170 გადარჩენილი სიცოცხლე
ქართველმა მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში 170 მოქალაქე გადაარჩინეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე 38 დაკარგული ბავშვი იპოვეს.
„აგვისტოში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის 4-ბალიანი შტორმის დროს – 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს – შტორმის დროს და არაფხიზელ მდგომარეობაში არ შევიდნენ წყალში, ბავშვები სანაპიროზე უყურადღებოდ არ დატოვონ.
სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა მთლიანობაში 346 მოქალაქე გადაარჩინეს.