საქართველო საერთაშორისო პროექტ DigiEduHack–ის საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონს შეუერთდება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 12-13 ნოემბერს გაიმართება საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი- Georgia – Educational Games Hackathon, რომელიც საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში ხორციელდება.
DigiEduHack არის EIT(ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი)-ის ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიების მიზანია განათლებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა. წელს მის მთავარ ეტაპს გერმანიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს.
კორონავირუსის პანდემიის გამო ჰაკათონი ონლაინ რეჟიმში გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.
მისი მიმდინარეობისას მონაწილეები შექმნიან საგანმანათლებლო თამაშებს და გამოიგონებენ ამოცანების გადაჭრის ორიგინალურ გზებს. ადგილობრივი ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს მიეცემა შესაძლებლობა, თავისი იდეა DigiEduHack–ის ოფიციალურ საიტზე წარადგინოს. ამ პროექტს საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. საბოლოოდ გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება.
ამჯერად მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ, როგორ უნდა მოხდეს თამაშების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ვინაიდან აღნიშნული მიმართულება ამარტივებს დისტანციური სწავლების მეთოდს და ხელს უწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ვინაიდან გუნდებმა იდეა DigiEduHack–ის ოფიციალურ საიტზე უნდა წარადგინოს.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 8 ნოემბრამდე.