მაინც ხდება ორთა საუბარი, მაგრამ ეს საუბარი ახლოსაც ვერ დადგება იმ ურთიერთობასთან, რაც იყო ცოდვით დაცემამდე სამოთხეში. ცოდვით დაცემამდე ადამიანსა და ღმერთს შორის სიყვარულის დიალოგი წარმოებდა, ხოლო ცოდვის დაცემის შემდეგ, უბრალოდ დიალოგი და ისიც ძალიან სუსტი, აბსოლუტურად მოკლებული იმ შინაარსს, რომელიც აქამდე ორთა ურთიერთობაში ფიქსირდებოდა.
სიყვარულის დიალოგის შეწყვეტამ ადამის სამოთხიდან განდევნის აუცილებლობა მოიტანა. ყოვლად წარმოუდგენელი იყო სამოთხეში ყოფნა და ღმერთთან უსიყვარულო დამოკიდებულება. ეს უკვე აღარ იყო სამოთხე. სამოთხისეული მდგომარეობის განმსაზღვრელ ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტთაგან დაირღვა აბსოლუტურად ყველა და, მათ შორის, უწინარესი – სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. შესაბამისად, ადამიანს ესმა პირველი განაჩენი, რომელიც მას ცოდვით დაცემის შემდგომ გამოუტანა ღმერთმა. მან სამოთხე უნდა დატოვოს და გარკვეული დროის შემდეგ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვის წილ, სიკვდილის გემო უნდა იგემოს. „ჰოი, შენ, სულო ჩემო, უბადრუკო, სამოთხის მემკვიდრ-იყავ, ტკბილსა მას საშუებელსა და გიბრძანა უფალმან ხისა მის არა ჭამად, რაისათვის გარდახედ მცნებასა მას სახიერისასა?“ – გალობს წმინდა ეკლესია ყველიერის კვირის ცისკარზე. სწორედ ეს კითხვა უნდა ყოფილიყო კაცობრიობის საფიქრალი მანამ, სანამ მოვიდოდა ის, ვინც ადამიანის ცოდვებს იტვირთავდა და მას ჯვარზე მიამსჭვალავდა. ადამისა და ევას მაგალითმა გვიჩვენა, რომ ღვთის შეწევნის გარეშე წარმოუდგენელია სიყვარულის დიალოგის აღდგენა. სწორედ ამიტომაც, ამ შეწევნისათვის განკაცდა ბეთლემში ჩვენი მაცხოვარი, ამისათვის გახდა ღმერთი კაცი, რათა გოლგოთაზე დაედო ახალი დასაბამი ახალი სიყვარულის დიალოგისათვის. სწორედ ეს არის ის დიდი მოვლენა, რომელსაც წლითი-წლად აღნიშნავს დედა ეკლესია, ეს არის აღდგომა უფლისა, ეს არის გამარჯვება სიცოცხლისა, ეს არის გაგრძელება შეწყვეტილი სიყვარულის დიალოგისა.
როდესაც დედა ეკლესია უშუალოდ მარხვის წინა დღეს ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენებას აწესებს, ამით ის თავის შვილებს მოუწოდებს, რომ ისინი მარხვის წინ ჩაფიქრდნენ, თუ რას ნიშნავს ღმერთთან ჭეშმარიტი ურთიერთობა და რის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს ის. ეკლესია ქრისტეს მორწმუნეებს ამ დღეს მოგვიწოდებს, ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს, ძალგვიძს კი უფალთან სიყვარულის დიალოგის წარმოება? აუცილებელია უფალთან სიყვარულის დიალოგისათვის ადამიანი განეშოროს ცოდვას და შეიყვაროს უფალი. ამისათვის კი, მარხვა და ლოცვა უსწავლებიათ ჩვენთვის წმიდა მამებს. სწორედ მარხვაა ის აუცილებელი პირობა საიმისოდ, რომ ჩვენ შევძლოთ ვნებებზე მაღლა დადგომა და შევძლოთ სიყვარულით შევეხმიანოთ უფალს. სიყვარულით მივმართოთ მას, რომელიც გოლგოთაზე, სიკვდილის წინ, უდიდესი დამცირების ჟამს, მაინც ლოცავდა იერუსალიმს. ეს იყო ადამიანისათვის კვლავ შეხსენება იმისი, რომ უფალი მარადის სიყვარულით გვეხმიანება და ელოდება, როდის მივმართავთ ჩვენ მას სიყვარულითვე: „ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, მოიხილე ჩემ ზედა, მოუგონებელითა მით წყალობითა შენითა და ნუ შორს-მყოფ მე ედემისაგან, რათა ვპოვოთ დიდება იგი, რომელი წარვჰსწყმიდე.“
წყარო: გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №8, 2006 წ.თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი გიორგი გვასალია