“წერილები გზიდან… ჩემი ეზო” – ეკა ოთარაშვილი 

პორტალი „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის – „წერილები გზიდან“ ატარებს, პირველი საკონკურსო თემა “ჩემი ეზოა”.  

კონკურსისათვის ჩანახატების მიღება 6 ივლისს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ექვსეული შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი  3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევთ, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 10 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემათ. 

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ეკა ოთარაშვილიგვიზიარებს საკუთარ “წერილს გზიდან” თელავური ეზოს განსაკუთრებული კოლორიტის შესახებ: 

” თელავში, იტალიურ ეზოში ცხოვრობდა.

ძალიან უყვარდა ჩუქურთმებიანი აივნებით შემორიგებული სახლები თავისი ფილაქნიანი ეზოთი. მის შუაგულს ბუნებრივი წყალი და ტირიფის ხე ამშვენებდა. (ტირიფი რომ გადატყდა, მის ადგილას ერთმა კეთილმა კაცმა  კაკლის ხე დარგა.)

ეზოს მარჯვენა კუთხის შემაღლებულ ადგილას, ნუშის ბებერი ხე იდგა თავდახრილი. ბევრი ისტორიის მომსწრე და მნახველი.

ღამეს, ნუშის ხესთან, ყოველთვის წუხილი მოჰქონდა ნამთვრალევი სახლიდან, სადაც ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობდა. ეს ოჯახიც მის თვალწინ შეიქმნა და გამრავლდა.

ნუშის ხე, ტკივილიანი სინანულით უყურებდა პატარა დედას თავისი პატარა შვილით და მათზე დარდით, ბებერი თვალებით სივრცეს მზერას უშტერებდა. მას არაფერი შეეძლო, მარტო განიცდიდა ყოველივეს და თავისი უმწეობაც სტკიოდა.

ერთ ღამესაც ვეღარ გაუძლო მთვრალი სახლის ბობოქრობას, დედის და შვილის შიშისგან  შეკივლებას და უმწეობისაგან, საკუთარ ტოტებზე თავი ჩამოიხრჩო.

ეზოში ყველამ მალე დაივიწყა ბებერი ნუშის ხე, გარდა ახალგაზრდა დედის. მას იმ დღიდან, უფრო მოემატა სევდა და დარდი…

იტალიურ ეზოში ისმოდა მეზობლების გადაძახილ-გადმოძახილი. ერთიანობა, სიწრფელე და სიყვარული იყო ეზოში დამკვიდრებული. მუსიკის მასწავლებლის სახლიდან ყოველი დღე, ვიოლინოს ნაზი ხმა გამოდიოდა, რასაც ზოგჯერ საყვედურის სიტყვები მოჰყვებოდა, ნოტების არასწორად აღების გამო. ,,გადამყიდველდანგადაპრაჟული ხალხი მიდი-მოდიოდა. მეზობლები ერთმანეთს აწვდიდნენ გაკეთებულ სასუსნავს. სომეხ აშხენას გაკეთებული ბლინების სუნი ხომ მადას ააღერღეტებდა. ქუთაისელი მარუსა, მზესუმზირას რომ დაშუშავდა, ეზოს ბავშვები, ხელში „აბაზიანებით“ გარბოდნენ. სხვადასხვა ზომის ხის ჭიქები ჰქონდა და ისე როგორ იქნებოდა, ცოტა არ წაემატებინა თავის „ანგარიშზე“.

დიდი და პატარა, ერთიანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ერთი ჰქონდათ სიტკბოც და სიმწარეც. ყველა თავის გვარით იწონებდა თავს. გოძიაშვილები, ცერცვაძეები, ფირანიშვილები, ჩიკვაიძეები, მარქაროვები, მსუქნიშვილები… ყველაზე გრძელი და ლამაზი აივნიანი სახლი ესიტაშვილებისა იყო. ქალბატონი ნინა ბანკში მუშაობდა. მოხუცებულობის მიუხედავად სამსახურიდან არ უშვებდნენ, ჯერ კიდევ ბევრის სწავლა შეიძლება მისგანო.

მისი ქალიშვილი ციური, ორმოცდაათ წელს გადაცილებული, ქალაქის არქიტექტორად მუშაობდა. საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. ჰქონდა მთელი სამყარო მეგობრების, მათი შვილების და შვილიშვილების. ეს სამყარო უშველებელ სიყვარულს იტევდა, თავისი ვალდებულებებით, რომლის დედაც ციური იყო. ამ სამყაროს „ციურეთი“ შეარქვეს და ყველა აქ მოეშურებოდა, როგორც სავანეში.

ციური, ბედნიერი იყო თავისი გაღებული სიკეთით და უფრო მეტად ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც  გამჭვირვალე „ციურეთში,“ მის „შვილებს“ ერთმანეთი უხაროდათ, უყვარდათ, ადარდებდათ და ენატრებოდათ.

მშობლების შემდეგ, თუ მისი დიდი ,,სკოლა“ გქონდა გავლილი, ეს  ნიშნავდა, რომ კიდევ გაიზარდე.

ყველას უნდოდა „ციურეთის“ სამყაროს ნაზიარები ყოფილიყო. ეს ის სამყარო იყო, სადაც ყოველი დღე, ცხოვრების თითო ნამდვილ გაკვეთილს სწავლობდი.

 ციური იყო სათნოება. არა მიზეზი, არამედ საშუალება ანუ სიმპტომი.

 არსებობს ადამიანი, რომელიც შენში შემოაღწევს, დატოვებს უამრავ დადებით მუხტს და უარყოფითს კი გაგაცლის საკუთარის ხარჯზე. წამოიკიდებს თავის მხრებზე და მერე, ვითომ, აქაც არაფერიაო, მზესავით ზევიდან, ცის კიდედან გადმოგხედავს კმაყოფილი, შენი გამოდარებით.”

ეკა ოთარაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები